სოხუმში შიშობენ, რომ ,,აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლისა და გამოსვლის წესების შესახებ'' კანონის მიღება შეიძლება ,,დამღუპველად აისახოს სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე''.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,კიარაზაა’’- ს თავმჯდომარე დიმიტრი დბარი გაუაზრებელს უწოდებს კანონის მიღებას, რომელიც 1 აპრილიდან შევიდა ძალაში. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ პალატაში გამართულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხედრაზე განაცხადა, რომ ამ ,,პირველი აპრილიდან ამოქმედდა ახალი სასაშვო სისტემა საქართველოს მოქალაქეებისათვის – ახლა საშვს გასცემს არა საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც უაღრესად მცდარი გადაწყვეტილებაა: შსს – ს არა აქვს საკმარისი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველებისა და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობის შესახებ აფხაზეთის წინააღმდეგ ომში. ხომ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოყვეს ამას?’’ – განაცხადა დბარმა. იგი ვერ დააკმაყოფილა ვიტალი გაბნიას განმარტებამ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის გამორთული ამ პროცესიდან.
,,თქვენ ამბობთ, რომ წარსულ წლებში ეს პროცესი მეტისმეტად გამარტივებული იყო. რით განსხვავდება დღევანდელი სიტუაცია მაშინდელისაგან? კონტრაბანდას დღესაც აქვს ადგილი, საქართველოში სამედიცინო მომსახურების მიზნით მიმავალთა რაოდენობც გაიზარდა, საზღვარზე ორი გამშვები პუნქტის დახურვას არსებითად არაფერი შეუცვლია.‘’
დბარმა განაცხადა, რომ შეუძლია წარმოადგინოს უამრავი ფაქტი და შესაბამისი ფოტო მასალა, რომელზეც აღბეჭდილია, რა მარტივად, ყოველგვარი გართულების გარეშე გადაადგილდებიან აფხაზეთ -საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს მოქალაქეები.
,,თქვენ ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებთ საზღვრის გადაკვეთის გამარტივებაში, მაგრამ სინამდვილეში თავად თქვენ აკეთებთ ამას. გალის რაიონის ნებისმიერი სოფლის ხელმძღვანელს შეუძლია გასცეს ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ და, უფრო მეტიც, საქართველოში მცხოვრებ ადამიანს მისცეს ცნობა იმის შესახებ, რომ მას აქ ნათესავები ჰყავს. არადა, ველოდით, რომ ამ პროცესებზე მეტი კონტროლი დაწესდებოდა.
დიმიტრი დბარმა ეჭვქვეშ დააყენა შსს- ს მიერ წარმოდგენილი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ დანაშაულობათა რიცხვი შემცირდა, ხოლო გახსნილ დანაშაულობათა რიცხვი გაიზარდა. ,,მე, როგორც სამართალდამცველი ორგანოების ყოფილმა თანამშრომელმა, ვიცი, რომ ეს ციფრები არ გვექნებოდა, რომ დანაშაულობათა დაფარვას არ ჰქონდეს ადგილი. შსს – ს მიერ წარმოდგენილი ციფრები გადამოწმებას მოითხოვს. გარწმუნებთ, სულ სხვა სურათს მივიღებთ. მე თუნდაც ჩემი რაიონის მაგალითზე ვიცი, რა ხშირია გაქურდვის ფაქტები..’’ – განაცხადა მან.
-გეთანხმებით, მაგრამ ეს ასე იყო ყოველთვის – შეეკამათა ვიტალი გაბნია.
-მეც გეთანხმებით, მაგრამ ახლა ხომ ავშენდით და ავყვავდით! – უპასუხა დბარმა.
ეს უკანასკნელი დაინტერესდა, აგრეთვე, რის საფუძველზე შეწყდა მინისტრ ლეონიდ ძაფშბასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე – ,,რატომ არავინ გვიხსნის, რა მიზეზით დაიხურა ეს საქმე? როგორ ხდება რომ იარაღის ტარების ნებართვა უპრობლემოდ გაიცემა მათზე, ვისაც ამის უფლება არა აქვთ ? ჩვენში რა, პრივილეგირებული პერსონების კასტა გაჩნდა? მე წარმოგიდგენთ ამ ადამიანების სიას და გთხოვთ ამიხსნათ, როგორ აღმოჩნდა მათ ხელში იარაღი, როგორ ანიჭებთ გენერლის წოდებას ადამიანს, რომელსაც კრიმინალური წარსული აქვს? ‘’
დბარის ყველა ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როგორც იტყვიან ისინი უბრალოდ ,,გაატარეს“. – წერს ,,აფხაზია ინფორმი"