10 ივლისს აფხაზეთში ტარდება რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ხაჯიმბას ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის საკითხი. მაგრამ აფხაზეთში დადის ასევე მეორე რეფერენდუმის აჩრდილიც, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული რუსეთის მადითა და აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების ბრმა მორჩილებით გაღიზიანებული მოსახლეობის ნაწილის განწყობებთან. არიან აფხაზეთში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომელნიც შიშობენ, რომ, შესაძლოა, რუსეთმა სამხრეთ ოსეთის ანალოგიით აფხაზებისგანაც მოითხოვოს რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან შეერთების საკითხზე. როგორც იტყვიან, უცეცხლოდ კვამლი არა ჩანს და ეს თემა არათუ სოციალურ ქსელებში, ოფიციალურ აფხაზურ და პროაფხაზურ რუსულენოვან მედიაშიც ჟონავს, თუმცა, რასაკვირველია, შეფუთული სახით – თითქოს მოსახლეობის დაშოშმინებისა და მეორე რეფერენდუმის აჩრდილის განფრთხობის, რუსეთის კეთილგანწყობისა და უანგარობის მტკიცების მიზნით. ერთ–ერთი ასეთი მცდელობაა Sputnik Абхазия – ს ინტერვიუ რუს ჟურნალისტთან და პოლიტოლოგთან დიმიტრი კულიკოვთან (ინტერვიუს გთავაზობთ უცვლელად).
,,კულიკოვი: მავანთ აფხაზეთისა და რუსეთის წაკიდება სურთ''
უკანასკნელ პერიოდში რუსულ მედიაში მომრავლდა მასალები პროვოკაციული სათაურებით: ,,აფხაზეთი თურქეთისკენ გადაიხარა’’, ,,აფხაზეთი არ აპირებს ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების საკითხზე''და სხვ.
ზოგიერთ რუს ჟურნალისტსა და ექსპერტსაც კი წარმოდგენა არა აქვს იმაზე, რაც აფხაზეთში ხდება, მაგრამ საინტერესოა, რას ფიქრობენ რუსეთში მსგავს პუბლიკაციებზე და ზოგადად აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე საქმეში უფრო ჩახედული ადამიანები.
ამ საკითხზე თავის მოსაზრებებს Sputnik– ს უზიარებს ცნობილი რუსი პოლიტოლოგი და ტელეწამყვანი დიმიტრი კულიკოვი
–დიმიტრი, თუ შეგხვედრიათ რუსულ მედიაში პუბლიკაციები თემაზე , რომ რუსეთს სწადია შეიერთოს აფხაზეთი, ეს უკანასკნელი კი ეწინააღმდეგება ამას?
– პირადად მსგავსი რამ არ შემხვედრია, მაგრამ ვიცი, რომ ინტერნეტში არის ყველასათვის უცნობი ავტორების ფრიად ზედაპირული და გაუგებარი პუბლიკაციები იმაზე, რომ აფხაზეთი რუსეთის ზურგს უკან რაღაც თამაშებს აწარმოებს თურქეთთან, ხოლო რუსეთი, თავის მხრივ, მიისწრაფვის ჩაყლაპოს აფხაზეთი და ამისათვის რეფერენდუმის გამოყენებას გეგმავს. რასაკვირველია ამგვარი თეზა, როგორც ეს საზოგადოდ ანტირუსულ მედიას სჩვევია, უბრალოდ არანაირი მტკიცებულებითა და ფაქტებით არ არის გამყარებული. ამასთან, ყველასათვის კარგადაა ცნობლი, რომ რუსეთს არათუ რაიმე ამდაგვარი შეუთავაზებია ოდესმე აფხაზეთისთვის, პირიქით, რეფერენდუმის იდეა რომ თავად აფხაზეთისგანაც წამოვიდეს, კარგად დაფიქრდებოდა, ღირს თუ არა ეს ამ სიტუაციაში.
– იმის გათვალისწინებით, რაც ახლა სამხრეთ ოსეთში ხდება?
– დიახ, სწორედაც. როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა არაერთხელ და დაჟინებით მოითხოვდა თავის რესპუბლიკაში რეფერენდუმის ჩატარებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის თავლსაზრისს და აღიარებს ოსი ხალხის უფლებას შეუერთდეს ჩრდილოეთ ოსეთს და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას, დიდი სიფრთხილით ეკიდება ამ იდეას. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ეს ,,პრიამაია ლინიას’’ მსვლელობის დროს მიმდინარე წლის აპრილში. მე ვფიქრობ, რუსეთი, უწინარეს ყოვლისა, დაინტერესებულია იმით, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჰქონდეს სრული ეროვნული სუვერენიტეტი. ცხადია, ვინ ვინ, და რუსეთის ფედერაციამ კარგად იცის, რა განსხვავებული სიტუაციები გვაქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
– მაშ საიდან მოდის პუბლიკაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აფხაზეთში რაღაც დისკუსიები მიმდინარეობს რუსეთთან შეერთების საკითხზე? საიდან ეზრდება ფეხები ამ ტყუილს და აგრეთვე სპეკულაციებს აფხაზეთის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგელების პროთურქულ პოზიციებზე და რეფერენდუმზე, რომელიც თითქოს სამხრეთ ოსეთის მსგავსად აფხაზეთშიც მზადდება?
– ჩემი აზრით, სპეკულაციები თქვენს მიერ დასახელებულ თემაზე სამი წყაროდან საზრდოობს.
პირველი: მოგეხსენებათ, ბულვარულ მედიას ტრადიციულად უყვარს ვნებათა გამძაფრება, რომ უფრო კითხვადი გახადოს თავისი გაზეთები და ელექტრონული გვერდები. ცხელ – ცხელი ახალი ამბები, რომელთაც ტრუსის სუნი უდით, ზოგიერთი გამოცემის არსებობის ერთადერთი აზრი და საფუზველია.
მეორე: სავსებით შესაძლებელია ერთ–ერთი წყარო იყოს შიდააფხაზური პოლიტიკური ინტრიგები – კერძოდ ის, რომ ვიღაც ვიღაცას გამუდმებით ადანაშაულებს რაღაცაში , რაც მას აზრადაც არ მოსვლია და არ გაუკეთებია.
ოპოზიციას, რომელსაც, როგორც წესი, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ხელისუფლებაში უნდა მოსვლა და ხან მართლა საგნობრივად, ხანაც ხელაღებით და უსაგნოდ აკრიტიკებს არსებულ ხელმძღვანელობას.
მესამე, რასაც ნამდვილად აქვს დღეს ადგილი აფხაზეთში, არის სხვადასხვა უცხო ძალების მისწრაფება ერთმანეთს წაჰკიდოს რუსეთი და აფხაზეთი. მე ბევრი რამ შემიძლია გითხრათ იმაზე, ვის და რისთვის სჭირდება ეს, მაგრამ ამ მოკლე ინტერვიუში ყველა ნიუანსის განხილვა შეუძლებელია. ამიტომ ამჯერად პირადად ჩემგან ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ დღეს აფხაზეთი, ევროაზიურ ეკონომიკურ კავშირში შემავალ სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის საიმედო და გრძელვადიანი მოკავშირეა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა.
სწორედ ამიტომ არის საზღვარგარეთ ბევრი მსურველი გათიშოს რუსეთი და აფხაზეთი და ამისათვის ისინი არ ერიდებიან ნებისმიერი საშუალების გამოყენებას.
Sputnik Абхазия
28 ივნისი, 2016 წ.