ერევანში ხალხმა პოლიციას ქვები დაუშინა. ,, დაუშვებელია ,,სასნა ძრერის“ ჯგუფის წევრების მოხსენიება ტერორისტებად, ეს ნიშნავს, რომ სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობა ტერორისტია” – აცხადებს სომხური ოპოზიცია

0
383
ოთხი პოლიციელი დაშავდა შეტაკებაში, რომელიც გუშინ  მოხდა ერებუნის პოლიციის შენობის გარე პერიმეტრზე, იქ გამაგრებულ მეამბოხეებთან ხალხის შეღწევის მცდელობისას. პოლიციელები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათ დაზიანებები ხალხის მიერ ნასროლი ქვებითა აქვთ მიყენებული. 
 
ხელისუფლებასთან დაახლოებული სომხური მედიის ცნობით, ეს იყო რამდენიმე ათეული ადამიანისაგან შემდგარი აგრესიული ჯგუფი, ოპოზიციური მედიის ცნობით კი, რამდენიმე ასეული, რომელიც მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობით გაემართა ქალაქის ცენტრიდან ინციდენტის ადგილისაკენ ხელისუფლების შესაძლო სისხლიანი ოპერაციის აღსაკვეთად.
 
,,მოქალაქეები ცდილობდნენ შემოვლითი გზებით შეეღწიათ შენობაში, მაგრამ სამართალდამცავებმა, რომელთაც ალყაში აქვთ მოქცეული ტერიტორია, წინააღმდეგობა გაუწიეს მათ, რის შემდეგაც ხალხმა ქვები დაუშინა პოლიციელებს.’’  – ამბობს სომხეთის პარლამენტის დეპუტატი, ოპოზიციური ფრაქციის ,,სომხეთის ეროვნული კონგრესი“ წევრი ნიკოლ პაშიანი.
 
ინციდენტის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე  შენობიდან სროლის ხმები გაისმა, როგორც ირკვევა, იქ გამაგრებული მეამბოხეები ჰაერში   ისროდნენ პოლიციის უხეში ქმედების  წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად., რამაც კიდევ უფრო აააღელვა ხალხი, 
 
ადრე პოლიციამ ნ. პაშიანს  ორ ჟურნალისტთან ერთად უფლება მისცა შესულიყო მემაბოხეთა მიერ გამაგრებულ შენობაში, რათა თავიანთი თვალით დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ პოლიციას რაიმე აქტიური ქმედება არ განუხორციელებიათ მეამბოხეთა წინააღმდეგ და გაეფანტათ ხალხში გავრცელებული ჭორები, რომ პოლიციამ ამოხოცა ამბოხებულთა ნაწილი.  ერევნის პოლიციის ხელმძღვანელი აშოტ კარაპეტიანი ირწმუნება, რომ ამ აქციით ,,პროვოკატორები შეეცადნენ დაეძაბათ სიტუაცია.’’ 
 
შენობის გარეპერიმეტრზე კი ხალხის რაოდენობა იზრდება. ნაწილი ხელისუფლების მიერ არის მიყვანილი, ნაწილი კი გულით თანაუგრძნობს შენობაში გამაგრებულ მეამბოხეებს, რომელთაც ცალსახად სომხეთის პატრიოტებად აღიქვამს და ცდილობს დაიცვას ისინი ხელისფლების მხრიდან ანგარიშსწორებისაგან. მით უფრო, რომ მთელ სომხეთში გავრცელდა ხმები, რომ  შენობის ასაღებად ერევანში მოსკოვიდან  ჩაყვანილია სპეცდანიშნულების ჯგუფი ,,ალფა’’ 65  კაცის შემადგენლობით.  ამ ინფორმაციის წყარო გახდა მეამბოხეთა ერთერთი ხელმძღვანელის ვარუჟან ავეტისიანის მიერ ტელეარხ ,,გალას’’ ეთერში  გაკეთებული განცხადება, თუმცა ერევნის პოლიციის უფროსი კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს  და აცხადებს,  რომ ,,ალფა'' ერევანში არავის ჩაუყვანია და საერთოდ შენობაზე შტურმი ხელისუფლების მიზნებში არ შედის. 
 
ოპოზიციური მედია და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ დაუშვებელია ,,სასნა ძრერის“ ჯგუფის წევრების მოხსენიება ტერორისტებად. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოწყდა საკუთარ ხალხს და არ ესმის მისი. 
,,ეს არ არის სწორი. უბრალოდ, ვისაც არ უნდა ჰკითხო, გიპასუხებთ, რომ  ადამიანებს აღარ სურთ დასჯერდნენ პოლიტიკურ ყბედობას. ისინი ამბობენ, რომ იარაღის აღების დროა. რა გამოდის – სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობა ტერორისტია? სერჟ სარგისიანის პოლიტიკამ იმდენს ,,მიაღწია’’, რომ ხალხის უდიდესი ნაწილი პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტის ერთადერთ გზად შეიარაღებულ წინაღმდეგობას ხედავს. ძალიან მეეჭვება ხელისუფლებას ჰქონდეს უნარი ადექვატურად შეაფასოს პოლიტიკური კონტექსტი და გაიაზროს სიტუაციის სერიოზულობა. – ამბობს დეპუტატი პაშიანი. 
 
ამასობაში კი ხალხი მიტინგს მიტინგზე აწყობს ერევნის სხვადსხვა უბნებში და პირდაპირ მხარდაჭერას გამოხატავს შენობაში გამაგრებულთა მიმართ. ისინი მოითხოვენ პოლიციისგან უარი თქვას ,,სასნა ძრერის“ ჯგუფის წევრების მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე, გაიყვანონ შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან იქ მეამბოხეებზე ზემოქმედებისათვის ძალით მიყვანილი ხალხი, რომელთა შორის არიან შენობაში მყოფთა ახლობლებიც, შეწყვიტონ დაბარებები პოლიციაში და დაკავებები  (სხვათა შორის  18 ივლისს დააკავეს სამი ქალიშვილი, რომელთაც მიტინგზე მეამბოხეთა მხარდამჭერი პლაკატები ეჭირათ, ორი მათგანი ,,შემთხვევით“ ორგანიზაცია ,,დამფუძნებელი პარლამენტის“ წევრის კარო ეგნუკიანის ქალიშვილი აღმოჩნდა).
შენობაში გამაგრებულთა და პოლიციას შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.  უცვლელი რჩება შენობაში გამაგრებულტა ძირიტადი მოტხოვნა პატიმრობიდან გატავისუფლდეს ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი ჟირაირ სეფილიანი, რაზეც ხელისუფლება არ მიდის. 
 
საინტერესოა, რომ მეამბოხეთა ლიდერმა პავლე მანუკიანმა   სააგენტო ,,Новости-Армения’’ – სა და გაზეთ ,,ჟიგოვურდისათვის“  ბლოკირებული შენობიდან მიცემულ ატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ,,ჟირაირ სეფილიანმა არაფერი იცოდა შეიარაღებული დაჯგუფების მიერ მის დასახსნელად გადაგმული ამ ნაბიჯის შესახებ. ,, ,,ჟირაირ სეფილიანს შენობის აღების შემდეგ ველაპარაკე ტელეფონით, გავაცანი სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდით. მან არაფერი იცოდა. ამიტომ მითხრა – ,,თავად გადაწყვიტეთ’’ –   განაცხადა   მანუკიანმა.
 
წინა სტატიასაიას ზუგდიდის ოფისში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატია“ჩვენი სირცხვილია, რომ დღეს უკრაინას ერთი ძლიერი ხმით ნაკლები ჰყავს,”- სააკაშვილი პაველ შერემეტის მკვლელობას ეხმაურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური