გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი აღდგება

0
389

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი აღდგება – ამის შესახებ პრინციპული შეთანხმება მიღწეულ იქნა  ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების 35 – ე რაუნდზე.

საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება  სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

მოლაპარაკებებზე  დადებითად შეფასდა პატიმრების გაცვლა, როგორც ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თანათავმჯდომარეები და მონაწილეები მიესალმნენ ასევე ცხინვალის მიმართულებით სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის აღდგენას, რომლის ფარგლებშიც წითელი ჯვრის მედიატორობით განიხილება უგზო უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხები.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოდან მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მილიტერიზაციის პროცესსა და გახშირებულ სამხედრო წვრთნებს, ასევე ე.წ. "ხელშეკრულებების" აქტიური იმპლემენტაციის გზით, რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ინტეგრაციის შედეგებს.

ამ ფონზე, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყნების ვალდებულების აღებისა და ადგილზე უსაფრთხოებისა საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით. 
მონაწილეებმა საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ასევე მარტის დასაწყისში სოფელ ჯარიაშენთან განვითარებულ მოვლენებზე. აღინიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობას როგორც თავისუფალი გადაადგილების, ისე საკუთრების უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიღებულ ახალ დისკრიმინაციულ რეგულაციებზე, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებს ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილას ცხოვრებას და წარმოადგენს გამოწვევას ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მიერ საკუთარ მიწასთან წვდომის საკითხი და მოითხოვა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების პატივისცემა. განხილულ იქნა , ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობის,  იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების, ჰუმანიტარული ვიზიტებისა და თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის საკითხები.

 

წინა სტატიამძღოლებმა შიმშილობა შეწყვიტეს
შემდეგი სტატია25 მარტი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური