თვით პრეზიდენტსაც აშანტაჟებენ? გიორგი მარგველაშვილი: ,,ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით ზეწოლის მცდელობა”

0
381
გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე სკანდალური განცხადება გააკეთა:   " საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია ჩემთვის  გასაკვირი არ აღმოჩნდა – ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით ზეწოლის მცდელობა," – განაცხადა პრეზიდენტმა. 
ბრიფინგი გაიმართა ს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მარგველაშვილის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილმა მას მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა მედიისათვის პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე მოსამართლეების მიმართ ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხო ასევე იმას, რომ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცველი უწყებების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. 
„უფრო დეტალურად გვქონდა საუბარი იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რა ფორმითაც ხორციელდებოდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, ეს არის შემაშფოთებელი ფაქტები. ვისაუბრეთ ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რეაგირების გარეშე იყო ჩვენი წერილობითი მიმართვები როგორც მთავარი პროკურატურისგან, ასევე შს სამინისტროსგან. მათ პასუხი საერთოდ არ გაგვცეს. ჩვენ პირდაპირ ეთერშიც გავეცით რამდენიმე ფაქტის შესახებ ინფორმაცია, რომელზეც არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ასე რომ, იმედი იმისა, რომ ადეკვატური რეაგირება იქნება, არ არსებობს. სწორედ ეს გვინდა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაიზიაროს და ერთად მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება მოხდეს ადეკვატური რეაგირება და მოსამართლეს ჰქონდეს საშუალება მშვიდ ვითარებაში განახორციელოს თავისი საქმიანობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა. 
 
მისი თქმით, ის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც გეგმავს, რასთან დაკავშირებით დაპირება თავად გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო. 
 
„მაშინ, როდესაც ვისაუბრე ამ ფაქტების შესახებ, გამოვთქვი სურვილი და მზადყოფნა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის, მათ შორის პრეზიდენტთან. მადლობელი ვარ, რომ მან გამონახა საშუალება შეხვედრის, ასევე სატელეფონო საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ვთხოვე, რომ მზად ვიყავი შეხვედრისთვის. ის დამპირდა, რომ როგორც კი მოიცლიდა, დამიკავშირდებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა. 
 
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მედიასთან საუბრისას კვლავ თავი შეიკავა მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე, ასევე მის განმახორციელებლებსა და ადრესატებზე საუბრისგან.

წინა სტატიარატომ არ იბარებენ აუდიტის სამსახურში პრემიერ-მინისტრს, რომელიც დევნილებს სახლების გადაცემას ჰპირდება?
შემდეგი სტატიაპოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია ციხიდან გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური