ვინ გაიტაცა ირინა დოჩია? სოხუმში სიტუაცია იძაბება. ოპოზიცია ,,მაიდნით” იმუქრება

0
434
სოხუმში სიტუაცია იძაბება –  ახალგაზრდა ქალის გატაცება  შეიძლება აღმოჩნდეს   კატალიზატორი  პროცესებში, რომელიც რეფერენდუმს უძღოდა წინ და სახალხო მღელვარებაში გადაიზარდოს.  გატაცებული 36 წლისაა, იურისტი, ადრე  სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, ამჟამად კი ცენტრისტული პარტიის ,,ედიანაია აბხაზიას'' პოლიტსაბჭოს წევრია. 
,,გატაცება მოხდა  2 ივლისს,  23 საათსა და 40 წუთზე,  სოხუმის ცენტრში პირდაპირ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან გაიტაცეს  პარტია ,,ედიანაია აბხაზიას’ ‘ პოლიტმდივანი. თვითმხილველთა თქმით, უცნობმა პირებმა მოულოდნელად სტაცეს მას ხელი, ძალით ჩასვეს მანქანში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. გამოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიებზე. საქმე აღძრულია აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც გულისხმობს ადამიანის გატაცებას პირთა ჯგუფის მიერ ‘’-  აცხადებს  ე. წ. სოხუმის პროკურატურა.
პოლიტიკური სპექტრი მღელვარებს და განცხადებებს განცხადებებზე აკეთებს, პროტესტი ხლისუფლებისატვის საშიშ მასშტაბებს იძენს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას, რომ დღეს, 5 ივლისს ოპოზიციური პარტიების ბლოკი გეგმავს შეკრებას, სადაც „პროვოკაციული მოწოდებები“ გაკეთდება. 
,,პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ 10 ივლისს რეფერენდუმში დამარცხების მოლოდინში შეიძლება რეგიონში დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი – ნათქვამია განცხადებაში – მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს არ წამოეგონ პროვოკაციაზე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ჩვენ ვარწმუნებთ მათ, რომ სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ვინ არ უნდა იყოს გატაცების დამკვეთი, ირინა დოჩიას შერჩევა  გატაცების ობიექტად საკმაოდ კარგად არის გააზრებული –  ,,ედიანია აბხაზია’’ ცენტრისტული პარტიაა, მისი თავმჯდომარე ქართული საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი სერგეი შამბაა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბალანსირებს ს – შესაბამისად, გაურკვეველია, ვის შეიძლება ჰქონოდა მეტი დაინტერესება პარტიისათვის ამგვარი დემონსტრატიული დარტყმა მიყენებაში  – ხელისუფლებას თუ  ოპოზიციას.
თავად პარტიის ხელმძღვანელობა პირდაპირ ადებს ხელს ხელისუფლებას,  ყოველ შემთხვევაში, სწორედ  მას დებს ბრალს რეფერენდუმის წინ შექმნილ ქაოსში, რომელსაც  ხელოვნურად მართულს უწოდებს,  და ამის სრული აფუძველიც აქვს – ფსონი ძალიან მაღალია. 
მართალია, ხაჯიმბა  ოფიციალურად აცხადებს, რომ მიიღებს რეფერენდუმის ნებისმიერ შედეგს და, თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნის, მზად არის პოსტიდან წავიდეს, მაგრამ საქმე სხვას გვიჩვენებს: 
დღითიდღე იზრდება  ხელისუფლების მომხრე პოლიტიკური ძალების ზეწოლა პრეზიდენტის  ოპონენტებზე, რაიონებისა და ქალაქების ადმინისტრაციები აქტიურად ეწევიან აგიტაციას, რომ  ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა და  სარეფერენდუმო არაფერი ხდება, არის დაშინების ფაქტებიც – რეფერენდუმის ინიციატორები დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლება ცდილობს ჩაშალოს იგი მოსახლეობის საჭირო რაოდენობით გამოუცხადებლობის მიზეზით. 
სწორედ ამ კონტექსტში აღიქვა მოსახლეობამ ირინა დოჩიას გატაცება, როგორც დაშინებისა და  რეფერენდუმისწინა ქაოსის გაღრმავების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან.  თავის მხრივ ხელისუფლება აცხადებს, რომ რეფერენდუმი ოპოზიციას ვერ მოუტანს სასურველ შედეგებს და შესაძლოა ეს და სხვა მსგავსი ფაქტები მის მიერვე იყოს ორგანიზებული რეფერენდუმში გარდუვალი დამარცხების   ასახსნელად. 
 შეგახსენებთ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 10 ივლისს გაიმართება  რეფერენდუმი საკითხზე უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც შესაბამისი თხოვნით მიმართა საინიციატივო ჯგუფმა. მათ მიზეზად დაასახელეს ის, რომ „ქვეყანა“ არასწორი პოლიტიკის გამო ვერ ვითარდება
 
წინა სტატიაუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინა მუტონენი გახდა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: ,,ქრესტომათიული მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური