,,ქართული ოცნება” რუსეთთან ერთად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას ბლოკავს

0
402

 

რამდენიმე დღეში თბილისში გაიმართება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, რომელზედაც  ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ევროპის სახალხო პარტიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის კანდიდატურა წარადგინა. 
 
გიგი წერეთლის მხარდაჭერის თხოვნით ევროპულ დელეგაციებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა.  ამის შესახებ გუშინ  გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
 
სხვა პოზიცია აქვს მმართველ პარტიას – ,,ქართული ოცნება'' გეგმავს მხარი დაუჭიროს  ასამბლეაზე  სოციალ-დემოკრატების მიერ წარდგენილ სხვა კანდიდატურას.   საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ გიგი წერეთლის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომ  წერეთელი ”ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის თანამონაწილეა და   მხოლოდ იმის გამო, რომ ,,ჩვენი გვარის ადამიანია, ჩვენი ეროვნების ადამიანია, არამგონია ერთპიროვნულად და ბრმად ხელები უნდა ავწიოთ მის მხარდასაჭერად,''.
 
”მე ვემხრობი ჩემს თანაგუნდელებს. მიუხედავად იმისა, რომ კარგი გვარის კაცია, ის პირდაპირ და ირიბად თანამონაწილეა და არც გამიჯვნია იმ გუნდს, რომელმაც ძალიან ბევრი არც თუ სასიამოვნო დღეები მოუტანა ჩვენ საზოგადოებას. ამიტომ, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი გვარის ადამიანია, ჩვენი ეროვნების ადამიანია, არა მგონია ერთპიროვნულად და ბრმად ხელები უნდა ავწიოთ მის მხარდასაჭერად”, – განაცხადა ქანთარიამ.
ამასთან, ქანთარია არ არის დარწმუნებული, რომ წერეთელი საქართველოს მხარდასაჭერად ”თავს გამოიდებს”.  ,,ბატონი გიგი ყოველთვის მოქნილი პოლიტიკოსია. არამგონია, დიდად გამოიდოს თავი”, – აღნიშნა ქანთარიამ. 
 
ნაციონალური მოძრაობის წევრები მოუწოდებენ უმრავლესობას, არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით და მხარი დაუჭირონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის არჩევას, რადგან მისი არჩევა  საქართველოსთვის პრესტიჟული იქნება
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სამწუხაროა, რომ უმრავლესობის წევრები მსგავსი განცხადებებით  ბლოკავენ  გიგი წერეთლის კანდიდატურას  მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია ..
ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა ნაციონალური მოძრაობის  წევრმა სერგი კაპანაძემ. მისი ინფორმაციით, გიგი წერეთლის კანდიდატურას, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ. 
„საქართველოს კანდიდატს არ უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის დეპუტაცია. თუ ეს ასეა და ჩვენი ხელისუფლება იზიარებს იმ პოზიციას, რომელიც აქვს რუსეთის ფედერაციის დეპუტაციას, მაშინ ორმაგად უფრო სამწუხარო ყოფილა ეს რეალობა,“ – განაცხდა სერგი კაპანაძემ.

 
თავად გიგი წერეთელი აცხადებს, რომ „სრულიად უადგილოა საუბარი იმაზე, რომ აქ არის მთავარი პოლიტიკური კუთვნილება ან არის მთავარი რაიმე სხვა საკითხი. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ყევლაზე მთავარია საქართველომ არ უნდა დაკარგოს ეს შანსი. მისი თქმით, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციაზე ქართველი დეპუტატი იყოს არჩეული.''
 
 
 
 
 
 
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი გიგი წერეთლის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ საქართველოს დელეგატებსაც მოუწოდებს.

წინა სტატიაგიორგი მარგველაშვილი გერმანიაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელს შეხვდება
შემდეგი სტატიაქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიოში ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე ანალიტიკურ ორგანიზაციებად დასახელდა – გაათავისუფლებს თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილს ეჭვებისგან?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური