ოქროს ხელები

Published on

 ვაშლი, კივი, ხურმა, მსხალი, ლეღვი, მანდარინი, ყურძენი, საზამთრო, ნესვი, ტყემალი, ქლიავი, ბუშმალა – ხილის თითქმის ყველა  სახეობისგან 45 წლის მაია შენგელია  საკუთარი ტექნოლოგიებითა და მეთოდებით  „ქართულ ჩირს“ აწარმოებს.

   შპს „ქართული ჩირი“- ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს ადგილობრივ ბაზარზე. ამ დარგის განვითარების ტენდენცია  ბაზარზე არსებული მოთხოვნილების შესაბამისად მზარდია.  მაიამ ეს საქმიანობა  20 წლის წინ ოჯახურ  პირობებში დაიწყო.

   „90-იანი  წლები იყო,  ომიანობის პერიოდი,  სახლიდან გარეთ   რომ ვერავინ ბედავდა გასვლას, და სწორედ მაშინ  გადავწყვიტე, რაღაცა მეკეთებინა სახლში,  თან ახალი გათხოვილი ვიყავი.  ჩემი მშობლები  მხოლოდ ლეღვისგან და ვაშლისგან ამზადებდნენ ახალი წლისთვის ჩირებს, ვიფიქრე თუ ლეღვისგან  და ვაშლისგან არის შესაძლებელი ჩირების მომზადება,  რატომ არ შეიძლებოდა  სხვა ხილიც მეცადა.  დროდადრო ახალ-ახალი იდეები იბადებოდა და ასე მრავალფეროვანი გავხადე ჩირის გაშრობა“, -ამბობს მაია.

   როგორც მაია გვიყვება,  ჩირების მომზადება ერთი საქმეა, მეორე და უფრო მეტად მნიშვნელოვანია გაფორმების პროცესი. იგი  უკვე  წლებია  ამ საქმიანობით არის გატაცებული, რასაც თავიდან  ქველმოქმედების სახე ქონდა და მის მიერ გაკეთებული ჩირების ასორტი  მხოლოდ მეგობრებისა და ახლო ნათესავების მაგიდებს ამშვენებდა. შემდეგ უკვე კერძო შეკვეთების მიღება დაიწყო და ამით ოჯახს მცირე შემოსავალიც გაუჩნდა.

   ორი პროფესიის მქონე ქალბატონი,  რადიო აპარატის მემონტაჟე და ინჟინერ ეკონომისტი  საყვარელი საქმიანობით დღეს აქტიურად არის დაკავებული.

     „ჩვენი ასაკის ხალხი ვთვლი,  რომ ყველაზე მეტად დაიჩაგრა, 45 წლის ვარ და ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, თუ არ ჩავთვლი რამდენიმე თვეს სოხუმში, როცა რადიო აპარატის მემომტაჟედ ვმუშაობდი აგუძერაში, ეს იყო და ეს, იქ დასრულებულა ჩემი სამსახურებრივი საქმიანობა, დღეს უკვე უსაყვარლესი საქმით ვარ დაკავებული, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებაში მიწყობს ხელს“.

      მაიას ორი წლის წინ ექიმებმა მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რამაც დროებით შეუშალა ხელი გაეგრძელებინა ჩირების მომზადება.

      „სამწუხაროდ დიდ პარტიებს ვერ ვამზადებ, რადგანაც მეორე წელია, რაც მკერდის კიბოთი ვარ დაავადებული და თვეში ერთხელ მიწევს ქიმიური პრეპარატებით მკურნალობა.   მინდა ყველა ჩემნიარ ავადმყოფს მოვუწოდო, არ უნდა დანებდნენ, იმედი უნდა ქონდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე თავიდან კარგა ხანი დეპრესიაში ვიყავი, ყველაფერი მივატოვე, მერე მივხვდი, რომ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები ძალიან განიცდიდნენ ჩემს მდგომარეობას  და ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, როგორმე ცხოვრება თავიდან გამეგრძელებინა.  ჩემი ოჯახის წევრები და  მეგობრები ძალიან დამეხმარნენ, რადგანაც ამ საქმეს  დიდი ენერგია  და  შრომა სჭიდება.  ჩემი მითითებით ყველაფერს თავადვე აკეთებენ, მე მიწევს გაფორმება, ამას ვერავის ვერ ვანდობ“, -გვითხრა ღიმილით მაიამ და დასძინა, რომ საკუთარი ფანტაზიით მომზადებული ჩირები არის ნატურალური,  ჯანმრთელი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.

     „კეთილი ადამიანების დახმარებით დეპრესია გამოვიარე და ვცდილობ, რომ ამით გავერთო და გადავერთო, მე სიკვდილს ჯერ არ ველოდები.  მინდა სტიმული მივცე ჩემნაირ ავადმყოფ ქალბატონებს, ასეთ დროს საყვარელი საქმით დაკავდნენ და  ცუდზე არ იფიქრონ“.

       ის თავის წარმატებას მაია მიქავას უკავშირებს, რომელიც პირველი იყო ვინც დაინტერესდა მისი  საქმიანობით და გადაწყვიტა ამ ყველაფერს თავისი ფორმა და სახე ჰქონოდა. სწორედ ამის შემდეგ ჩამოყალიბდა შპს „ქართული ჩირი“ და დაიწყო, ის რაც დღეს, ყველა  აღფრთოვანებაში მოყავს.

      „მაია და მე რამდენიმე წლის წინ დავნათესავდით და ჩვენთან როცა ოჯახში პირველად მოვიდა საჩუქრად მოგვიტანა ლამაზად გაფორმებული ჩირები და მაშინათვე გაოგნებული დავრჩი.  მე იმ პერიოდში გაეროს  განვითარების ფონდში ვმუშაობდი სოფლის მეურნეობის კუთხით  და რა თქმა უნდა მივხვდი,  რომ ჩვენთვის საუკეთესო ბენეფიციარი იქნებოდა“, -ამბობს სამეგრელოს რეგიონში  სოფლის მეურნეობის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიქავა.  

     მისი თქმით, ზუსტად ერთ წელზე მეტი დასჭირდა დაეთანხმებინა და დაერწმუნებინა მაია, რომ მას ამ საქმიანობით მცირე ბიზნესი ეწაროებინა.

   „ძალიან  თავმდაბალი ქალბატონია და არ სჯეროდა, რომ მისი გატაცებით ვინმე დაინტერესდებოდა.   შემდეგ ჩვენთან გამოცხადდა კონკურსი სადაც  შევატანინე პროექტი, დაუწუნეს, რადგან არ დაიჯერეს,  რომ ეს რეალურად იყო შესაძლებელი. ამის შემდეგ მე თვითონ მივედი და ვთხოვე თავადვე მისულიყვნენ მასთან სახლში და ენახათ მისი საქმიანობა.  მაიასთან სახლში გრანტ- ოფიცერებმა , რაც ნახეს ეს იყო მათთვის შოკისმომგვრელი და  15 დღეში თავიდან გამოაცხადეს კონკურსი“- ამბობს იგი.

   USAID-მა პროექტ  „ახალი ეკონომიკური ინიციატივების“ ფარგლებში მაიასთვის ხილისა და ბოსტნეულის საშრობი დანადგარი 40 ათას ლარად შეიძინა, რამაც მისი საქმიანობა უფრო მეტად მომგებიანი და ეფექტური გახადა.

   „მაია რასაც აკეთებს ეს არის სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი მიმართულების საუკეთესო წარმოჩინება. ასევე  საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ჩვენ სამეგრელოში შეგვიძლია ვაწარმოოთ მშრალი ხილი, რომელსაც შეგვიძლია საზღვარგარეთ გაუკეთოთ რეალიზება ექსპორტით. ეს ასევე არის ტრადიციების წარმოჩინების სამაგალითო ნიმუში და შემოსავლის წყარო, რაც მთავარია თუ როგორ არის შესაძლებელი  ქალის ჩართვა ბიზნესში. მან ეს ყველაფერი თავისით ისწავლა და ძალიან  მონდომებულია. მე მის ჩირებს ვეძახი ხელოვნების ნიმუშს, ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი პროდუქცია. ხილის  გამოყენება ამ კუთხით არის საუკეთესო ბიზნესი“.

    „მზის საშრობად“  წოდებული  დანადგარი, რომელიც მაიას ეზოში საპატიო ადგილს იკავებს, გასაშრობად გამზადებული პროდუქცია დაახლოებით ორი კვირის მანძილზე ინახება.   მაიას თქმით,  ამ საქმიანობას სიახლეები ძალიან  უხდება და მას დროდადრო ახალ-ახალი იდეები უჩნდება. 

   „მაგალითად ათი დღის  წინ  მყავდა კლიენტი, რომელმაც მითხრა,  ისრაელში ძალიან მდიდარი ოჯახის ნათლია ვარ, ისეთ საჩუქარს ვერაფერს გავუკეთებო და მომაფიქრდა, რომ შენ შეგიძლიაო ჩემი დახმარება. მე, რა თქმა უნდ,ა ორი დღე-ღამე გავათენე ჩემებთან ერთად და ძალიან ლამაზი და ორიგინალურად გაფორმებული ჩირები გავაგზავნეთ ისრაელში. მაშინათვე  აღფრთოვანებულებმა დამირეკეს და თავადვე აპირებენ ჩამოსვლას ჩემთან, იმდენად მოეწონათ და დაინტერესდნენ“.

     იგი სიამოვნებით გვიყვება ამგვარ მაგალითებზე და ამბობს, რომ უცხოელები უფრო მეტად ინტერესდენიან მისი პროდუქციით, ვიდრე ქართველები და უფრო მეტ თანხასაც უხდიან.

   „ირანიადან მოვიდა ერთი პიროვნება და დიდი რაოდენობა უნდოდა წაეღო, მაგრამ მე ამას ვერ შევძლებ, რადგან დიდ პარტიას სხვა პირობები სჭირდება,  დიდი მაცივარი, სადაც გამომშრალ ხილის მთელ პარტიას  მოვათავსებ.  ჩემი ავადმყოფობა ამ დრომდე 20 ათასი ლარი დამიჯდა, ასე მითხრეს თქვენ კორპორაციული დაზღვევა გქონიათო 2003 წლამდე და ამიტომ ვერ დაგაფინანსებთო და დავრჩი დაზღვევის გარეშე. ქიმია და სხივურ თერაპიას ჩემი  სახსრებით ვიკეთებ, რომ არა ეს ჩემი მცირე ბიზნესი,  ალბათ,  დღეს უკვე კარგა ხნის მკვდარი ვიქნებოდი“. -გვითხრა მან.  

   მის საქმიანობაში ოჯახის წევრების გარდა, კიდევ სამი ქალბატონია დასაქმებული. ამის გარდა, მის სახლთან არ წყდება სწავლის მსურველთა რიგები, რომელთაც სურთ იგივე საქმიანობით დაკავდნენ.

    „ძალიან ბევრი მოდის სწავლა უნდათ, მაგრამ, რომ ხედავენ რამდენად შრომატევადია, მერე უკვე თავს ანებებენ. ბევრმა მომბაძა და ჩემი სახელითაც ისარგებლა, თუმცა ვისაც ერთხელ მაინც აქვს ჩემი პროდუქცია გასინჯული, მაშინათვე  მიხვდებოდა რომ ჩემი არ იყო. ჩირებს თავიდან სამკუთხა ფორმებს ვაძლევდი, რადგან ასეთი  ფაქტები ხშირი იყო,  ამიტომ მეც ფორმები შევცვალე.  ახლა ყველა ჩემს ჩირს ყვავილის ფორმა აქვს,  რასაც,  ჯერჯერობით ვერავინ ვერ აკეთებს“-ამბობს იგი.     

    მაიას თქმით, მას კიდევ უფრო მეტი პირობები რომ ქონდეს,  ბევრი  ადამიანის დასაქმებას შესძლებდა. „ოზურგეთიდანაც დამიკავშირდნენ უნდოდათ ქართული ჩირის დამზადება, მაგრამ არ გამოუვიდათ. მე ვიცი იმდენად გამომუშავებული მაქვს ტექნოლოგიები თვალით ვხვდები, როგორ უნდა მოვხარშო ხილი,  რამდენი უნდა დავუმატო შაქარი, ცუკატი როგორ მოვამზადო, ამას ტელეფონით ვერავის ვერ ავუხსნი, მითუმეტეს, ვიყავი ერთი კვირით ოზურგეთში ჩასული, მაგრამ ჩემი წამოსვლის შემდეგ მაინც არ გამოუვიდათ“.

    მაიასთვის ყველაზე საყვარელ და საჭირო ატრიბუტებს, დიდ ქვაბებს, დიდ მაცივარს, სხვადასხვა ფორმის მაკრატელს, ხილის დასაჭრელ დანებსა  და ფორმებს რამდენიმე დღეში ყველაზე მთავარი დანადგარი, ვაკუუმის შესაფუთი აპარატი შეემატება. ამ აპარატის საშუალებით იგი უკვე თავისუფლად შეძლებს, შეფუთული და ვადით განსაზღვრული უგემრიელესი ჩირები ადგილობრივ ბაზარზე გაიტანოს გასაყიდად. 

     „მაიამ სამთვიანი „ბიზნეს განვითარების“ ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათში“ გაიარა. ტრენინგების კურსს ევროკავშირი აფინანსებდა, პროექტის დასრულების შემდეგ  გამოცხადდა კონკურსი, სადაც მაიასთან ერთად  100-ზე მეტმა  აპლიკანტმა  მიიღო მონაწილეობა.ჩვენ მისი მიდგომა მოგვეწონა ძალიან, იმდენად ლამაზად აფორმებს ჩირებს, ეს ყველაფერი ხელოვნური გეგონება. მთავარია აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, რომელიც ნებისმიერ განვითარებულ ბაზარზე,  რომ გაიტანო ყველგან იქნება მოწონებული, ისეთია შეჭმა დაგენანება. ჩვენ მისთვის შევიძინეთ ვაკუუმ შესაფუთი აპარატი 5 ათას ლარად, რაც მისცემს საშუალებას პროდუქცია ბაზარზე გაიტანოს გასაყიდად“, -გვითხრა ბიზნეს ტრენერმა აკაკი კოროშინაძემ. 

    თუმცა მანამდე იგი პროდუქციის გატანას  სიღნაღში გეგმავს,  სადაც გამოფენა – გაყიდვაზეა მიწვეული.  

თამუნა შონია

სიახლეები

კორუმპირებული ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს – ჯო უილსონი

ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას...

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა და საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. 19 წლის ახალგაზრდის...

საბა სხვიტარიძის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა სხვიტარიძის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება. მას წვრილმან ხულიგნობასა და...

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...