ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა

0
439

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. ამ საკითხზე ვანო მერაბიშვილის ადვოკატი საუბრობს.

ის მიღებულ გადაწყვეტილებას დიდ გამარჯვებას უწოდებს. ადვოკატის განმარტებით, ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა. ოთარ კახიძის განმარტებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ისტორიაში სულ არის 6 საქმე, როდესაც დადგინდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, ეს არის მე-7 საქმე. მისივე თქმით, ეს უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ამგვარი დარღვევა დგინდება 100 ათასობით საქმიდან.

"ვანო მერაბიშვილი მესამე პოლიტიკოსია იულია ტიმოშენკოსა და ლუცენკოს შემდგომ, რომლებზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. ვანო მერაბიშვილის პატიმრობის აპელაცია დაუსაბუთებელი განჩინებით გამოვიდა, ასევე მას დაუსაბუთებლად გაუგრძელდა წინასწარი პატიმრობა და რაც ყველაზე მთავარია, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, მისი სისხლის სამართლებრივი დევნა, პატიმრობის გაგრძელება არ ემსახურებოდა კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს, სასამართლომ გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი, რაც პირდაპირ მიუთითა გადაწყვეტილებაში, გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვანი მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან, მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით არ იქნა გამოძიებული და ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე დაადგინა, რომ ადგილი ქონდა უხეშ დარღვევას თავისუფლების უფლებით. პრაქტიკულად, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი,“- აცხადებს ოთარ კახიძე. გთვაზობთ ფრაგმენტებს სტრასბუტგის დადგენილებიდან: 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ ასევე პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინაწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა.

საქმეზე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5.3 და 18 მუხლები. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაარღვია მერაბიშვილის უფლება სასამართლომდე გათავისუფლებაზე.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეასრულა საკუთარი ვალდებულება, დასაბუთებულად დაედგინა მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა და განეხილა არასაპატიმრო წინა სასამართლო შემაკავებელი ზომების გამოყენების შესაძლებლობა, როცა მოსარჩელის პატიმრობა დაადასტურა ზეპირად წარმოთქმული ერთი აბსტრაქტული ფრაზის საფუძველზე – „არ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის გაუქმების შესახებ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელის თავისუფლების აღკვეთის მიზანშეწონილობის განხილვის ამგვარი ზედაპირული მანერა, წარმოადგენს კონვენციის 5-ე მუხლის 3-ე ნაწილის განსაკუთრებით ფართო შეზღუდვას. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაირღვა კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილი.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მერაბიშვილის შემთხვევაში ასევე დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 18-ე მუხლიც. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მერაბიშვილის შემთხვევა გავს ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებს.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის დაბრკოლების ან შეუძლებლად გახდომის მიზნით, პოლიტიკურად აქტიური პირის უფლებების შეზღუდვის ეჭვები ყოველთვის სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, ადამიანის უფლებათა დაცვასა და დემოკრატიის ფუნქციონირებას შორის პირდაპირი კავშირიდან გამომდინარე.

ამასთან, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბრის მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ქონდა სხვა, უკანონო მიზანიც – მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.

 
წინა სტატიამოსკოვი და კონსტანტინეპოლი ე.წ. აფხაზური ეკლესიის დასაკუთრებისათვის ბრძოლაში
შემდეგი სტატიაფიროსმანის შველი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური