50 წლის წინათ, 1966 წლის 28 ივლისს უემბლის სტადიონზე შედგა საფეხბურთო მატჩი პორტუგალიისა და სსრ კავშირის გუნდებს შორის, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, ვინ დაიკავებდა მესამე ადგილს მერვე მსოფლიო ჩემპიონატში. ამ მატჩში ბრინჯაოს მედლებისათვის ბრძოლაში პორტუგალიის ნაკრებმა გაიმარჯვა ( 2:1), მაგრამ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს ეს მატჩი პირველ რიგში ახსოვთ და ეამაყებათ იმის გამო, რომ მასშისამი ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობდა – მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა და სლავა მეტრეველი. დღეს ამ მატჩს ფართოდ ეხმაურებიან და იხსენებენ სოციალურ ქსელშიც. ქართველებმა შესანიშნავად ითამაშეს, მაგრამ მოხდა საბედისწერო შემთხვევაც, რომელსაც დღემდე სხვადსხვაგვარად ხსნიან გულშემატკივრები – ხურცილავამ ხელით სცადა ბურთის მოგერიება თუ ბურთი თავად მოხვდა ხელზე.
,, დღეის დღესავით მახსოვს ეს ბრწყინვალე თამაში. ბესკოვმა პირველად გამოიყვანა სამივე თბილისელი ერთად, რამაც გაამართლა და ნაკრებმა უკეთ ითამაშა, ვიდრე წინა ოთხ შეხვედრაში. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აი რა მოხდა: ხურცილავას წინა ღამეს დასიზმრებია, რომ ხელით ითამაშა და პენალტი აჰკიდა გუნდს. მძიმე ბორგვაში გამოღვიძებია და მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონია, რომ ეს სიზმარი გამოდგა. მთელი დღე სიზმრის შთაბეჭდილების ქვეშ ყოფილა და ყველას მოუყვა თურმე იგი… და აჰა, თამაშის დასაწყისშივე, მეათე წუთზე, უმარტივეს ვითარებაში ხელით ითამაშა და ეუსებიომ აუღებელი პენალტი დაურტყა იაშინს. ინტერნეტში არის ეს ფრაგმენტი. რამდენჯერ ვნახე და აშკარად ჩანს, თითქოს განგებ ითამაშაო ხელით. რა თქმა უნდა, სიზმრის ბრალი იყო! ‘’ წერს ინტერნეტმომხმარებელი.
თავად მურთაზ ხურცილავა წლების შემდეგ ასე იხსენებდა ამ მატჩს და საერთოდ მსოფლიო ჩემპიონატს:
მოროზოვმა სანდრო მაცოლას მეურვეობა დამავალა. ამ იტალიელ თავდამსხმელზე ახალს ვერაფერს გეტყვით, ყველამ კარგად იცის, რა დონის ფორვარდი გახლდათ, ნაკლის დანახვა მის თამაშში შეუძლებელი იყო. მაცოლას ამოკეტვა მოვახერხე, სუხიშვილების ქომაგობითაც უფრო თამამად ვვრძნობდი თავს მოედანზე.
იტალიას პირწმინდად ვაჯობეთ და ისე მოვუგეთ 1:0. ქართველებიდან მხოლოდ მე ვითამაშე. იაშინი უკვე მომჯობინებული იყო და კარშიც ის იდგა. სიჭინავა კი ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. რაც შეეხება სლავას, მოროზოვმა ისევ არ ათამაშა. მწვრთნელი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე უფრო ჩისლენკოს ანიჭებდა უპირატესობას. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ორივეს ვათამაშებდი. სლავა მეტრეველი გუნდში გყავდეს და არ ათამაშო – ეს უხერხული მომენტი იყო. ჩისლენკოც ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, იტალიური "კატენაჩო" მოარღვია და დიდებული გოლი გაიტანა.
ჯგუფში ბოლო თამაში ჩილესთან გვქონდა. ორი მოგებით უკვე გასულები ვიყავით მეოთხედფინალში და მწვრთნელმა ჩილესთან დასვენების საშუალება მომცა, ჩისლენკოს ნაცვლად კი მეტრეველი ათამაშა. სლავას ჩაგდებული მატჩი მე არ მახსოვს და ჩილესთანაც მშვენივრად ითამაშა. სამხრეთამერიკელებს 2:1 მოვუგეთ, ორივე გოლი ვალერი პორკუიანმა გაიტანა.
მეოთხედფინალში უნგრეთი გველოდა. უნგრელებს მართლაც დიდებული გუნდი ჰყავდათ, ჯგუფში ტოსტაოს და გარინჩას ბრაზილიას 3:1-იც კი მოუგეს. ფერენც ბენე, ფლორიან ალბერტი…უნგრეთის ნაკრებში არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელი თამაშობდა.
თამაშის წინ მოროზოვმა ალბერტის წინააღმდეგ თამაში დამავალა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, თამაშის დღეს, დილით კი აღმოჩნდა, რომ მუხლი გასიებული მქონდა.
საგონებელში ჩავარდი, სერიოზულად არ დავშავებულვარ და უცბად ასეთი ამბავი. აღმოჩნდა, რომ მუხლში სითხე მქონდა ჩამდგარი და რა თქმა უნდა, ჩემი უნგრეთთან თამაში გამოირიცხა. ტრავმირებული იყო სიჭინავაც. მოროზოვმა გაბედა და ვალერი ვორონინი ათამაშა, ვისაც მართლაც უნივერსალური თვისებები ჰქონდა. ვორონინმა უნგრეთთან ისე ითამაშა, რომ ყველა დაჩრდილა. 2:1 მოვიგეთ, გოლები ჩისლენკომ და პორკუიანმა გაიტანეს.
ნახევარფინალში გასვლა უკვე ძალიან დიდი მიღწევა იყო. მეტოქე ძალიან სერიოზული გვყავდა – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები. მე და სიჭინავას ისევ გვაწუხებდა ტრავმა და ვერ ვითამაშეთ.
საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ასეთ ძლიერ მეტოქეს თამაშით არაფერი არ დაუთმო. გერმანელთაგან გოლები ჰელმუტ ჰალერმა და ფრანც ბეკენბაუერმა გაიტანეს და 1:2 წავაგეთ, არადა, იაშინს ორივე ბურთის მოგერიება მართებდა. ბეკენბაუერმა საკმაოდ შორი მანძილიდან გაიტანა, გარე ტერფით მოჭრილი ბურთი დაარტყა.
მერწმუნეთ, ჩვენი გუნდი გერმანელებთან უშანსოდ ნამდვილად არ იყო. ყველაფერი მაინც ჩისლენკოს გაძევებამ გადაწყვიტა, მას კარლ-ჰაინც შნელინგერი ეთამაშა უხეშად, ჩისლენკომ ეს ვერ აიტანა და მეტოქეს უხეშობაზე მოურიდებლად უპასუხა. ბეკენბაუერი, ოვერატი, ზეელერი, ემერიხი… ასეთებთან კიდევ კაცნაკლული რომ დარჩები, როგორღა უნდა მოიგო?!
მესამე ადგილისთვის მატჩი პორტუგალიასთან გვქონდა. მოროზოვმა დაცვაში ალბერტ შესტერნიოვის ნაცვლად ალექს კორნეევი გაამწესა. მე და სიჭინავა გამოვჯანმრთელდით და მოედანზე ვიყავით. დისკვალიფიცირებული ჩისლენკოს მაგივრად კი სლავამ ითამაშა.
მწვრთნელმა ბოლო მომენტში პორტუგალიელთა ახმახი ფორვარდის, ჟოზე ტორესის ამოკეტვა დამავალა,არადა მანამდე მეუბნებოდა, ეუსებიოს წინააღმდეგ უნდა ითამაშოო და მეც ამისთვის ვემზადებოდი.
პირველი ტაიმი არც თუ დიდი ხნის დაწყებული იყო, ჩვენს საჯარიმოში რომ ჩააწოდეს ბურთი, ავხტი და უნებლიედ ხელზე მომხვდა ის. მე ასეთი ჩვევა მქონდა – როცა მაღალ ბურთზე ვხტებოდი, ხელებს ზევით ვწევდი და როგორც ჩანს, ამის ბრალი იყო ყველაფერი. მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა და ეუსებიომაც დააწინაურა პორტუგალია.
საშინლად დავითრგუნე, საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი ყველაფერ ამას. შესვენებამდე ძლივს მივიტანე თავი. გუნდის კაპიტანმა იაშინმა გვერდზე გამიხმო და ცალკე დამელაპარაკა, მითხრა, ეს ვის არ მოსვლიაო, მოკლედ, ყველანაირად შეეცადა ჩემს გამხნევებას და ეს მართლაც მოახერხა. იაშინის სიტყვები ჩემთვის მწვრთნელის შეგონებებზე უფრო მეტი აღმოჩნდა.
მეორე ტაიმშიც თავს უკვე მხნედ ვგრძობდი, რიხიანად შეუტიეთ პორტუგალიას. ეუსებიო უკან ხშირად იხევდა, სულ იმას ცდილობდა, ბურთი მიეღო და თამაშში ჩართული ყოფილიყო, მაგარი იყო, მარჯვენა ფეხით ძალიან ძლიერი დარტყმა ჰქონდა, კორნეევმა მის წინააღმდეგ მაინცდამაინც კარგად ვერ ითამაშა.
ანგარიში გავათანაბრეთ – გოლი სლავამ გაიტანა. ზოგიერთ ცნობარში ეს გოლი მალოფეევს მიაწერეს, მაგრამ მასე არ ყოფილა – მეტრეველმა რომ დაარტყა, მალოფეევმა ბურთზე ფეხი გაწია, თუმცა არ შეჰხებია.
საბოლოოდ, პორტუგალიასთან 1:2 წავაგეთ და ბრინჯაოს მედლებს დავჯერდით. რომ არა ის პენალტი, ალბათ დავამარცხებდით მეტოქეს.
ჩემპიონი კი ინგლისი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას ჩინებული გუნდი ჰყავდა და ბახრამოვმა ერთობ საკამათო გოლი ჩაუთვალა ინგლისს, ჩემპიონობას მაინც უფრო ტურნირის მასპინძლები იმსახურებდნენ. გორდონ ბენქსი, ბობი მური, ბობი ჩარლტონი, ჯეფ ჰერსტი… ეს მათი მოსაგები ჩემპიონატი იყო.
გულდასაწყვეტია, მესხი რომ არ წაიყვანეს ამ მუნდიალზე, ეს მწვრთნელის შეცდომა იყო, მესხი უდაოდ დიდ სარგებლობას მოუტანდა ჩვენ გუნდს…