შევარდნაძის სკივრიდან ამოფრქვეული ნაფტალინის სუნი

0
372
 
პოლიტიკოსები და ექსპერტებია „ქართული ოცნების“ მიერ იმერეთში  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, მათ შორის შევარდნაძისდროინდელი მინისტრის  კობა ნარჩემაშვილის  წარდგენას ეხმაურებიან.
 
,, „ქართულმა ოცნებამ“ შევარდნაძის სკივრი გახსნა, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა  – ისინი  ვეღარ პოულობენ  თავის მოკავშირეებს 21-ე საუკუნის პოლიტიკოსებში  და მე-20 საუკუნის პოლიტიკოსებთან დაიწყეს მოლაპარაკებები, შევარდნაძის სკივრი გახსნეს და იქიდან რა ამოდის მათთვის, ყველა ვხედავთ .-რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ წარსულში აღარ უნდა დავბრუნდეთ, იგი უბრალოდ ცდილობს კარგი პოლიციელის როლი ითამაშოს, ხოლო მას მოყვება ტალღა, რომლის უკანაც მთელი დანარჩენი „ქართული ოცნება“ დგას.''  
 
„გუშინ წარდგენილი კანდიდატები ნათლად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებს“ ქვეყანა მიყავს უკან, შევარდნაძისდროინდელ წარსულში, თავისი პერსონებით, პრობლემებით და მენტალიტეტით, ხოლო ქვეყანას და ხალხს სჭირდება მომავალი. გუშინდელი სია ადასტურებს თუ რატომ არ უნდა მისცეს ხმა მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ და უნდა აირჩიოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მოუტანს მომავალს და არ დააბრუნებს იმ ეპოქაში, საიდანაც ძლივს დავაღწიეთ თავი“, – აღნიშნა ნაციონალური მოზრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. – „გუშინდელი ანტურაჟი და სახეები იყო სრულიად წარსულის გაგრძელება, საიდანაც ქართველმა ხალხმა დიდი ძალისხმევით დააღწია თავი. უნდა ვიაროთ წინ, რადგან ქვეყანას სჭირდება მომავალზე ორიენტირებული ძალა და არა ის, რომელიც ქვეყანას შევარდნაძისდროინდელ ეპოქაში დააბრუნებს“, 

 
კვლავ კრიტიკული რჩება ,,ქართული ოცნების'' კანდიდატების მიმართ ექსპერტი გია ხუხაშვილი. ,, ყველაზე ვერ ვიტყვი, ყველას არ ვიცნობ, მაგრამ იქ დავინახე პრეცედენტები, რომ ცოტა ნაფტალინის სუნი დატრიალდა, ცოტა მერკანტილური ინტერესის სუნი დატრიალდა. მე ამ შემადგენლობაში პროგრესისტული, მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილება ვერ დავინახე. ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც საკმაოდ პარადოქსულად და ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოიქცა. რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადა, რომ, ახალგაზრდობაზე, პროგრესზე და უცხოეთში განათლებაზე არიან ორიენტირებული და წარმოგივიდგინა მაჟორიტარები, რომლებიც აბსოლუტურად ამის საპირისპირო გზავნილს უშვებენ საზოგადოებაში. სიასთან დაკავშირებული პრიორიტეტული პარამეტრები თავდაყირა დააყენეს”, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
 
ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ქართულ სინამდვილეში არაფრისმეტყველი ფიგურა იყო, შესაბამისად, მის მიმართ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური რადიკალური შეფასებები საფუძველს მოკლებულია.
 
”პრემიერის მხრიდან გაისმა, რომ ის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ქვეყანა განსაცდელს ააცილოს. ამ პათეტიკის უკან, სამწუხაროდ, დიდი შინაარსი არ დევს, რადგან ნარჩემაშვილი „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო უბრალოდ სტატუსი პოლიტიკური პროცესის, მასზე არაფერი იყო დამოკიდებული. არ ჰქონდა არანაირი წონა. ერთადერთი მისი დამსახურებაა, რომ პირადი სისულელე არ გააკეთა. შეფასება, რომ ნარჩემაშვილმა ქვეყანას რაღაც ააცილა, რბილად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილმა ან არ იცის, ან შეგნებულად ცდილობს ზედმეტად შეაქოს და შეამკოს კობა ნარჩემაშვილი. მეორე მხრივ, დემონიზაციაც არ არის სწორი, რადგან ის არ იყო სისტემის შემოქმედი.  ის არც სხვაზე ცუდი იყო, არც სხვაზე კარგი იმ პერიოდში. საკმაოდ არაფრისმეტყველი ფიგურა იყო ქართულ სინამდვილეში. 
შესაბამისად რადიკალური შეფასებები, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მის მიმართ საფუძველს მოკლებულია”, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
 
 

წინა სტატიანაციონალურმა მოძრაობამ პარტიის საარჩევნო პროგრამის საგარეო პრიორიტეტები წარადგინა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვენიაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური