ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ დღეს საკრებულოს წევრებს, მერიის თანაშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს 2015 წელს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ქალაქის პირველმა პირმა სიტყვის გამოსვლისას გასულ წელს უწყების სამსახურების მუშაობა შეაჯამა და მას წარმატებული უწოდა. მერის გამოსვლის შემდეგ რეგლამენტით გათვალისწინებული დეპუტატთა კითხვების ჯერიც დადგა. საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ მერის ანგარიში უარყოფითად შეაფასა და მერიის მუშაობა მკაცრად გააკრიტიკა. დეპუტატმა ქალაქის პირველ პირს შეკითხვები ქალაქის ტერიტორიაზე მომრავლებულ მსხვილფეხა საქონელზე, მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაგვიანებით გაცემულ მაკდონალდსის მშენებლობის ნებართვაზე დაუსვა. ასევე დეპუტატის კითხვები შეეხო კინოთეატრ ატრიუმის გვერდით დაწყებულ მშენებლობას და ქალაქის ტერიტორიაზე კომპანია ვისოლ ჯგუფის მიერ დამონტაჟებულ სარეკლამო ბანერებს. კითხვები ასევე დაისვა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის არსებულ მდგომარეობაზე და მის განახლებაზე, დეპუტატი ყინულის სახლის მდგომარეობითაც დაინტერესდა. ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის დეპუტატმა დღევანდელი სხდომის დასასრულს მედიასთან ქალაქის მერი ნეპოტიზმში და შერჩევით სამართალში დაადანაშაულა. ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს ადგილზე, სხდომათა დარბაზში გასცა პასუხი, თუმცა მედიასთან საუბრისას მან კონკრეტულ მწვავე კითხვებს არ უპასუხა და მას არასერიოზული უწოდა. ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდის თეატრთან დაკავშირებით პირობა დადო, რომ კულტურული დაწესებულება 150 წლის იუბილეს ღირსეულად შეხვდება. ასევე,მერმა ზუგდიდის ყინულის სახლთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომლის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დასრულდა და საზეიმო გახსნამდე, 3 იანვარს დიდთოვლობის დღეს ჩაიფუშა. ჩვენს კითხვაზე რამ გამოიწვია მისი ჩაფუშვა და ხომ არ უკავშირდება ის ყინულის სახლში გამათბობლის სისტემის გაუმართაობას, ქალაქის პირველი პირის განცხადებით გამათბობელი სისტემა ჩართული იყო. ქალაქ ზუგდიდის მერის 2015 წელს ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის მოსმენას არც ხმაურის, კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების გარეშე ჩაუვლია. საბოლოოდ, ქალაქის ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატებმა წარმოდგენილი მერის 2015 წლის ანგარიში მოიწონეს და დადებითად, ხოლო, უარყოფითად ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეაფასეს. ანგარიში წარმატებულად შეაფასა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამაც. მერიის 2015 წელს გაწეული მუშაობის საუკეთესო შემფასებელი მაინც მისი ამომრჩეველი და ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობაა. ქალაქის მერის ანგარიშში ასევე მოხვდა კრიტიკა ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ მიმართ. ირაკლი გოგოხიამ აღნიშნა, რომ მერიის საქმიანობის ამსახველ სიუჟეტებს ადგილობრივი ტელეკომპანია არ აშუქებს. შეგახსენებთ , რომ ტელეკომპანია „ოდიში“ არის დამოუკიდებელი მედია საშუალება , რომელიც სარგებლობს მედიაში დამკვიდრებული სტანდარტებით და თავად განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას. ტელეკომპანია არ ზღუდავს არცერთ ორგანიზაციას შეთანხმების საფუძველზე გააკეთოს სარეკლამო ხასიათის სიუჟეტები, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული უფლებით ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს შესაძლებლობა არხს დაუკვეთოს ფასიანი, სარეკლამო სიუჟეტები.