ჯორჯ ჰიუიტს ძველი დრო ენატრება

0
408

,,მახსოვს, როგორ ყვაოდა და ცხოვრობდა აფხაზეთი 1989  წლამდე. ეს იყო ადგილი, სადაც ჩემი დაკვირვებით   ყველაფერი ერთნაირად ეკუთვნოდა ყველას,  მიუხედავად ეროვნებისა. დაძაბულობა აფხაზებსა და ქართველებს შორის, რა თქმა უნდა არსებობდა, მაგრამ ამის შესახებ უფრო ენგურს გაღმა მესმოდა, ვიდრე   ოჩამჩირეში,  სადაც აფხაზეთში სტუმრობის უმეტეს დროს  ვატარებდით მე და  ჩემი მეუღლე.   მეზობლებს აქ ძალზე  ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.  იმდენად ენდობოდნენ ერთმანეთს, რომ სახლის დაკეტვითაც არ იწუხებდნენ თავს, როცა სადმე მიდიოდნენ’’.  –  აფხაზური სეპარატიზმის ერთერთი იდეოლოგი, ბრიტანელი ენათმეცნიერი ჯორჯ ჰიუიტი ვრცელ ინტერვიუს აძლევს სააგენტოს sukhum-moscow.ru 

ჰიუიტი ამბობს, რომ 1992 წელს აფხაზეთში სტუმრობდა მეუღლის მამისეულ სახლში და ომის დაწყებამდე  ორი კვირით ადრე გაასწრო იქიდან. აქ იგი  1996 წლამდე არ დაბრუნებულა. ,,მახსოვს, როგორ გაგვაოგნა დაცარიელებული, დანგრეული ოჩამჩირის დანახვამ.   ეს უკვე ქალაქი მოჩვენება იყო და აღარაფრით მაგონებდა იმას,  როგორიც ვნახე იგი პირველად – სიცოცხლით სავსე,  მჩქეფარე  კურორტი, სადაც არ წყდებოდა სამხრეთის მზეზე  გადარეული რუსების ნაკადი.

ომამდელი დროის ნოსტალგიის მიუხედავად  ჯორჯ ჰიუიტი არ მალავს, რომ ბევრი რამ არ მოსწონდა როგორც საბჭოთა ცხოვრებაში, ისე  მაშინდელ აფხაზეთშიც.  ზოგადად საბჭოთა კავშირში  ეს იყო არნახული ბიუროკრატია, უხეში დამოკიდებულება კლიენტებისადმი, თან, მოქალაქეთა  ინდიფერენტულობა,  სასჯელისაგან თავის დაღწევის  შესაძლებლობა ნათესავების დახმარებით. საკუთრივ აფხაზეთში არ მოსწონდა, მაგალითად, ის, რომ  ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ უფრო აფასებდნენ, ვიდრე სიცოცხლეში.  სხვა მინუსებიც, როგორც იგი ამბობს, არა თუ იკლო, გაიზარდა და უფრო მეტიც, სიტუაცია მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.

ჰიუიტი ლაპარაკობს კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც მას განსაკუთრებით აღელვებს: ,,თუ 70 – 80 – იან წლებში ნებისმიერ დამკვირვებელს აღაფრთოვანებდა  აფხაზეთში ჩამოყალიბებული ეთნიკური, ეროვნებათაშორისი ურთიერთობები, რომელიც იმჟამინდელ ყოფას ახასიათებდა, დღეს აფხაზთაგან  ხშირად გაიგონებ ლაპარაკს მათ ეთნიკურ აღმატებულებაზე, თუმცა ბევრი წუხს იმაზეც, რომ გალში, ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში ადგილობრივი მეგრული მოსახლეობის უფლებები ირღვევა. ეს ყველაფერი შემაშფოთებლად გვახსენებს იმას, თუ  რა ხდებოდა მაშინდელ თბილისში, მაშინდელი ლიდერების აფრიალებულ ლოზუნგებს ქართველების  ეთნიკური განსაკუთრებულობის  შესახებ და ყველამ ვიცით, სანამდე მიიყვანა ამან ყველაფერი.’’ – ირიბად აფრთხილებს   ჰიუიტი მათ, ვინც დღეს პოლიტიკურ ამინდს ქმნის აფხაზეთში. 

 

 

წინა სტატიაNDI: უმეტესობის აზრით, ეკონომიკის ცუდი მდგომარეობის მიზეზი მთავრობის შეცდომებია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი რეფორმატორთა გუნდთან ერთად ოპოზიციაში მიდის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური