“ნაცნობ ქიმერათა ფერხული” – გელა ჩარკვიანი სამეგრელოში

0
474

 დღეს წალენჯიხაში  გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული ჩანაწერების "ნაცნობ ქიმერათა ფერხული" პრეზენტაცია გაიმართება.   მკითხველს წიგნს თავად ავტორი წარუდგენს ისევე, როგორც გუშინ ზუგდიდში, სადაც   დიპლომატი და მწერალი ზუგდიდის Art House-ისა და გამომცემლობა ,,ინტელექტის'' ერთობლივი პროექტის ფარგლებში იქნა მიწვეული.

წიგნი ,,ნაცნობ ქიმერათა ფერხული'' გამომცემლობა "ინტელექტის" მიერ არის გამოცემული და როგორც მის წინასიტყვაობაშია ნათქვამი, გელა ჩარკვიანის პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფიაა. უფრო სწორად, ავტობიოგრაფია, რომელიც საკმაოდ არაორდინარული და ხშირად დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილის მიერ იწერება.

წიგნს უამრავი პერსონაჟი ჰყავს. თხრობის პროცესში ისინი კონტრასტულად ენაცვლებიან ერთმანეთს, მაგრამ არსებობს ადგილი, სივრცე, სადაც ავტორი მათ შეკრებას ახერხებს: საბჭოთა საქართველოს უმაღლესი ხელისუფალის ოჯახი და ქვეყნის მეორე პრეზიდენტის კანცელარია. გელა ჩარკვიანის მრავალმხრივი პერსონის როლებიც განსხვავებულია ამ ავტობიოგრაფიულ საგაში: ის ჯერ კომუნისტი უფლისწულია, შემდეგ არატრადიციული საბჭოთა ახალგაზრდა, რომელსაც აკრძალული მუსიკა და ქალაქური ანდერგრაუნდი იზიდავს, მოგვიანებით – რკინის ფარდის მიღმა არსებული თავისუფალი დასავლური სამყაროს პოპულარიზატორი და არაერთი საზოგადოებრივი ინიციატივის ავტორი,გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი და მისი საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი,პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერი და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
ავტორი გულწრფელად გვიყვება ადამიანურ ისტორიებს, „ივენთებს“, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს და ამ ყველაფერთან ერთად გვიზიარებს პროფესიონალის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ამ წიგნს განსაკუთრებულად საჭიროს და ღირებულს ხდის.''

გუშინდელ შეხვედრაზე გელა ჩარკვიანმა ისაუბრა აგრეთვე კიდევ ორ წიგნზე, რომელსაც ქართული საზოგადოება  დიდი ინტერესით შეხვდა – ეს არის ,,ინტერვიუ მამასთან"  და  ორმოქმედებიანი მუსიკალური დრამა ,,ნარგიზა." 
 

ცნობისათვის: ,,ინტერვიუ მამასთან'' წარმოადგენს კანდიდ ჩარკვიანთან  საუბრების შეჯერებულ ვარიანტს . „რთულ პირობებში, უხარისხო აპარატურით, ჯერ მეოთხე სამმართველოს ვაკის საავადმყოფოში, მერე კი ჩემი მშობლების ბინაში კამოს ქუჩაზე 1989-92 წლებში მოვახერხე მამაჩემის ცხრასაათიანი ინტერვიუს აუდიო და ვიდეოფირებზე დაფიქსირება. .კანდიდ ჩარკვიანის, როგორც ისტორიული წყაროს, სასარგებლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ მას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ჰქონდა კარგი მეხსიერება, იყო განათლებული ადამიანი, საფუძვლიანად ფლობდა გერმანულ ენას, ერთნაირად კარგად წერდა ქართულად და რუსულად, 30-იან წლებში მუშაობდა ჟურნალისტად – “ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქტორად. მამაჩემი არ ყოფილა რეპრესირებული. შესაძლოა, სწორედ ამის გამო, მიუხედავად იმ სასტიკ, მარად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მიმდინარე პოლიტიკურ კონკურენციაში მონაწილეობისა, იგი ნაკლებად ავლენს მიკერძოებას. მისი შეფასებები მთლიანობაში მოკლებულია გესლსა და ქილიკს.პოლიტიკური მოღვაწეების შვილები თავიანთ ნაწერებსა თუ ზეპირ გამოსვლებში, უმეტესწილად, ცდილობენ, მამები განადიდონ ან მათი ქმედებები გაამართლონ. მე ამგვარ მიზანს არ ვისახავ და არც რაიმე ილუზიები მაქვს. რაკი წარმოვიდგენ 30-იანი წლების საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ რეალობას და ამ კონტექსტში მამაჩემის წარმატებული პარტიული კარიერის ელვისებურად აღმავალ ტრაექტორიას, ეჭვი არ მეპარება, რომ მაშინაც და შემდეგაც მას არაერთ მორალურ კომპრომისზე მოუხდებოდა წასვლა. და მაინც, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: კანდიდ ჩარკვიანის შვილობას ჩემთვის პრობლემა არასდროს შეუქმნია…''- ამბობს გელა ჩარკვიანი.

რაც შეეხება „ნარგიზას“, იგი, როგორც ავტორი ამბობს, 1974 წლის გაზაფხულზე შეიქმნა, შეიძლება ითქვას, ნიძლავზე ან კიდევ თავდაჯერებული, ავანტიურული შეპირების გამო.

,,1973 წლის შემოდგომაზე მე და ოთარ წერეთელი რევაზ ლაღიძის ოპერას, „ლელას“ პრემიერას ვესწრებოდით, ანტრაქტის დროს ფოიეში კომპოზიტორის ქალიშვილი ლელა ლაღიძე და მისი მეგობარი ნარგიზა გარდაფხაძე შემოგვხვდნენ. ნარგიზა მოწყენილი ჩანდა. შევეკითხე: „რა იყო, ნარგიზ, პირისახე იმიტომ ხომ არ ჩამოგტირის, მამაშენმა ოპერა რომ არ მოგიძღვნა?“ (კარლო გარდაფხაძე საქართველოში მაშინ არსებულ ერთადერთ ტელევიზიას ხელმძღვანელობდა) და დავძინე: „შემიძლია დაგენიძლავო, რომ ერთ თვეში ოთარი და მე ოპერას დაგიწერთ და, ბუნებრივია, „ნარგიზას“ დავარქმევთ. 
„ნარგიზა“ საკონცერტო შესრულებით პირველად საზოგადოებას 1974 წლის პირველ მარტს წარვუდგინეთ. მეორედ კვლავ ჩემს დაბადების დღეს, 1976 წლის პირველ მარტს შესრულდა. ამ დროისთვის სიუჟეტმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. 
2006 წელს ჩემთვის სრულიად მოულოდნელად შესაძლებელი გახდა „ნარგიზას“, ვიტყოდი, კამერული ვარიანტის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა. 
წიგნს, რომელიც ,,არტანუჯმა" გამოსცა,  ერთვის ფოტოები  გელა ჩარკვიანის პირადი არქივიდან და კომპაქტური დისკი. 

 

პრეზენტაციაზე მისულ ზუგდიდელ და წალენჯიხელ მკითხველებს მიეცათ  სამივე ამ წიგნის შეძენისა და, რაც მთავარია, ავტორთან დიალოგის, მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. 

წინა სტატიაეს იყო ყველაზე რბილი სასჯელი – ნიკა მელია კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ
შემდეგი სტატიარუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ასაჯაროებს ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას “რუსთავი 2”-სა და “ტაბულასთვის”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური