იონაობა ზუგდიდში

0
467
ზუგდიდში, სოფელ ცაიშში მეცხრამეტე საუკუნის  საზოგადო მოღვაწის იონა მეუნარგიას სახელობის სახალხო დღესასწაული ,,იონაობა" გაიმართა. ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი,  ქართველ მწერალთა ბიოგრაფისა და ,,ვეფხისტყაოსნის" ფრანგულად მთარგმნელის ნაამაგარი კიდევ ერთხელ უდიდესი პატივით გაიხსენეს  მისსავე სოფელში, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად შეიკრიბნენ მუნიციპალიტეტისა და  რეგიონის სხვადასხვა ადგილებიდან ჩასულმა სტუმრებმა.    "იონაობასთან'' დაკავშირებით საზოგადოების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს   საზოგადო მოღვაწის ძეგლი, ღონისძიებისათვის მოეწყო ღია ექსპოზიცია იონა მეუნარგიას სახლ – მუზეუმის ეზოში, სადაც გამოიფინა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები.
 
იონაობასთან დაკავშირებით ვაქვეყნებთ ილია წავჭავაძესთან მისი მიმოწერს მოკლე მიმოხილვას  
 
საყოველთაოდ არის ცნობილი იონა მეუნარგიას სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება ილია ჭავჭავაძისადმი, რომელიც ურთიერთპასტივისცემით იყო გამსჭვალული.
 იონა მეუნარგიას არქივმა შემოგვინახა ილია ჭავჭავაძის მიერ მისთვის მიწერილი ორი წერილი, რომელთაგან ერთი ლიტერატურულ და საგამომცემლო საკითხებს ეხება, მეორე სამოხელეო, საბანკო საქმეებს 
 
,,დაგვანებე, ჩემო იონავ თავი და დაგვაობლე ამისთანა გაჭირვების დღეს, ვტირით და ვღრიალებთ უშენობის გამო, მაგრამ რა გაეწყობა? თურმე სოფელი ასეა. თუმცა შენ ბევრს გვაკლიხარ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსას არ ვიშლით და ვჩხირკედელაობთ, 1–ს იანვრისთვის ვნახოთ ღერძი ბედისა როგორ დაიწყებს ტრიალსო. გიგზავნი გამოცხადებულს და ყველგან გაგზავნილ უწყებას ჩვენი ახალი გაზეთის გამოცემის თაობაზედ. ზოგიერთმა ჩვენგან ახლად შემოღებულმა სიტყვებმა და ტერმინებმა მოწონებისა და დაწუნების ღაღადი მოჰფინეს ჩვენს სალიტერატურო არე–მარეს, ჩვენ ვნუგეშობთ და ვამბობთ: значит, свет нас заметил. უარარაობას კიდევ ესა სჯობია. ახ, ეხლა ჩვენთან იყო, ყინვამ მაგ უბედურ და უსიხარულო ქვეყნისა გული არ გაგიყინოს და არ დაგვღუპოს შენდამი მსასოებელნი. 
 
ასოებისთვის ფული საჭირო არ არის, რადგანაც თვითონ ასოები აქ ჩამოვასხმევინეთ და ძალიან ცოტა განსხვავება აქვს მანდაურებთან; წიგნები, რაც საჭირო იყო; დავიბარეთ ვიდრე შენი წერილი მომივიდოდა.
ნიკოლაძესა სთხოვე და შეეხვეწე ჩემს მაგიერ ჩვენს გაზეთს თავისი ნაწერებით შეეწიოს. მომიტევოს ამ ჟამად , რომ საკუთარ წერილს არ ვსწერ, ეგ იმისთანა კაცი არ არის, რომ ამის გამო გაგვიწბილდეს და გულიდამ ამოიღოს ჩვენი გაზეთი, წვრილმანმა წვრილმანს მოუკიდოს ცეცხლი. ქაღალდის თაობაზე სერებრიაკოვს წერილი მივწერე და პასუხს ველი. ჯერ–ხანად ,,Новое обозрение“- ს ქაღალდს ვიხმარებთ.
კაცო, რატომ არა გვწერ, ეგ ჩვენი მუხრან–ბატონი რას სჩადის და როგორ მიჰყავს ჩვენი საზოგადო საქმეები?  შენგან მიკვირს და მეოცება. ღმერთს ვთხოვ, რომ სამერმისოდ არც ერთი შემემთხვას შენგან და არც მეორე. ასე, ჩემო იონავ, იყავ მშვიდობით და დღეგრძელობით და არ დაივიწყო, რომ შენ ერთადერთი მეგობარი გყავს და ის ერთადერთი შენი ილია ჭავჭავაძეა. მოუთმენლად ველი შენს სტატიას. ოლიკომ მოგიკითხა. მოიკითხე ყველა ჩვენი  ნაცნობები 20 დეკემბერი 1885 წ. ტფილისი.’’
 
წერილში მოხსენიებულია აკაკიც, რომლის კვიმატი ენა, როგორც აღვნიშნეთ არაერთგზის მოხვედრია იონა მეუნარგიას მანამდეც, სანამ ამ უკანასკნელს ილიასთან ურთიერთობები დაეძაბებოდა. 
 
,,შენი ფსევდონიმი არც ერთი  არ მომეწონა. აქ მოვიგონეთ ორი ფსევდონიმი: 1. ,, მე ვარ და ჩემი ნაბადი“, თუმცა გრძელია, მაგრამ შენთვის ზედ გამოჭრილია;2. ,,აბედი“, ვითომ ნაკვესმა შენ ცეცხლი მოგიკიდა, როგორც აბედს, და შენ ჩვენ გადმოგვეცი. ეს უკანასკნელი კარგია, მაგრამ აკაკი წერეთელს საბუთს მისცემს ქართული აბედი რუსულ обед–ად  გადააქციოს; მაშინ შენ სხვის სადილების მაძებარს გეძახოდა და დაგცინოდა. ორში ერთი ამოირჩიე და ტელეგრამით მაცნობე. ‘’ წერს ილია. 
 
იონა ამჯერად ობედთან დაკავშირებულ აკაკისეულ  კალამბურს კი გადაურჩა, მაგრამ ისტორიას შემორჩა ,,გენერლების ადიუტანტი’’  (ასე ეძახდა იგი იონას გრიგოლ ორბელიანისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და სხვა გენერლებთან ხშირი სამსახურებრივი თუ ადამიანური ურთიერთობების გამო),  კალამბური ,,სუ, ლელო’’, რომელიც მან ყველასათვის მოულოდნელად სტყორცნა რედაქციაში  მყოფ იონას, რომელიც იმ დროს წერდა ფსევდონიმით ,,ლელო“ და ა.შ. 
 
აქვე დავძენთ იმასაც, რომ არსებობს აკაკის მიერ სამეგრელოში მყოფი იონასადმი მიწერილი ორი წერილი, რომელშიც იგი მის ცაიშურ სახლში სტუმრობას ნატრობს გულს მოჯარული ნაღველის გასაქარვებლად და უმტკიცებს, რომ მასზე მეტად იგი არავის უყვარს და აფასებს, თუმც თუ ამ ორ პიროვნებას შორის ურთიერთობების გრადაციებს მივადევნებთ თვალს, მას ამით შესაძლოა გრძნობათა გამხელაზე მეტად  სხვების ფარისევლობისა და თავის სიწრფელის  ხაზგასმა სურს. როგორც როსტომ ჩხეიძე შენიშნავს,  აკაკის  გრიგოლ ორბელიანისადმი იონას განსაკუთრებული დამოკიდებულება და ,,კუდში დევნა“, რომელიც სინამდვილეში განპირობებული იყო მისი როგორც  ბიოგრაფის ინტერესით, ( სხვათა შორის ბიოგრაფიული რომანი მიუძღვნა მან გენერალსა და პოეტს ალექსანდრე ჭაცჭავაძესაც) უპირატესად  აღიზიანებდა იმიტომ, რომ ვერ იქნა და ვერ  მოხვდა იონას ინტერესების არეალში.  მოგვიანებით ამას დაერთო გაღიზიანება იონა მეუნარგიას ცნობილი წერილით, რომელშიც იგი როგორც ბიოგრაფი (ჟანრის თავისებურების გამო, როგორც ამას განმარტავდა ექვთიმე თაყაიშვილი) არ დაერიდა ილიას შესახებ მოარული ჭორებისა და მასზე თავისი დაკვირვებისა თუ ინტერეპრეტაციების გამოქვეყნებას, რაც, თავად დაუნდობელი ენის პატრონმა, ბევრი თანამედროვის მსგავსად ვერ აპატია იონას, შესაძლოა სამართლიანადაც კი. 
 
მაგრამ დავუბრუნდეთ ილიას მეორე წერილს იონასადმი. როგორც ცნობილია, იონა მეუნარგია, როგორც  სახელმწიფო მოხელე (იყო ფოთის ქალაქის თავის ( ნიკო ნიკოლაძის) მოადგილე) და როგორც საზოგადო მოღვაწე წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი, წლების მანძილზე მუშაობდა  სამეგრელოში, სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება ილიასთან მისი მიმოწერა  სამოხელეო, საბანკო  საქმეებზე, რომელთაგან დროებას ილიას ერთი ასეთი   წერილი (უთარიღო)  გადაურჩა.  
 
ეს არის პასუხი იონას წერილზე, რომელშიც  იგი ილიას სთხოვდა დახმარებოდა  სამეგრელოს პრინცესას სალომე მიურატს მაქსიმალურად შესაძლებელი ოდენობის საბანკო სესხის მიღებაში.  ეს ერთი შეხედვით მოსაწყენი, თითქმის ოფიციალური  წერილი, რომელშიც ილია შეუვალი ბანკირივით ანგარიშობს მიურატის შემოსავლებს გადახდისუნარიანობის შესაფასებლად,  საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მოწმობს, რაოდენი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ილია სათავადაზნაურო  ბანკის  ინტერესების თავსებადობას მისთვის პატივსაცემი ადამიანების ინტერესებთან და შესაძლებლობებთან და ამასთან, რამდენად გამჭვირვალედ ჩანს მასში იონა მეუნარგიასთან სიახლოვე  და პატივისცემა  – ,, საყვარელო ძმაო იონავ, შენი წერილი მივიღე და ვწუხვარ, რომ ვერაფერს სანუგეშოს ვერ მოგწერ. ჩვენ ზოგიეთის მოსაზრებით ამაზე მეტი დავუნიშნეთ, სახელდობრ, 28000,  და ამასაც ვშიშობთ, – ვაითუ სამინისტრომ არ დაამტკიცოს. ბევრიც რომ მოვინდომოთ, ზემოხსენებულ ანგარიშს ვერ წავუვალთ და ვერც ვერაფერს გავხდებით, რაკი შემოსავალი 4000მანეთზე მეტი არ არის. სამწუხაროდ ჩემდა, შენს წერილზე ამაზე უკეთესს და მეტს პასუხს ვერ მოგახსენებ: რაც არ შეიძლება, იმას ჩვენი გამგეობა ვერ იქმს. შენი ერთგული ილია ჭავჭავაძე. ‘’
 
ილიასა და იონას მიმოწერა გამსჭვალულია ურთიერთპატივისცემითა და მეგობრული, ძმური სიყვარულით, რომელიც  მათ შორის შემდგომში ჩამოვარდნილი უთანხმოების მიუხედავად, ბოლომდე გაყვა ორივეს.  თუმცა აქვე დავძენთ, რომ ეს უთანხმოება, თავად იონას ინტერპრეტაციით, არ იყო ორმხრივი, ამაზე ლაპარაკობს იგი წერილში ილიას მეუღლისადმი,  ოლღა გურამიშვილისადმი, რომელშიც   გამოთქვამს გულწრფელ წუხილს იმის გამო, რომ ვერ გაუგეს, რომ არ ჰქონია განზრახვა რამე ევნო ილიას სახელისათვის და თუ რამ ამოძრავებდა, ეს იყო რწმენა და შეგრძნება იმისა, რომ დიდი ადამიანის ღირსებაცა და ნაკლიც საინტერესოა შთამომავლობისათვის.  
ასეა თუ ისე, იონა მეუნარგიას ღვაწლისადმი  ილიას  დამოკიდებულების ყველაზე მნიშვნელოვან და არსებით დამოკიდებულებად დარჩება მისი სიტყვა 1884 წელს „დროების“ რედაქციაში  მისი რედაქტორის ივანე  მაჩაბლის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე   საფრანგეთის ელჩთან. ბუნებრივია შეხვედრაზე ლაპარაკი იყო ვეფხისტყაოსნის იონასეულ ფრანგულ იონასეულ თარგმანზე.  ილია ჭავჭავაძემ აღნიშნა: „როცა პირველყოფილი კაცობრიობა, მზის ბრწყინვალებით განცვიფრებული, თაყვანსა სცემდა მას, ვითარცა ღმერთს, იმავე დროს პატივსა სცემდა მთვარესაც, რომელსაც მხოლოდ მზის შუქი ანათებს. რაკი სამართლიანი თაყვანისცემით მოვიხსენიეთ რუსთაველი, მაშინ უსამართლობა და უმადურობა იქნება დავივიწყოთ მისი მთარგმნელი. რუსთველი მზეა და მთვარე მეუნარგია იქნება, რადგანაც ვითა მზის შუქით ჰნათობს მთოვარე, ისე რუსთაველის შუქით იმნათობებს მეუნარგიაც დღეის იქით ჩვენს მოღვაწეთა შორის. ღმერთმა ადღეგრძელოს მეუნარგია“.
 
წინა სტატიაგიორგი კვირიკაშვილის მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის, ზედმეტსახელად ,,სვანას” დაკავებისთვის. გივი თარგამაძე ,,გულდაწყვეტილია”
შემდეგი სტატიასოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვის მიზნით არასამთავრობოებსა და სამთავრობო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური