CNN – თან ინტერვიუში რეჯებ ტაიფ ერდოღანი ყვება, როგორ გადაურჩა მეამბოხეთა თავდასხმას მარმარისში, სადაც შვებულებას ატარებდა. მისი თქმით, კიდევ ათი წუთი რომ დარჩენილიყო ქალაქში, მოკლავდნენ ან დაატყვევებდნენ.
,,მარმარისში ჩემზე თავდასხმის მცდელობას შეეწირა ჩემი დაცვის ორი მცველი, მათ მოწამებრივი სიკვდილით დაასრულეს სიცოცხლე. '' – განაცხადა მან. იგი ყვება, რომ თანამებრძოლებთან ერთად მარმარისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მაშინვე, როგორც კი მოვიდა შეტყობინება სტამბოლსა და ანკარაში სამხედრო გადატრიალების დაწყების შესახებ – ,,ამით ჩვენ ჩავშალეთ მეამბოხეთა გეგმები''.
მან განმარტა, რომ სანამ მარმარისს დატოვებდა, სცადა მიემართა თურქეთის მოსახლეობისათვის ტელეკამერებისა და მოწვეული ჟურნალისტების წინაშე, მაგრამ ამ დროისათვის უკვე შეწყვეტილი იყო მაუწყებლობა სახელმწიფო ტელევიზიის არხზე, იგი მეამბოხეებმა მეყვსეულად გათიშეს მას შემდეგ, რაც გადაიცა მათი მიმართვა მოსახლეობისადმი.
,,ამ სიტუაციაში ჩვენ გადავედით გეგმა ,,ბ''- ზე , გამოვიყენეთ მობილური ტელეფონები და სმარტფონები იმისათვის, რომ გავსულიყავით კერძო ტელევიზიების პირდაპირ ეთერში. მიმართვის შემდეგ სტამბულისკენ გავფრინდით, ფრენისას გავეცი ბრძანება გაეწმინდათ აეროპორტი პუტჩისტებისგან, რომელნიც აკონტროლებდნენ აეროპორტის სამართავ ცენტრს, ვესაუბრე ჩემს პილოტებს, რამდენ ხანს შევძლებდით ჰაერში დარჩენას, მათ მითხრეს, რომ საწვავი 3 – 4 საათის განმავლობაში გვეყოფოდა. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ შევძელით ათა -თურქის აეროპორტში დაშვება .'' – აცხადებს ერდოღანი.
ახლა უკვე გამოძიების მასალებითაც დასტურდება, რომ აჯანყებულები პრეზიდენტის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. ამ მიზნით მეამბოხეთა მეთაურებმა მარმარისში გაგზავნეს სამი სამხედრო ვერტმფრენი და 25 სამხედრო პირი, რომელთაც მიღებული ჰქონდათ ერდოღანის ლიკვიდაციის ან დატყვევების ბრძანება.
,,ალ ჯაზირას'' ცნობით, იმ ოტელის თავზე მოტრიალე ვერტმფრენებიდან, რომელშიც პრეზიდენტი იმყოფებოდა, სახურავზე ტროსებით დაეშვა 25 ჯარისკაცი, მაგრამ პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა თავგანწირული ბრძოლა გაუმართა მათ და ჩაშალა პრეზიდენტის ხელში ჩაგდების გეგმა.
დღეს ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა პუტჩის ორგანიზატორთა მიმოწერა მარმარისის ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის დაცვას შეტევის დაწყებამდე ჩაუვარდა ხელში.
ახლა უცხოურ მედიაში განუწყვეტლივ იწერება დასაპატიმრებელ და თანამდებობრებიდან გადასაყენებელ პირებზე, რომელიც თითქოს წინასწარ ჰქონდა შედგენილი ერდოღანს. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ ეს სიები თავად ამბოხებულებს ჰქონდათ შედგენილი, მაგრამ სრულიად სხვა მიზნებით. ბურსაში დაკავებულ არმიის ადგილობრივი ქვედანაყოფის მეთაურს აღმოუჩინეს ექვსი სია, რომელშიც იმ მოსამართლეთა და სამხედრო ოფიცერთა სახელები იყო ჩამოწერილი, რომელნიც ამბოხების მხარდამჭერებად მოიაზრებოდნენ და, სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების შემთხვევაში, სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე უნდა დანიშნულიყვნენ. მასალებშია უფრო წვრილი პუტჩისტებისა და ჯარისკაცების სიებიც, აგრეთვე უსაფრთხო სატელეფონო ხაზების პარამეტრები და ნომრები ბრძანებების მისაღებად.
"ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული და დაგეგმილი, მაგრამ ხალხმა მთლიანად შეცვალა სქემა, ეს რომ არა, ჩვენი საქმე წარმატებით დაგვირგვინდებოდა . ჩვენ დავკარგეთ დრო’’ – ამბობს გენერალი,
მისი ეს სიტყვები ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა აჯანყების პირველივე საათებში უტყუარად შეაფასა თურქეთში შექმნილი ვითარება და პუტჩის განწირულობის მიზეზები:
,,ჩემი აზრით, ეს სამხედრო გადატრიალება განწირულია. ამბოხებულ სამხედროთა ჯგუფს არავინ იცნობს – ვინ არიან. თურქეთში არის სულ 4 არმია.. მნიშვნელოვანია, რომ ამ 4 არმიიდან ამბოხებულებს მხარს არ უჭერს დიდი სამხედრო პოტენციის მქონე პირველი და მესამე არმია. ამბოხებულებმა ვერ შეძლეს სწრაფად მოქმედება. მათ მოახერხეს მხოლოდ ერთი – სახელმწიფო ტელევიზიის აღება. სახელმწიფო არხის აღება ეს იგივეს ნიშნავს, ვიღაცამ რომ აიღოს საქართველოს სახელმწიფო არხი. თურქეთის სახელმწიფო არხი ეს არის პოპულარობით მეშვიდე თუ მერვე არხი. დანარჩენი ყველა სატელევიზიო არხი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მაუწყებლობას.
მეორე, თურქეთში ამბოხებულ სამხედროებს არ აქვთ პოლიტიკური მხარდაჭერა, ყველა ძირითადმა პარტიამ, გარდა ქურთების პარტიისა, ყველამ მხარი დაუჭირა კონსტიტუციურ წყობას. კონსტიტუციურ წყობას დაუჭირა მხარი ყოფილმა პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, დავით ოღლუმაც.
მესამე, რაც მათ ვერ შეძლეს და, რაც არის ძალიან მთავარი, პრეზიდენტი ერდოღანი იმყოფება თავის რეზიდენციაში, სტამბოლში და იქიდან ლაპარაკობს. მათ ვერ შეძლეს პრეზიდენტის იზოლირება. მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და მხარს უჭერს კონსტიტუციური ვითარების შენარჩუნებას და პრეზიდენტ ერდოღანს. თუ მოსახლეობა ერდოღანის მოწოდებით ქუჩაში იდგება და პროტესტს გააგრძელებს, სახელმწიფო გადარჩება.'' – განაცხადა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა.