,,ახალი სატრანსპორტო პროექტი გარანტირებულად ჩამოგვაშორებს საქართველოს, მოგვცემს შესაძლელობას გავერთიანდეთ აბაზგებთან, გამოვიმუშაოთ დიდი ფული და შევქმნათ ბევრი საშუამავლო ფირმა, რომელიც გადაწყვეტს მოსახლეობის დასაქმების პრობლემას. გარდა ამისა, ამით აფხაზეთის, კრასნაია პოლიანას და დომბაის ტურისტული რკალი შეიკვრება და ეს ზონა ხუთვარსკვლავიანი ხდება ‘’ -ამბობს აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ,,Sputnik Абхазия’’ – სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ეხება აფხაზეთიდან ჩრდილოეთ კავკასიისაკენ მიმავალი ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობის პერსპექტივებს და რუსეთისა და ჩინეთის მოლაპარაკებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
– გასულ კვირას მოსკოვში ჩინურმა კომპანიამ China Railwayდა რუსულმა კომპანიამ "Региональные проекты"ხელი მოაწერეს მემორანდუმს , რომლის თანახმად ისინი ერთობლივად დაიწყებენ ჩრდილოეთ კავკასიასთან აფხაზეთის დამაკავშირებული ჩქაროსნული გზის მშენებლობას 2016 წლიდან
– რამდენადაც მახსოვს, ეს სოხუმის სამხედრო გზის რეანიმირების უკვე მეოთხე მცდელობაა თანამედროვე აფხაზეთის ისტორიაში. ყველა წინამორბედი ცდა წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც ეს ძალზე მასშტაბური პროექტია და ბევრი მდგენელი აქვს. ახლა სიტუაცია შეცვლილია, პირველ რიგში – ეკონომიკური. ჩინეთს რუსეთთან სადღეისოდ პარტნიორული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა. ჩინეთის კომპარტია ერთგვარი კარტ-ბლანშია რუსეთისათვის და სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნებისათვის. ჩინეთმა 40 მილიარდამდე დოლარი დაარეზერვა დიდი აბრეშუმის გზის რეანიმაციისათვის. ეს პროცესი უკვე დაიძრა ადგილიდან. ამ რეზერვიდან დიდძალი თანხაა ჩადებული თავად ჩინეთში მიმდინარე მშენებლობაშიც და განხორციელებულია ინვესტიციები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. რამდენადაც აბრეშუმის გზის ერთერთი განშტოება აფხაზეთზეც გადის, ჩინელები ამ კონტექსტში ჩვენითაც დაინტრესდნენ. მაგრამ მათ აინტერესებთ არა ცალკე აღებული საავტომობილო გზა, არამედ მისი მიბმა პორტსა და რკინიგზაზე, ეს კი ვეღარ იქნება ისეთი მიხვეულ-მოხვეული გზა, როგორსაც დღეს სოხუმის სამხედრო გზის ფრაგმენტები წარმოადგენს
– რომელ რკინიგზას გულისხმობთ?
– რკინიგზის ლიანდაგს, რომელიც პორტიდან ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების, აზერბაიჯანის, შუა აზიის გავლით ჩინეთამდე გაიყვანება. დღეს არსებულ ორპოლარულ სამყაროში, როცა ოდესისა და ბალტიისპირეთის პორტები აღარ ემსახურებიან რუსეთს, ნოვოროსიისკის პორტი უკიდურესად გადატვირთულია, თუნდაც ამ პორტში დამატებითი მისადგომი აიგოს, გადატვირთულ სატრანსპორტო კომუნიკაციას არაფერი ეშველება. აფხაზეთის პორტი მათთვის საინტერესოა მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან შემაერთებელ გზასთან მიბმით , ყველა სხვა შემთხვევაში აფხაზეთის გზა ისევ და ისევ კრასნოდარის მხარის გადატვირთულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მიადგება და აზრს კარგავს.
– გამოდის, ჩინეთის კომპანია მარტოდენ შემსრულებელი არ არის?
– ნებისმიერი ბიზნეს-პროექტი დაინტერესებული ადამიანების მიერ უნდა ხორციელდებოდეს. პროექტი სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ მაშინ, როცა ყოველი მხარის ინტერესებს ითვალისწინებს. ჩინელთა ინტერესებზე ვილაპარაკეთ – რუსულ და ევროპულ ბაზრებზე გასასვლელად მათ პორტები არყოფნით და მზად არიან ფული ჩადონ ამ პროექტში. ჩინელები ინვესტორები არიან და არა უბრალოდ შემსრულელები, რომელნიც იღებენ შეკვეთას და ამ გზით შოულობენ ფულს. სწორედ ჩინელებმა წამოსწიეს ისეთი პორტის მშენებლობის იდეა, რომლის გავლითაც მილიონობით ტონა ტვირთის ტრანსპორტორება იქნება შესაძლებელი, რუსეთი კი მათი იდეით დაინტერესდა. ჩინეთის მხარეს ამ მემორანდუმში წარმოადგენს არა უბრალოდ რომელიღაც კომერციული კომპანია, არამედ ჩინეთის სარკინიგზო მიმოსვლის სამინისტრო, პროექტს ხელმძღვანელობს ჩინეთის კომუნისტური პარტია. პირველ ეტაპზე შედგა სატელეფონო საუბარი აფხაზეთის, ასევე ყაბარდო – ბალყარეთისა და ყარაჩაი- ჩერქეზეთის ხელმძღვანელობებთან. ჩვენ რომ არ დაგვედასტურებინა ინტერესი, პროექტი, რასაკვირველია, სიცოცხლისუნარიანი არ იქნებოდა.
ჩვენი მხრიდან საჭირო იყო ზეპირი თანხმობა მოლაპარაკების გაგრძელებაზე. ჩვენ დავადასტურეთ ეს ინტერესი, მაგრამ აღვნიშნეთ, რომ საკითხი არ არის ერთმნიშვნელოვანი და სხვა საკითხსაც უკავშირდება. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა ოდენობის ინვესტიციებზეა ლაპარაკი, როგორ ჩაეწერება ჩვენი ინტერესები ამ მოლაპარაკებებში და სხვ. ყველა ეს საკითხი მუშა კომისიამ უნდა გააარკვიოს და დახვეწოს. მოსკოვში ხელმოწერილი მემორანდუმი ჯერჯერობით მხოლოდ განზრახულობათა ოქმს წარმოადგენს, ანუ დადასტურებას იმისა, რომ მხარეები თანხმდებიან განიხილონ კონკრეტული პროექტის შემუშავების საკითხები. ნურავინ ჩათვლის, რომ პროექტი უკვე შემუშავებულია, მისი დაწყების ვადები განსაზღვრული, ხოლო აფხაზეთში არავინ იცის, რა პირობებზე დავთანხმდით პროექტის რეალიზაციას. ეს ნამდვილად არ არის ასე.
– ვინ წარმოადგენდა აფხაზურ მხარეს მემორანდუმის ხელმოწერაზე?
– აფხაზური მხარიდან ხელმოწერას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი არტურ მიქვაბია და პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ამირან ლაგვილავა. ამ დროს მე და მუჰამედ კილბა ყარაჩაი – ჩერქეზეთში, კერძოდ, აბაზგურ სოფლებში ვსტუმრობდით.
– რა ნაბიჯები გადაიდგმება მას შემდეგ, რაც მემორანდუმი გაფორმებულია?
– თემა აქტიურად მუშავდება. მათ შორის მარშრუტის საკითხიც. გასაგებია, რომ გზა ვერ გაივლის კოდორის ხეობით, ეს ნაკრძალია და მისი ხელყოფა ეკოტურიზმს დააზარალებს. ჩვენი ამოცანაა დაჟინებით მოვითხოვოთ, რომ მარშრუტმა გაიაროს ტყვარჩელის გზაზე, რომელიც ასევე ძველ სოხუმის სამხედრო გზას უერთდება და ისე გადის ჩრდილოეთ კავკასიისკენ. ჩვენ მზადა ვართ განვიხილოთ სხვა ალტერნატიული მარშრუტებიც, რომელთაც ჩვენი მეცნიერები გვთავაზობენ, მაგრამ მნიშვნლოვანია გავიგოთ, რომ გზა აზრს კარგავს, თუ არ იქნა მიბმული პორტთან, რომლის აგება მხოლოდ ოჩამჩირეშია შესაძლებელი – მხოლოდ იქ არის მისადგომად მოხერხებული, ღრმაწყლიანი ადგილი. შესაბამისად, გზაც პორტამდე უნდა ჩადიოდეს, ამ თვალსაზრისით ტყვარჩელზე გამავალი გზა სხვაზე ოპტიმალურია. ამასთან ტყვარჩელი, როგორც მეშახტეთა ქალაქი, კვდება, რამდენადაც აქ წარმოებული ქვანახშირი აღარ არის მოთხოვნადი პროდუქტი, მოცემული პროექტი კი უდაოდ ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ქალაქს.
აფხაზეთში შეიძლება შეიქმნას უამრავი საშუამავლო საწარმო, რომელიც თავისთავსაც მოუტანდა სარგებელს და ქვეყანასაც. უპირველეს ყოვლისა, საუბარია არა კონკრეტუად , უშუალოდ პორტზე, არამედ საპორტო ზონაზე. საპორტო ზონა – ეს არის მიწის გამოყოფა , სადაც ბიზნესმენი პირობითად ყიდულობს ას მანქანას ან ას ფანქარს. რაც მეტია ბითუმად შეძენილი პროდუქცია, მით იაფია შესყიდვა. მაგრამ დიდი პარტიების შეძენა ბიზნესისათვის რთულია, რთულია მისი განბაჟება, ამიტომ იძულებულია შეისყიდოს მცირე პარტიებით და როგორც შედეგი საბოლოო ჯამში ამით ბევრს კარგავს. . საპორტო ზონაში სხვაგვარად არის საქმე – ყიდულობს ბითუმად, მაგრამ განბაჟებას ახდენს მხოლოდ მაშინ, როცა გააქვს საბაჟო ზონიდან უშუალო საცალო რეალიზაციისათვის. ჯერ ადრეა რაღაც კონკრეტულზე ვილაპარაკოთ, მაგრამ შემოსავალი, რომელსაც პორტი და გზა მოგვიტანს, მნიშვნელოვნად გაზრდის რესპუბლიკის ბიუჯეტს. ჩვენთვის ახლა ყველაზე დიდი პრობლემაა ეკონომიკური და ფინანსური თვითკმარობა, დღეს ჩვენ არა გვაქვს საკუთარი სახსრებით ცხოვრების შესაძლებლობა.
პროექტს, რა თქმა უნდა, ექნება პლიუსებიც და მინუსებიც, ჩვენ ყველაფრის კარგად აწონ- დაწონა გვმართებს. მაგრამ ვერ დავრჩებით დახურულ, კონსერვატიულ ქვეყნად ობიექტური მიზეზების გამო. ჩვენ არა ვართ კონკურენტუნარიანები და, თუ რაღაც არ შეიცვალა, ადამიანებს თვითრეალიზაციისათვის ქვეყნიდან გამგზავრება მოუწევთ. მინუსებს ჩვენ კიდევ მივუბრუნდებით.
– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ ამ ეტაპზე აფხაზეთი მხოლოდ დამკვირვებლის როლშია. რას გულისხმობით ამაში, რას ნიშნავს ,,დამკვირვებლის სტატუსი“ ?
– ზოგიერთები პორტის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის განსხვავებულ ინტერპრეტაციას ავრცელებენ – თითქოს უკვე არსებობს რაღაც პროექტი, რომელიც ერთმანეთში შეათანხმეს ჩვენი მონაწილობის გარეშე. ეს ასე არ არის. ამ მომენტში, სანამ პროექტი არ შემუშავებულა, ჩვენ არავის წინაშე გვაკისრია რაიმე ვალდებულება, მაგრამ, ბუნებრივია, უნდა ვიცოდეთ, როგორ იგეგმება ეს პროექტი და რამდენად იქნება მასში გათვალისწინებული აფხაზეთის ინტერესები. მხოლოდ ამის შემდე განვიხილავთ პროექტზე დათანხმების საკითხს. განხილვა, რასაკვირველია, გამჭვირვალე იქნება. ჩვენ მას საზოგადოებრივი განსჯის საგნად ვაქცევთ.
– იქნება თუ არა ჩართული მუშა კომისის შემადგენლობაში აფხაზური მხარის წარმომადგენელი?
– რა თქმა უნდა. აფხაზური მხარის თანხმობის გარეშე პროექტი ვერ განხორციელდება.
– თქვენ ნაწილობრივ უკვე ილაპარაკეთ სარგებელზე, რომელსაც რესპუბლიკას პროექტის რეალიზაცია მოუტანს, მაგრამ იქნებ უფრო დეტალურად შევეხოთ ამ საკითხს, რას მოგვიტანს ეს ეკონომიკური მოგების პარალელურად?
– პლუსები გაცილებით მეტია. პირველი, ეს რა თქმა უნდა არის ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური თვითკმარობა. დიდი შემოსავლები ბიუჯეტში. ასევე ბევრი ახალი სამუშაო ადგილი, რასაც ხელს შეუწყობს პროექტის მულტიპლიკაციური ეფექტი. ეს მოგვცემს გასასვლელს ადიღებზე, აბაზგებზე, რომელნიც აქვე არიან, ქედს გაღმა. აბაზგების რაოდენობა დღეს 35 ათასამდეა და ყველა მათგანი ბუნებითად აფხაზეთის მოქალაქეა , რამდენადაც ჩვენ ერთი ხალხი ვართ. ახლა ჩვენ ათი საათი მაინც გვჭირდება, რომ მათ სოფლებში ჩავაღწიოთ, ხოლო პროექტის რეალიზაციის შემდეგ ამისათვის მხოლოდ ორი-სამი საათი იქნება საჭირო. ჩვენი ეთნოსისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
ხშირად გაიგონებთ, რომ აფხაზეთი დღეს ჩიხია, დეპო. ეს ასე არ არის ! ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება: ფსოუ – რუსეთისაკენ, და ენგური, რომლითაც ჩვენდამი მტრულ საქართველოს ვესაზღვრებით.
ქვეყანაში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს წაყრუება იმისადმი, რომ ჩვენი ვეტერანები სამკურნალოდ საქართველოში მიემგზავრებიან, ხოლო ქვეყნის ბაზრებზე საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოდანაა შემოტანილი. ამ პროცესებს ვერ შევაჩერებთ, სანამ არაკონკურენტუნარიანები ვიქნებით.
ახალი სატრანსპორტო პროექტი გარანტირებულად ჩამოგვაშორებს საქართველოს, მოგვცემს შესაძლელობას გავერთიანდეთ აბაზგებთან, გამოვიმუშაოთ დიდი ფული და შევქმნათ ბევრი საშუამავლო ფირმა, რომელიც გადაწყვეტს მოსახლეობის დასაქმების პრობლემას. გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, რომ აფხაზეთის, კრასნაია პოლიანას და დომბაის ზონა ხუთვარსკვლავიანი ხდება. ეს იქნება ტურისტული რკალი, რომელიც შეკრავს ოლიმპიურ სოფელს თავისი დიდებული ინფრასტრუქტურით, ფორმულა – 1 – ის ზონას, სამთო-სათხილამურო კურორტ დომბაის და ეკოლოგიურ აფხაზეთს თავისი საზღვაო და სამთო ეკოტურიზმით. ჩვენ სწორედ ეკოტურიზმის მიმართულებით უნდა ვიაროთ, რაც ძალიან მომგებიანად გამოგვარჩევს ურბანიზებული სოჭის ფონზე, ეს არის ის, რაც მოგვაზიდვინებს საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტების დიდ რაოდენობას.
სოხუმის სამხედრო გზის რეანიმაცია ჩვენ რეალურად გვჭირდება, ეს ყველა დროის აფხაზთა ოცნებაა. ეს გზა მრავალი წელი მოქმედებდა, სანამ ააფეთქებდნენ 1941-1945 წლების სამამულო ომის დროს, როცა გერმანიის სამხედრო დაჯგუფება ,,ედელვაისი“ ცდილობდა გამოეკაფა გზა აფხაზეთისკენ. მას შემდეგ იგი არ აღუდგენიათ.
– რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეთ პროექტის მოწინააღმდეგეებს?
– გამოითქმის შიში, რომ ამ გზით შეიძლება დაიწყოს ვაჰაბიზმისა და რადიკალური ისლამის შემოდინება აფხაზეთში. ეს არის მთავარი არგუმენტი, რომელიც მოჰყავთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ საფრთხის განცდა ჩეჩნეთისა და დაღესტნისთვის პირდაპირი წვდომასთან დაკავშირებით. უნდა გითხრათ, რომ, ჯერ ერთი, ჩეჩნეთი უკვე სხვაგვარი ქვეყანაა, ადრინდელისგან სრულიად განსხვავებული წესრიგით , მეორეც, რადიკალიზმს საზღვარი არა აქვს, მას სადმე შესაღწევად გზები არ სჭირდება. თუ უეცრად ემისრები მიიღებენ აფხაზეთში სიტუაციის არევის, დესტაბილიზაციის დავალებას, ამას უგზოდაც გააკეთებენ. კარგია, რომ ამ თვალსაზრისით მათ ჩვენ ნაკლებად ვაინტერესებთ. შესაძლოა რაღაც ინტერესი ამ თვალსაზრისით იყო კიდეც ოლიმპიური ჩემპიონატის მომზადებისა და ჩატარების პერიოდში, მაგრამ ახლა უკვე – აღარ. ქვეყანა შეძლებს წინ აღუდგეს ამას, თუ ფინანსურად თვითკმარი იქნება. დღეს ჩვენ 1700 მილიციელი გვყავს, ისინი საშუალოდ 10 ათასი რუბლის ოდენობის ხელფასს იღებენ. თუ გავზრდით მათ რაოდენობას, 50 ათას რუბლამდე გავუზრდით ხელფასებს, აღვჭურვავთ თანამედროვე ტექნიკით, შევძლებთ გავუმკლავდეთ ნებისმიერ საფრთხეს და გამოწვევას. აბსოლუტური დარწმუნებით გეტყვით, რომ ჩვენი საზღვარი არ იქნება ,,უპრაგონო“ გასავლელ – გამოსავლელი, აქ იდგებიან ჩვენი მესაზღვრეები და მებაჟეები.
– და მაინც, როგორია თქვენი პირადი აზრი – უყოყმანოდ ემხრობით ამ სატრანსპორტო პროექტის რეალიზაციას?
– ორივე ხელით ვემხრობი. ახლა მთავარია დავიცვათ აფხაზეთის ინტერესები ამ პროექტში. ჩვენ გვექნება მოსმენები და განხილვები სამუშაო კომისიის დონეზე, პროცესში ჩაერთვებიან ჩვენი ეკოლოგებიც. რაც მთავარია, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო ვეღარ იქნება ბარიერი ჩვენთვის.
SputnikАбхазия: http://sputnik-abkhazia.ru/analytics/20151203/1016492928.html#ixzz3tiYp9CNu