რა ხდება ერევანში – შეიარაღებული ამბოხი თუ მცირე გართულება ხელისუფლებისათვის?

0
377
   დღეს გამთენიისას შეიარაღებულ პირთა დაჯგუფებამ სატვირთო მანქანებით შეანგრია ერევნის ერებუნის რაიონის  პოლიციისა და საპატრულო დაცვის პოლკის  ტერიტორიის ზღუდე,   დაიკავა პოლიციის შენობა იქ მყოფი ადამიანებითურთ და ხელისფლების გადადგომას მოითხოვს. არის ცნობები, რომ შენობის აღებისას   ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამ დროისათვის შენობაში მყოფი შეიარაღებული დაჯგუფება ბლოკირებულია სახელმწიფო ჯარების მიერ, გარე პერიმეტრზე კი ოპოზიციის მხარდამჭერი ხალხია შეკრებილი და   ისიც ხელისუფლების გადადგომის მოითხოვს .
 
სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური უარყოფს მსოფლიო მედიაში სოციალურ ქსელებსა და სომხურ მედიაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყანაში შეიარაღებული ამბოხის დაწყების შესახებ. 
განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს დილით, შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი მართლაც შეიჭრა სომხეთის საპატრულო დაცვის პოლკში, დაიკავა შენობა და   და ძალადობის მუქარით ჰყავს დაკავებული შეჭრისას იქ მყოფი ადამიანები, მაგრამ ეს არ არის იმ მასშტაბის მოვლენა, რომ  ამბოხის კვალიფიკაცია მიეცეს. ამ დროისათვის შენობა შინაგანი ჯარების მიერ არის ბლოკირებული და მიმდინარეობს მოლაპარაკებები იქ შეჭრილ პირებთან გამოუშვან მძევლები, დაყარონ იარაღი და მშვიდობიანად ჩაბარდნენ ხელისუფლებას.
უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ქალაქის დანარჩენ ნაწილში სიმშვიდეა, სამართალდამცავი ორგანოები ნორმალურ რეჟიმში მუშაობენ და  შეუფერხებლად ახორციელებენ საზოგადოებრივი წესრიგისა და და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებებს.
 სოციალურ ქსელებსა და სომხეთის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქმემ ესოდენ შემაშფოთებელი მასშტაბები მას შემდეგ შეიძინა, რაც ხელისუფლებამ უგულვებელყო საზოგადოებრივი აზრი და არ გაათავისუფლა ოპოზიციური მოძრაობის ერთერთი ლიდერი –   ჟირაირ სეფილიანი, რომელიც 20 ივნისიდან ჰყავს დაკავებული.  
 დღესაც შენობაში შეჭრილი დაჯგუფება ჯერ ოპოზიციის დაკავებული  ლიდერის    დაუყოვნებელ გათავისუფლებას ითხოვდა, ხოლო შემდეგ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა წამოაყენა.
სეფილიანი სომხეთის ოპოზიციური მოძრაობა ,,დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორია და ხელისუფლებას  დაკავებული ჰყავს იარაღის უკანონო შეძენისა და შენახვის  მუხლით.    სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  გამოძიების პროცესში დადგინდა,  რომ იგი თანამოაზრე პირებთან ერთად   გეგმავდა  შეიარაღებულ ამბოხებას, სახელმწიფო შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის, ერევნის სატელევიზიო ანძის აღებას და მთავრობის დამხობას. სეფილიანს უშუალო საორგანიზაციო კონტაქტები ჰქონდა  შეიარაღებული დაჯგუფებებთან ,  პირადად  გასცემდა  იარაღისა და საბრძოლო მასალების მომარაგება- გადატანა -შენახვის  დავალებებს და შემუშავებული ჰქონდა  მათი გამოყენების სქემა  შესაბამისი ბრძანების მიღების შემთხვევაში.
სეფილიანის მხარდამჭერები უარყოფენ ამ ვერსიას და თვლიან, რომ იგი პოლიტიკური პატიმარია.  ხელისუფლებამ იგი ნიშანში ამოიღო მას შემდეგ,  რაც ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ახალი ესკალაცია, ე.წ. აპრილის კრიზისი მოხდა.  
 .
წინა სტატიაცესკო ე. წ. ,,უმისამართო” ამომრჩევლებს მოუწოდებს 31 ივლისამდე გაიარონ რეგისტრაცია ახალი წესით
შემდეგი სტატიაფეთჰულაჰ გიულენს სახლში მიუვარდნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური