ლეო მესი 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

0
444

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, დღეს 2015 წლის “ოქროს ბურთის” გამარჯვებული გამოვლინდა.  გასული წლის განმავლობაში ნაჩვენები ინდივიდუალური შედეგების გათვალისწინებით, "ოქროს ბურთის" მთავარ კანდიდატად კატალონიის "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ფორვარდი, 5 ტიტულის მომგები ლიონელ მესი მოიაზრებოდა და პროგნოზიც გამართლა – მესი "ოქროს ბურთს" მეხუთედ დაეუფლა. მესის კონკურენციას მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო და ბრაზილიელი თანაგუნდელი ნეიმარი უწევდნენ. გარდა "ოქროს ბურთის" მფლობელისა, გამოვლინდნენ ასევე წლის საუკეთესო მწვრთნელი, სიმბოლური ნაკრები, საუკეთესო გოლის ავტორი და საუკეთესო ფეხბურთელი ქალი.  ქალთა ფეხბურთში 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელად აშშ ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ჯილ ელისი დასახელდა, რომლის ხელმძღვანელობითაც ამერიკელებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.  ვაჟთა ფეხბურთში კი საუკეთესო მწვრთნელის წოდება კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ერგო, რომლის ხელმძღვანელობითაც კატალონიელებმა 2015 წელს ესპანეთის ჩემპიონატი, თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.  წლის საუკეთესო გოლად "გოიანეზიას" ფეხბურთელის ვენდელ ლირას მიერ გატანილი "მაკრატელა" დასახელდა. 2015 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აშშ-ს ქალთა ნაკრების ფორვარდი კარლი ლოიდი დასახელდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ფინალში კი ჰეთ-თრიკი გაიფორმა.  რაც შეეხება 2015 წლის სიმბოლურ გუნდს, მასში 4 "ბარსელონას" და 4 "რეალის" ფეხბურთელი მოხვდა. სიმბოლური გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი)", ტიაგო სილვა (პსჟ), მარსელო ("რეალი"), რამოსი ("რეალი"), დანი ალვეში ("ბარსელონა"), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა"), მოდრიჩი ("რეალი"), პოგბა ("იუვენტუსი"), ნეიმარი ("ბარსელონა"), მესი ("ბარსელონა), რონალდო ("რეალი).  გამოკითხვაში მონაწილეობას ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და მედიის წარმომადგენლები იღებდნენ.

წინა სტატია12 იანვარს, ზუგდიდში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
შემდეგი სტატიასაფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური