აფხაზი მეცნიერები: ,,თუ ძველი გვარები არ დავიბრუნეთ, როგორ ავუხსნათ ქართველებს, რომ ჩვენ არანაირი ქართველური წარმოშობა არა გვაქვს?”

0
1606

ახლოვდება ოკუპირებული  აფხაზეთის მოქალაქეთათვის ახალი ნიმუშის აფხაზური ეროვნული პასპორტების გადაცემის დრო.  ეს კარგი შანსია იმისათვის, რომ მოალაქეებმა დაიბრუნონ აფხაზური  გვარები, რომლებიც  საბჭოთა წლებში ქართულ ყაიდაზე გადაუკეთეს – აცხადებს  აფხაზ მეცნიერთა ნაწილი, რომელნიც დიდი ხანია მუშაობენ ასეთი გვარების ნუსხაზე და მზადა აქვთ დაახლოებით 500 გვარის თავდაპირველი ტრანსკრიპცია. ეს ჩამონათვალი უკვე წარუდგინეს ფართო საზოგადოებას, ყველა მონაცემი გადაცემულია საპასპორტო მაგიდებისთვის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოიძიოს თავის გვარის ტრანსკრიპციის მეცნიერულად დასაბუთებული ვერსია.

ახლა ჯერი თავად ამ გვარების მატარებლებზეა. მათ თავად უნდა მოახდინონ არჩევანი – დაუბრუნონ თავიანთ გვარებს პირველადი ჟღერადობა თუ დატოვონ ყველაფერი ისე, როგორც არის. თუმცა ეს უკანასკნელნი, როგორც ჩანს, არ ჩქარობენ ,,ისტორიული სამართლიანობის აღდგენას"- წერს ინტერნეტგამოცემა sukhum-moscow.ru  

აფხაზურ მედიასა და აფხაზურ თემატიკაზე მომუშავე რუსულ გამოცემებში  ეს პრობლემა სულ უფრო ინტენსიურად განიხილება. აფხაზეთის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ასოციაციის თავმჯდომარე ანატოლი  ფლია გაზეთ ,,რესპუბლიკა აბხაზიას’’ ფურცლებიდან ავრცელებს მოწოდებას ,,პასპორტების გაცემის პროცედურის პარალელურად  სავალდებულო წესით გასწორდეს აფხაზური გვარების ტრანსკრიპცია, რასაკვირველია, არა ყველა შემთხვევაში, არამედ იქ, სადაც ეს საჭიროა''.   

,,ხანგრძლივი დროის მანძილზე აფხაზური გვარების ქართული ხმოვანება ჩვენს მარადიულ ოპონენტებს აძლევს ფორმალურ საბაბს ამტკიცონ უტყუარობა ქართული ცრუთეორიისა აფხაზების ქართველებთან გენეტიკური კავშირისა და საერთო  ეთნიკური წარმომავლობის შესახებ  – წერს იგი – ადრე, როცა ჩვენ თბილისის სრული და მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიმყოფებოდით , რა თქმა უნდა სხვა სიტუაცია იყო და ამიტომ ჩვენი ხალხის უდიდესი უმრავლესობა იძულებული იყო ეცხოვრა ჩვენდამი არამეგობრულად განწყობილი ხალხის დიქტატის ქვეშ. ხოლო ისინი,  ვინც ეწინააღმდეგებოდნენ ამას, სამწუხაროდ,  მეოცე საუკუნის  30 – იანი წლების  პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა სიის სათავეში მოექცნენ.მადლობა ღმერთს დრო შეიცვალა, გაჩნდა წარსულის შეცდომების გამოსწორების რეალური შესაძლებლობა, თუმცა გასაკვირია, რომ ჩვენ ინერციით ვაგრძელებთ არაკეთილმოსურნეთა მიერ ჩვენი ცხოვრების ფალსიფიკაციის ნაცადი  ბილიკებით   ხეტებას –  აცხადებს ანატოლი ფლია.

მისი თქმით, არსებობს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული პარლამენტის დადგენილება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა სამართლებრივი გზით აღმოიფხვრას  ეს ისტორიული უსამართლობა და აღდთეს  ძირძველი აფხაზური გვარების მართლწერა და ხმიანობა.

ფლია გაკვირვებას გამოთქვამს, რომ ამ საკითხში ჭეშმარიტების აღდგენისათვის  ბარიერები მოხსნილია, თუმცა ყველაფერი რატომღაც ძველებურად რჩება.

თუ ძველი გვარები არ დავიბრუნეთ, როგორ ავუხსნათ ქართველებს, ან სხვა ეროვნების წარმომადგენლებს, რომ მათ არანაირი ქართველური წარმოშობა არა აქვთ და მხოლოდ გვარების გადაკეთებით ასიმილაციის მსხვერპლნი არიან? – აცხადებენ სიის შემდგენელები.

აფხაზეთის საზოგადოებას  სხვა საკითხიც  აღელვებს. ფაქტია, რომ ხშირად ერთი გვარის მატარებლები, ერთი დედ-მამის შვილები თავიანთ გვარს სხვადასხვაგვარად წარმოთქვამენ და წერენ., მეცნიერები თვლიან, რომ ეს ერთის მხრივ ეწინააღმდეგება ყველა ენობრივ ნორმას და ამახინჯებს ისტორიას, მეორე მხრივ კი, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ზოგმა აღიდგინა გვარი, ზოგმა კი – არა,  გარკვეული ხნის შემდეგ შეუძლებელი გახდება იმის გარკვევა, არიან თუ არა სხვადასხვა გვარის მატარებელი  ღვიძლი ძმები ნათესავები . 

ამის მაგალითია  ძმები შონიების ისტორია,  რომელთაგან ერთი ასვანუა გახდა, მეორე – აშვანბა, თუმცა უამრავი სხვა მაგალითიცა არის, როცა განსხვავება ძმების გვარებს შორის ესოდენ მკვეთრი არ არის, მაგრამ მაინც არსებობს და დროთა განმავლობაში ეს პრობლემა მართლაც დადგება. 

აფხაზ მეცნიერთა მიერ შედგენილ ნუსხაში შესულია ბევრი გვარი, რომელთა ტრანსკრიპციები მეტნაკლებად  განსხვავებულია, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რომელია მათ შორის პირველადი და რომელი გადაკეთებული. მიქაია – მიქანბა, მიქვაბია – ამქვაბი, პაპასქუა – პაპბა, არგუნი – არგუნია, აბრსკილ – ბულისკერია, ბასნიქ იფა – სიჭინავა. 

ფართო საზოგადოებაში მოქალაქეების ნაკლებ ენთუზიაზმს  ძველი გვარების აღდგენაში  ხსნიან იმით, რომ ეს დაკავშირებულია რაღაც დოკუმენტების, ცნობების შედგენა- შეკრებასთან,  რაც ბევრს ეზარება, ამასთან ეს უკვე ჩვევის ამბავია, ერთი გვარით იცხოვრო – მთელი ცხოვრება და უცებ სხვა გვარით მოგიხდეს  სიარული, გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. თუმცა სიის ავტორები მათ სანუგეშოდ ამბობენ, რომ მეცნიერების ამოცანა გვარების შეცვლა  ( მით უფრო ზეწოლით ) კი არ არის, არამედ იმ ენობრივი ნორმების დადგენა, რომელთა მიხედვით უნდა იწერებოდეს და წარმოითქმოდეს ნამდვილი აფხაზური გვარი, ამასთან არავინ ითხოვს პირვანდელი სახე დაუბრუნდეს ყველა გადაქართულებულ გვარს. ( ასე რომ მოხდეს, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრთა უდიდეს უმრავლესობას სულ სხვა გვარით ვიხილავდით, რადგან  36 აფხაზი დეპუტატიდან 31 – მეგრულად გაფორმებული თუ მეგრული გვარის მატარებელია) 

,,ჩვენ უნდა გადავცეთ ახალგაზრდებს ისტორიულად დასაბუთებული ,,მოლაპარაკე გვარები", რომელთა ჟღერადობა თავად ილაპარაკებს მისი მატარებლის წარმომავლობაზე'' – ამბობენ აფხაზი მეცნიერები. თუმცა გვერდს უვლიან კითხვას, რა უნდა უყოს მაგალითად აბრისკილმა თავის ბაბუას, რომელიც ბულისკერიას გვარით ასაფლავია  ჩხოროწყუში, სადაც მინიმუმ ათასი  წელი ცხოვრობდნენ მისი მოგვარეები, და ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ვაჟი, რომელიც ამავე გვარით წავიდა ბედის საძიებლად ზღვისპირეთში, აბრისკილი გახდებოდა. 

 

  .

წინა სტატიათბილისის მერია პროკურორის შვილის პარიზში ცხოვრებას აფინანსებს
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის საზღვარზე გადაადგილების დროებითი გამარტივებით ორი კურდღელი დაიჭირა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური