იქნება თუ არა ანა წითლიძე სამეგრელოს ახალი სახე პარლამენტში?

0
374
"ანი წითლიძე ნამდვილად იმსახურებს იყოს ხალხის რჩეული", "შენ მხარდაჭერას იმსახურებ", "გულწრფელად გამიხარდება გიხილოთ პარლამენტში", "ანი წითლიძე უნდა იყოს 2016 წლის საპარლამენტო სიის ათეულში" – ეს და მსგავსი შინაარსის პოსტები ცოტა ხნის წინ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის მხარდასაჭერ ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა. გვერდი დაახლოებით 5 დღის წინ არის შექმნილი და მისი მოდერატორები ახალგაზრდები არიან. ანა წითლიძის მხარდასაჭერ გვერდზე გაზიარებულია მისი გამოსვლების ვიდეორგოლები, ადგილობრივი მედიის საშუალებებში გასული სიუჟეტები და სტატიები, ფოტოები, რომელიც საკრებულოს დეპუტატის შეხვედრებს ასახავს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
 
დაახლოებით ორი დღის წინ ფეისბუქგვერდზე "ანა წითლიძის მხარდამჭერები" გამოჩნდა პოსტები, სადაც ცნობილი ზუგდიდელები, რიგითი მოქალაქეები, სოციალურად დაუცველები, იძულებით გადაადგილებული პირები, ლექტორები, ახალგაზრდები და პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლები ანა წითლიძის მხარდასაჭერ პოსტებს ათავსებენ და აღნიშნავენ, რომ ანა წითლიძე სამეგრელოს [ზუგდიდის] ღირსეული კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებზე.
 
"ანი, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა ის, რომ ადამიანს, რომელსაც უნდა მართლა იცხოვროს ისე, რომ მის ცხოვრებას რეალურად აზრი ჰქონდეს, მუდმივად სჭირდება მეტი ასპარეზი, იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს. შენ უკვე გჭირდება მეტი საშუალება იმისთვის, რომ ემსახურო იმას, რაც ასე გიყვარს და მიგაჩნია, რომ მხოლოდ შენ არ გეკუთვნის, შენს იდეას უნდა ემსახურო, რომლისაც ბევრს სჯერა. რთულია ასპარეზი, მაგრამ ეს მხოლოდ შენი გზა და საჭიროება არ არის ანი. წინ იარე" – წერს ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბელა მოსია ანა წითლიძეზე.
 
"ქარიზმატული და სიცოცხლით სავსე, ძალიან განათლებული და ერუდირებული, პროგრესული და უკომპრომისო, ეს ანი წითლიძეა! ამ კაფანდარა გოგომ, უკვე თქვა თავისი სიტყვა სამეგრელოს რეგიონში! თქვა,როგორც ზუგდიდს საკრებულოს წევრმა, აჩვენა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციაში მყოფმა, რამდენიმე თამამებრძოლთან ერთად, გაარღვიო მოჯადოებული წრე და დაიმკვიდრო შენი ადგილი! ანი იყო, ყველგან! ხალხს ის ეიმედება! აქ არ შეიძლება, არ ვახსენო სამეგრელოს განვითარების ცენტრი! ამ ცენტრში ბევრი ახალგაზრდა, სრულიად უფასოდ ღებულობს განათლებას, იძენენ ლიდერის უნარ-ჩვევებს! ლაღი და თავისუფალი, სამშობლოზე შეყვარებული და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული თაობა იზრდება ამ ცენტრში! ანი წითლიძე-უმაგრესი გოგო ხარ შენ! წინ, თავაწეულად ახალი გამარჯვებებისკენ!" – წერს წალენჯიხის რესუსრცენტრის ყოფილი უფროსი რუსუდან სამუშია.
 
"ზუგდიდი. ტვ "ოდიშის" სტუდია. დიდი რია-რიაა, პირდაპირი ეთერისთვის ვემზადებით, თოქ-შოუ იწყება და, პირველად ქართულ ტელესივრცეში, რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების სარდალი, გენერალი სერგეი ჩაბანი მონაწილეობს. სტუდიაში საზოგადოების ყველა ფენაა, დევნილები – განსაკუთრებით. არ ვიცი, მაშინ როგორ დაგვთანხმდნენ ამ ფორმატს რუსი ოკუპანტები, რატომ დაიმარხეს თავი. ანის მონაწილეობა ამ გადაცემაში სულ ბოლო წამებზე გადაწყდა, მახსოვს, ბოლო წამს შევიდა სტუდიაში და ნამდვილი ცეცხლი დაანთო. მანამდეც ვიცნობდი, მანამდეც მიყვარდა, იმ დღის მერე ხომ მიყვარს და მიყვარს. და, რასაც ვხედავ და ვაკვირდები, ანიმ მთავარ პრინციპს არ გადაუხვია – თავმდაბალი, უშუალოა ყველასთან, ყველგან მიდის, სადაც რამე მნიშვნელოვანი ხდება, უსმენს ყველას… აზრის გამოხატვა იცის და მოსაზრების დაცვა შეუძლია პრინციპულად. ეს და კიდევ ბევრი სხვა თვისებაა სწორედ ის ძირითადი, რის გამოც ანი წითლიძე ნამდვილად იმსახურებს, იყოს ხალხის რჩეული. ათეული-ოცეული და რაღაცეები არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იმსახურებს." -წერს ჟურნალისტი, რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლაშა ბერულავა.
 
"ახლოს არ გიცნობთ, ანი. თქვენს მოღვაწეობას ვაკვირდები სოციალური ქსელის მეშვეობით. ვფიქრობ, რომ გულწრფელი ხართ თქვენს ქმედებებში. მიუხედავად თავდასხმებისა, თქვენ არ იხევთ უკან, არ აკეთებთ უღირს კომპრომისებსდა შეუპოვრად იბრძვით იმისთვის, რაც გწამთ. ვერავინ ვერ უარყოფს თქვენს განათლებას, გონიერებას, ბრძოლის უნარს და პატრიოტიზმს. ობიექტურობაში, სიმართლის თქმაში, ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ გულწრფელ ქმედებებში მხარს გიჭერთ. ბევრისგან განსხვავებით არ ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ დესტრუქციული ძალა. წარმატებებს გისურვებთ. გულწრფელად გამიხარდება გიხილოთ პარლამენტში" – წერს ცნობილი ზუგდიდელი ექიმი ვახტანგ კუკავა. 
 
"ბოლო ოთხ წელიწადში პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ პრობლემებში, ნეპოტიზმისა და კორუფციის ჭაობში ჩაძირულ სამეგრელოს ძალუმად რომ შეარყევ, შეაჯანჯღარებ, გამოაფხიზლებ, მოქალაქეებში მომავლის იმედს გააჩენ კაფანდარა გოგო, ეს გმირობის ტოლფასია და ასეთია ანი წითლიძე, სულით ძლიერი, რეგიონის საჯარო სივრცის უპირობო ლიდერი! წარმატებები მას!" – წერს საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ლემონჯავა.
 
ეს მცირე ჩამონათვალია იმ პოსტების, რომელიც ფეიბუქგვერდ "ანა წითლიძის მხარდამჭერები" -ში არის განთავსებული. პოსტებთან ერთად საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატის მხარდასაჭერად ადამიანები ვიდეორგოლებსაც ათავსებენ, სადაც გამოთქვამენ სურვილს, რომ ანა წითლიძე უნდა იყოს 2016 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტში. 
 
ამ დროისთვის დეპუტატის მხარდასაჭერ გვერდს 1 463 მოწონება, ე.წ "ლაიქი" აქვს. 
 
აღნიშნული მხარდასაჭერი პოსტების პასუხად ანა წითლიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ "ეს მხარდაჭერა დიდი პასუხისმგებლობა და სტიმულია მისთვის".
 

წინა სტატიაგუბერნატორის ინიციატივით ანაკლიაში დასუფთავების აქცია ჩატარდა
შემდეგი სტატიადღეს ევროპარლამენტში სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური