ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა. ყოფილი პრემიერი მიმართვაში ძველსა და ახალ დაპირებებზე, სამომავლო გეგმებზე, ქვეყნის მომავალზე და წარსულში დაბრუნების საფრთხეებზე საუბრობს.
,,როგორ ვაპირებ საარჩევნო პროცესში ჩართვას და პირადად რა მონაწილეობას მივიღებ, ამაზე წერილის ბოლოს ვისაუბრებ, ახლა კი მოკლედ შევაჯამებ და შევაფასებ გასულ ოთხწელიწადნახევარს – რა გზა გამოვიარეთ, სად ვართ და საით მივდივართ. მინდა, მოსახლეობას ანგარიში ჩავაბარო, ვინაიდან 2011 წელს სწორედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა და, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ვარ, ამ პასუხისმგებლობას დღემდე ვგრძნობ.'' – წერს ბიძინა ივანიშვილი წერილში, რომელსაც თავიდან ბოლომდე გასდევს წარსულში დაბრუნების საფრთხის შეგრძნება.
"წელს მთელი საზოგადოება პოლიტიკური სიმწიფის გამოცდას ვაბარებთ. ადრე თეთრსა და შავს შორის ვირჩევდით, დღეს უკვე ბევრი ფერია, გაჩნდა არჩევანის თავისუფლება – ყველა საკუთარ სიმართლეს ამტკიცებს, ყველა საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ამიტომ, გაცილებით რთულია მართებული არჩევანის გაკეთება.
სიცრუის მანქანა ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და პირად ჩემს მიმართაც. ამის მიზეზი, მხოლოდ ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის მათ დამარცხებაში, სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან.
იგი პირდაპირ და არაერთგზის ასახელებს მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას, რომელიც თავისი რეიტინგებით საფრთხეს უქმნის მისეული ხედვის განხორციელებას და აცხადებს, რომ აუცილებლადგამოიყენებს მთელ თავის რესურსს, ,,რათა მათ დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ.''
შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ, ერთი მხრივ, გვაქვს მაღალი ხარისხის დემოკრატია და, მეორე მხრივ, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკის განვითარება. ასეთი განსხვავება დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის იშვიათია და ძნელად თუ სადმე მოიძებნება. როგორც წესი, დემოკრატიის ხარისხი შეესაბამება ეკონომიკის განვითარებას. დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ავტორიტარიზმში დაბრუნების ნიადაგს ქმნის, ხოლო ქვეყნის მომავალი დემოკრატიის განუხრელად განვითარებას მოითხოვს. რასაკვირველია, ჩვენ მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ.
სააკაშვილს ხელისუფლების იდეოლოგები ღიად ასაბუთებდნენ, რომ საქართველოს – ეკონომიკის სწრაფი წინსვლისა და მოდერნიზაციისთვის – აუცილებლად სჭირდებოდა ავტორიტარული რეჟიმი და რკინის ხელი – პოლიტიკურად ჩამორჩენილი ხალხი პატარა ჯგუფს უნდა ემართა. ამაში არწმუნებდნენ უცხოელებსაც და ამ შთაბეჭდილების შესაქმნელად დადგმულ სპექტაკლებს და უხეშ პროვაკაციებსაც არ ერიდებოდნენ. თუმცა, ვითომდა ქვეყნის საკეთილდღეოდ გამიზნული ამგვარი ქმედებები საბოლოოდ დასრულდა ერთი ჯგუფის მიერ ძალაუფლების უზურპირებით და ელიტური კორუფციით.
აუცილებელია, მთელმა საზოგადოებამ გავაცნობიეროთ ის ხიფათი, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის სხვაობას ახლავს. ავტორიტარიზმის პირობებში ხელისუფლება მართავს საზოგადოებრივ აზრს – ერთი მხრივ, ხელოვნურად ნერგავს ოპტიმიზს და ცხოვრებას საამურად წარმოაჩენს, ამასთან ერთად კი ძალადობით ახშობს უკმაყოფილების გამოვლინებებს. დემოკრატიის პირობებში კი ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეული განწყობების გამომზეურებას ხელს არაფერი უშლის.
სწორედ აქ უნდა მოვუხმოთ გონიერებას და კარგად გავიაზროთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება. უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი ხარისხი და მას დავაწიოთ ეკონომიკა. მხოლოდ ეს მოგვიტანს მშვიდობას და კეთილდღეობას!- წერს ბიძინა ივანიშვილი