საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, ქართული დელეგაცია არც ერთი ფორმით არ მიიღებს მონაწილეობას მართმადიდებელ ეკლესიათა «დიდ და წმიდა კრებაში», რომელიც პირველია ათასი წლის შემდეგ და 50 წელია მზადდება.მოსკოვს აქვს პრეტენზია იყოს ,,მესამე რომი’’, და სურს აჩვენოს თავისი ძალა კონსტანტინეპოლს – ამიტომაც უცხადებს ბოიკოტს მის მიერ მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებას.
რას ნიშნავს ასეთ პირობებში ჩვენი სინოდის გადაწყვეტილება არ მიიღოს მონაწილეობა კრებაში? პასუხი ზედაპირზე დევს. და რა მოხდება, თუ საეკლესიო კრებაზე სტუმრის ან სხვა სტატუსით ვიხილავთ ვინმე დოროთე დბარს. ქართული ეკლესიის ბოიკოტით ხელგახსნილი ბართლომესაგან ეს სავსებით მოსალოდნელია. ვერაფერი ნუგეშია ვიძახოთ, რომ აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია არაკანონიკურია, ხოლო მისი წინამძღოლი ,,თვითმარქვია მიტროპოლიტი“, ეს მხოლოდ გაამყარებს აფხაზი სეპარატისტების მტკიცებას, რომ ის, რაც წარმოუდგენელია დღეს, ხვალ რეალობად იქცევა – მაგალითისთვის ის აღმაფრენაც კმარა, რაც კონიფას ჩემპიონატს მოყვა სოხუმში. ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის წიაღში მიმდინარე პროცესების მიმოხილვას
აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიია, რომელსაცსათავეში დოროთე დბარი უდგას, გამოსავალს აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებაში ხედავს და თანადგომისკენ მოუწოდებს კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბართლომეს.
არაკანონიკური აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის დროებითი მმართველი (ადრე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აფხაზეთის ეპარქიის წინამძღოლი) ბესარიონ აფლიაა კი ამტკიცებს, რომ აფხაზური ეკლესიის კანონიკური პრობლემის გადაჭრის გზას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასტან ტრადიციული კავშირების გარღმავებაშია, რამდენადაც მოსკოვიაფხაზური ეკლესიის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისაგან დაცულობისა და მისი აყვავების ერთადერთი გარანტია. აფლიაა არ უარყოფს, რომ მოსკოვის მიერ აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას მრავალი წელი დასჭირდება, რამდენადაც ამ ეტაპზე რუსეთის მართლმადოდებელი ეკლესია ვერ შეძლებს ამის გაკეთებას კანონიკური პრობლემების გამო – მას აქვს საკმაოდ მკაფიო ჩამოყალიბებული პოზიცია, რომლის თანახმად კანონიკური საზღვრები არ გადაიხედება. ეს ეხება უკრაინის ეკლესიასაც და მოლდოვის ეკლესიასაც და, რა თქმა უნდა, მოსკოვს არ სურს ასეთი პრეცედენტი შექმნას აფახაზეთის სახით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით აფხაზეთი დიდი ხანია განუდგა და ჩამოშორდა საქართველოს და ეს ლოგიკურად აყენებს აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხსაც.
დბარის აზრით, ის, რომ ,,ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უკვე ოც წელზე მეტია ვეღარ ზრუნავს აფხაზეთის მრევლზე, საკმარისია იმისათვის, რომ ანგარიში არ გაეწიოს იმ ფაქტს, რომ აფხაზური ეკლესია კანონიკურად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველობის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება და ამიტომ სავსებით სამართლიანია მისი მიღება კონსტანტინეპოლის დროებით მმართველობაში''.''.
რაც შეეხება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფალთ, ისინი გარეგნულად ცდილობენ განერიდონ ორ საეკლესიო თემს შორის მიმდინარე დავას, რადგან უფრთხიან საეკლესიო განხეთქილებას, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმოიშვა და სულ უფრო ღრმავდება, მით უფრო, რომ რომელიმე ერთი მხარის მხარდაჭერის შემთხვევაში მათ შეიძლება დაკარგონ მხარდამჭერები როგორც აფლიაას ისე დბარის სამწყსოდან.
მეორეც, და შესაძლოა, მთავარი მიზეზი მათი ჩაურევლობისა იმაში მდგომარეობს, რომ განხეთქილების მთავარი საგანია, სად უნდა ეძებოს აფხაზეთის ეკლესიამ მხარდაჭერა -კონსტანტინეპოლში თუ მოსკოვში, მოსკოვისგან ამ მხრივ უახლოეს ხანებში არაფერია მოსალოდნელი, არადა მისი განაწყენებაც არავის უნდა, რადგან ამას ნამდვილად არ მოყვება კარგი შედეგები მარიონეტული ხელისუფლებისათვის.
არის კიდევ ერთი შემაფერხებელი გარემოება – ეს არის ამ ორ თემს შორის საეკლესიო ქონების გაყოფის საკითხი. ხელისუფლებას არ სურს თავს დაიტეხოს ბრალდებები არც ერთი და არც მეორე მხრიდან, რომ მისი მხარდაჭერა მატერიალური დაინტერესებით არის განპირობებული. ახლა განსაკუთრებით მწვავედ დგას ახალი ათონის მონასტრის საკითხი. ამ რამდენიმე წლის წინათ დოროთე დბარი აფლიაას დაუკითხავად შეიჭრა და დაეპატრონა სიმონ კანანელის სახელობის მონასტერს, სადაც ახლა თავად ეწევა მღვდელმსახურებას თავისი მრევლისთვის, თუმცა ბესარიონ აფლიაა არ აპირებს დათმოს ტაძარი. აფხაზეთს დროდადრო გადაუვლის ავისმომასწავებელი მოლოდინი, რომ ბესარიონ აფლიაა შეეცდება ახლა თავად შეიჭრას იქ და ძალით გამოდევნოს დბარი თავისი მრევლითურთ და ამით აღასრულოს საეკლესიო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად დბარის იქ დარჩენა უკანონოა. თავის მხრივ დბარი ამტკიცებს, რომ მისთვის ახალი ათონის მონასტრის წართმევის გადაწყვეტილება არა საეკლესიო სასამართლოს თავისუფალი ნების გამოვლენაა, არამედ, ,,საიდუმლო წერილობითი დასმენების შედეგი“ . სხვათაშორის, საეკლესიო – სახალხო კრების მოწევევისთანავე ბესარიონ აფლიაამ ღიად განაცხადა, რომ დბარს უახლოეს დღეებში გამოაძევებს მონასტრიდან და მას ეს ძლივს გადააფიქრებინეს, უფრო ზუსტად, სხვა დროისათვის გადაადებინეს აფხაზეთის ხელისუფლებაში და, როგორც ამბობენ, მოსკოვის საპატრიარქოშიც შესაძლო გართულების თავიდან აცილების მიზნით.
ასეთი არაერთი მცდელობა აქვს და ჰქონია რაულ ხაჯიმბას და მის წინამორბედს ალექსანდრე ანქვანბსაც.
ეს უკანასკნელი ამბობს, რომ ორივე მხარეს ესმით დღემდე, რომ საეკლესიო ცხოვრება უფრო რთულად არის მოწყობილი, ვიდრე საერო, პოლიტიკური და რომ არსებული საეკლესიო კანონები გამორიცხავს აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის სწრაფად მიღწევას, ამიტომ ახალგაზრდა მღვდელმსახურების არგუმენტები დამოუკიდებლობის სწრაფი კანონიკური მიღწევის შესაძლებლობის შესახებ უფრო სპეკულაციას გავს, თუმცა კი კარგად მუშაობს საზოგადოებაში. – .
,, ჩვენ ქართული ეკლესიისგან მხოლოდ დე – ფაქტო ვართ გამოყოფილი, უარს ვამბობთ დავექვედებაროთ მას. მაგრამ არავინ, არც ერთი პატრიარქატი, კონსტანტინეპოლის პატრიარქატიც კი, არ ცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას, თუ არ იქნა საპატრიარქოების, მათ შორის თავად ქართული ეკლესიის საპატრიარქოს ურთუერთშეთანხმებული გადაწყვეტილება ამის შესახებ. ასეთია მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო კანონები და მათი გადახედვა არც მოხდება დროში, რომელიც ჩვენს თვალსაწიერში შეიძება მოექცეს.
მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ მართლმადიდებლობის აღორძინება და განვითარება ქვეყანაში ავტოკეფალიის აღიარების გარეშეც მიმდინარეობს. იმისათვის, რომ აფხაზურ ეკლესიას ჰქონდეს ყველა აუცილებელი საიდუმლოს აღსრულების უფლება, იმისათვის რომ რწმენა უფრო აქტიურად ვრცელდებოდეს ბუნებრივ გარემოში, მე მივმართე მოსკოვის პატრიარქს თხოვნით გადაეწყვიტა აფხაზეთის ეპისკოპოსის ხელდასმის საკითხი. ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის აუცილებლობაა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისათვის შემთხვევით არ მიმიმართავს. იგი ოც წელზე მეტია ყოველმხრივ ეხმარება და მხარს უჭერს აფხაზ მღვდელმსახურებს და მრევლს. ჩვენი ისტორიული საეკლესიო კავშირები ძალიან ღრმაა. და მე ჩვენს ახალგაზრდა სამღვდელოებასთან შეხვედრებზე მუდამ ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ კონსტანტენოპოლი გაცილებით შორეულია ჩვენთვის, ვიდრე რუსული. აფხაზებისთვის კონსტანტინეპოლი შეიძლება იყოს მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია, მაგრამ არა სულიერი პურის მიღების ადგილი’’ – აცხადებს იგი.
დასკვნისათვის: დბარი ( რომელიც მანამდე რუსულ ეკლესიაში მსახურობდა, მაგრამ შემდეგ კონსტანტინეპოლისაკენ მიდრეკილების გამო დაითხოვეს იქიდან) საკმაო წარმატებით ეძებს აფხაზური ეკლესიის კონსტანტინოპოლთან დაახლოების გზებს. და მას ამის ზურგიც აქვს – მართალია იგი კანონიკური თვალსაზრისით თვითმარქვია მიტროპოლიტია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ბართლომესათვის თავის რეზიდენციაში მიეღო იგი .
მანამდეც და ამ შეხვედრის შემდეგაც კონსტანტინეპოლი უხეშად ერეოდა აფხაზეთის საქმეებში – არ ისმენდა საქართველოს საპატრიარქოს გაფრთხილებას, რომ მიღება დბარისა, რომელიც მოითხოვს აფხაზეთის გადაცემას კონსტანტინოპოლის მმართველობაში, არის საეკლესიო სეპარატიზმის მხარდაჭერა და ლტოლვილი მრევლისა და ღვთისმსახურთა ინტერესების იგნორირება.
მაგრამ ყველაზე საშიში არის ის, რომ არც კონსტანტინეპოლი და არც მოსკოვი საქართველოს აღარ მიიჩნევს შემაფერხებელ ფაქტორად აფხაზური ეკლესიის დასაკუთრებისათვის ბრძოლაში, ამ საკითხში მათი პოზიცია ერთია – აფხაზურ ეკლესიას ისინი მხოლოდ სიტყვიერად აღიარებენ ქართული ეკლესიის განუყოფელ ნაწილად, საქმით კი ქართული ეკლესიისგან განდგომილ მღვდელმსახურებს ამწესებენ აფხაზეთის ეკლესია – მონასტრებში. მათ სათავისოდ ეს პრობლემა მოაზრებული და გადაჭრილი აქვთ და მხოლოდ საჭირო დროს ელოდებიან. ამდენად, კონსტანტინეპოლში არწასვლა არ არის გამოსავალი ქართული ეკლესიისათვის. ალბათ მაინც არ ღირდა მოსკოვისადმი მაამებლობის გამო ამ დიპლომატიურ შესაძლებლობაზე უარის თქმა.