HUMAN RIGHTS WATCH- “2015 წელს, ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში კვლავ არამდგრადი იყო.”

0
414

2015 წელს, ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში კვლავ არამდგრადი იყო. ყოფილი თანამდებობის პირების სავარაუდო სამართალდარღვევათა გამოძიება კითხვებს აჩენდა იმის თაობაზე, გამოძიება ამ საქმეების შინაარსიდან გამომდინარეობდა, თუ შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას წარმოადგენდა.

კვლავ პრობლემად რჩებოდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტების არასათანადო გამოძიება. მედია პლურალიზმს საფრთხე შეუქმნა რამდენიმე პოლიტიკური ტოქშოუს დახურვამ და დავამ ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის საკუთრებასა და მართვაში ყოფილი და ახლანდელი მაღალჩინოსნების სავარაუდო ჩარევის თაობაზე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა სასამართლოს ნებართვა სთხოვა 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის დროს ჩადენილ ომის დანაშაულებათა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებათა გამოძიების დაწყებაზე.

მართლმსაჯულება

კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლება აგრძელებს ყოფილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) მთავრობის, თანამდებობის პირების წინააღმდეგ ათობით სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას. ხელისუფლებამ ეს საქმეები იმ ათასობით საჩივრიდან შეარჩია რომლებიც მოქალაქეებმა შეიტანეს 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ენმ-ის წევრებისა და მომხრეების მტკიცებით, ეს სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, ვინაიდან გამოსაძიებელი საქმეები მკაფიო კრიტერიუმების გარეშე შეირჩა, ხოლო სამართლებრივი დევნის ძირითად სამიზნეს ენმ-ის წევრები წარმოადგენენ.

სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ს ლიდერი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ უგულავას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ცალკე საქმეზე, რომელიც ფულის გათეთრებას ეხებოდა. უგულავას დამნაშავედ ცნობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მეორე დღეს მოხდა. უგულავას 14-თვიანი წინასწარი პატიმრობა საკონსტიტუციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობისთვის კონსტიტუციით დადგენილი 9-თვიანი ვადის დარღვევად მიიჩნია.

ოქტომბერში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ენმ-ის და მასთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალი ზონის“ სამ აქტივისტს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს ქართული ოცნების პარლამენტართან დაპირისპირების გამო. საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას  „დაუსაბუთებელი“ უწოდა და სასამართლო შერჩევით სამართალში დაადანაშაულა. ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავს საქმეებში სასამართლოებს არ გამოუყენებიათ წინასწარი პატიმრობა ხელისუფლების იმ მომხრეების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ ოპოზიციური ენმ-ის პარლამენტარებზე ძალადობრივ თავდასხმებში.

ასევე, ოქტომბერში, პოლიციამ მცირე ხნით დააკავა ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორი, პროდიუსერი და ერთ-ერთი აქტივისტი იმის გამო, რომ ისინი თბილისში, ღობესა და განათების ბოძზე აკრავდნენ პლაკატებს, რითიც აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებებს რუსეთის მსხვილ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“. სამივეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა ედებოდათ ბრალად. ტელეკომპანია „ტაბულა“ ხელისუფლების კრიტიკით არის ცნობილი.

წინა სტატია2015 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში – 167 712.26 ლარის ოდენობით
შემდეგი სტატიაHUMAN RIGHTS WATCH-ის 2015 წლის ანგარიშში ასახულია ციხის კადრების ჩვენება ზუგდიდში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური