სონერ გოგუა: თუ დავხურავთ თურქულ ბიზნესს აფხაზეთში, დიდ ფულს დავკარგავთ

0
468

,,საქართველოც ჩვენ მტერია, სანამ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე არ მოგვიწერია ხელი, მაგრამ რუსეთს ამის გამო არ გაუწყვეტია მასთან სავაჭრო ურთიერთობები, აი, ამიტომ ვერ დავუჭერ მხარს თურქული ბიზნესის დახურვას აფხაზეთში'' – ამბობს საერთაშორისო ფონდის ,,აფსნის'' პრეზიდენტი,  რეპატრიანტი თურქეთიდან , 1992-93 წლების სამამულო ომის ვეტერანი სონერ გოგუა, რომელიც  ,,ნუჟნაია გაზეტას'' მკითხველებს  უზიარებს მოაზრებას იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს  რუსეთსა და თურქეთს შორის უთანხმოება აფხაზეთის ეკონომიკაზე

თურქეთის, რუსეთისა და აფხაზეთის ეკონომიკის შესახებ

ის, რაც ახლა რუსეთ- თურქეთის ურთიერთობებში ხდება, უშუალოდ  ეხება აფხაზეთსაც. მთელი ეს  წლები  ვლაპარაკობდით იმაზე,  რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, ჩვენი კეთილგანწყობილი  მეზობელი, რომელიც მუდამ გვიჭერდა მხარს. ამავე დროს ჩვენი მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორია თურქეთის რესპუბლიკაც   და, რაც მთავარია, იქ ცხოვრობს ყველაზე რიცხვმრავალი აფხაზური დიასპორა.

განკარგულებას, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი, გარდუვალი  ეკონომიკური შედეგები მოყვება აფხაზეთისთვის. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენ თურქეთთან ამ  სფეროში ატიურად ვთანამშრომლობთ. საგარეო ვაჭრობის მოცულობა  თურქეთსა და აფხაზეთს შორის თითქმის 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ინვესტიციებს რომ გადავხედოთ, თურქეთიდან, აფხაზური დიასპორის მეშვეობით, უფრო მეტი ინვესტიცია მოდის, ვიდრე რუსეთიდან. ყველგან თურქული ინვესტიციებია, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, თევზის რეწვა, სატყეო მეურნეობა თუ სხვა.

სავიზო რეჟიმი  რუსეთსა და თურქეთს შორის, რომლის შემოღებას  პირველი იანვრიდან აპირებენ, ძლიერ იმოქმედებს აფხაზეთის ეკონომიკაზე, თურქულ ინვესტიციებზე ჩვენს ქვეყანაში, რამდენადაც ყველა ინვესტორი, ყველა გემი ჩვენთან რუსეთის მხრიდან შემოდის. დიასპორის წარმომადგენლებიც კი სოჭის გავლით ჩამოდიან ჩვენთან, არათუ  უკლებლივ ყველა  ხომალდი, რომელიც   რუსეთის საზღვაო ტერიტორიის გავლით  შემოდის.

აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებების შესახებ

მაგრამ მე ვთვლი, რომ, თუ რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებას, არ გამოატაროს თურქეთის გემები თავის პორტებში – ეს იქნება რუსეთის გადაწყვეტილება და ამის გაგება შეიძლება შექმნილ სიტუაციაში, მაგრამ არ ვეთანხმები მოსაზრებას,  რომ ასეთივე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ჩვენც, როგორც რუსეთის სტრატეგიულმა პარტნიორებმა. აფხაზეთის ეკონომიკა სუსტია, და თუ ჩვენ ახლა დავხურავთ თურქულ ბიზნესს აფხაზეთში,  დიდ ფულს დავკარგავთ.

და კიდევ,მესმის, რომ როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს, რუსეთის მხარდაჭერა გვმართებს, მაგრამ, მაგალითად,  საქართველოც ჩვენ მტერია, სანამ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე არ მოგვიწერია ხელი, მაგრამ რუსეთს ამის გამო არ გაუწყვეტია მასთან სავაჭრო ურთიერთობები, აი, ამიტომ ვერ დავუჭერ მხარს თურქული ბიზნესის დახურვას აფხაზეთში.

უსაფრთხოების შესახებ

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთისა და თურქეთს შორის უთანხმოება  უახლოეს ხანში  დასრულდება. ჩვენ, რასაკვირველია,  უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოების ზომები ჩვენს საზღვრებზე.  ,,ისლამური სახელმწიფო"  საერთაშორისო ტერორიზმია და არც ჩვენ ვართ გარანტირებული, რომ მისგან მომდინარე ხიფათი აგვცდება. ამიტომ უფრო კარგად  უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები, გავაძლიეროთ კონტროლი, მაგრამ საზღვრის გადაკეტვა პრობლემას ვერ მოხსნის,  პირიქით,  ეს კარგს არაფერს მოუტანს აფახაზეთის ეკონომიკას.

თურქული ბიზნესის შესახებ აფხაზეთში

არავინ იცის, როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები. დღეს ყველა ინვესტორი და ბიზნესმენი იმის მოლოდინშია, რა მოხდება მომავალში. დღეს კი  თურქულ ბიზნესს აფხაზეთში არავინ უშლის ხელს. გარდა ამისა, მთელი თურქული ბიზნესი ჩვენში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით და მეშვეობით  ხორციელდება. აფხაზეთი და თურქეთი არ არიან მტრები. თურქეთის ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, რისთვისაც მან პასუხი უნდა აგოს,  მაგრამ ურთიერთობის სრული გაწყვეტა დადებითს არაფერს მოგვცემს. ჩვენ ვერ დავუბრუნდებით საბჭოთა დროს და მთლიანად  ვერ დავხურავთ საზღვრებს. არის პრობლემები და ისინი უნდა გადაწყდეს და ამისთვის არსებობენ დიპლომატები.

ჩვენი თანამემამულეების შესახებ თურქეთში

მე ველაპარაკე აფხაზ სტუდენტებს, რომლებიც თურქეთში სწავლობენ. მათ ყველაფერი წესრიგში აქვთ. დღეისათვის თურქეთს არ შემოუღია რაიმე სანქცია რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით. რუსეთის პასპორტით თურქეთში გამგზავრება ახლა პრობლემა არ არის. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ჩვენს სტუდენტებთან და ისინიც იმის მოლოდინში არიან, როგორ განვითარდება სიტუაცია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. და, თუ რუსულ- თურქული ურთიერთობები არ დალაგდება, ეს აისახება  აფხაზეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებზეც

ოლგა ჯონუა
,,ნუჟნაია გაზეტა'', 25 ნოემბერი

 

 

წინა სტატიადაკავებულია ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირი
შემდეგი სტატიაგერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური