ერთიან ნაციონალურ მოძრაობის წევრები პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმაურებიან და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრისა და ოკუპანტი სახელმწიფოს აზრების აშკარა თანხვედრაზე
"ზაქარეიშვილის განცხადება, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა, უაღრესად სახიფათოა, რადგან იმეორებს ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ შეთხზულ ლეგენდას. ამ ლეგენდის მიზანი კი საქართველოს სუვერენიტეტის დელეგიტიმაციაა. რუსეთის და მისი მარიონეტების მიერ სწორედ ეს ლეგენდა გამოიყენებოდა 1992-1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის და აფხაზეთში განხორიელებული ეთნიკური წმენდის გასამართლებლად.
,, ეს განცხადება არამხოლოდ ღრმად არაკომპეტენტურია და ძალიან თვალნათლივ წარმოაჩენს იმას, რომ ბატონ ზაქარეიშვილს არ ესმის საკუთარი ფუნქციები, არამედ, კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოაჩენს, რომ ზოგადად ივანიშვილის გუნდს არ აქვს საქართველოს მომავლის არც ხედვა და არც რწმენა, იმის ნაცვლად რომ უპირისპირდებოდეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პროპაგანდას საერთაშორისო ასპარეზზე, ცდილობდეს მრავალეთნიკური, ევროპული და სამოქალაქო ინდენტობის მქონდე საქართველოს იდეის წინ წამოწევას, გვესმის რაღაც ფსევდო ფილოსოფიური მსჯელობა და ქადაგება ბედთან შეგუებაზე", – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მისივე განმარტებით, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ საოკუპაციო ხაზი ყოველდღე იწევა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკური ქართველების უფლებები მუდმივად ირღვევა და დღეისათვის ეთნიკური წმენდის და დევნილთა დაბრუნების საკითხი ივანიშვილის გუნდის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებისთვის საზიანო საქმიანობის შედეგად საერთაშორისო დღის წესრიგიდან ფაქტიურად მოხსნილია.
გასაკვირი არაა, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყაზანის უმაღლეს პარტიულ სკოლაში, რომელიც პაატა ზაქარეიშვილმა მეცნიერული კომუნიზმის განხრით დაამთავრა, საქართველოს ისტორიას იგი საფუძვლიანად ვერ შეისწავლიდა. მიუხედავად ამისა, ამგვარი პრინციპულად მცდარი და საქართველოს სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი განცხადებების გაკეთება საქართველოს მთავრობის წევრის მიერ ყოვლად დაუშვებელია, მითუმეტეს, რომ სიმართლე ამ ლეგენდის ზუსტად საპირისპიროა: როგორც დე-იურე ასევე დე ფაქტო აფხაზეთზე საქართველოს სუვერენიტეტი ვრცელდებოდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე და მას შემდეგაც. კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიას სრულად აკონტროლებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში. საქართველო-რუსეთის საზღვრად მდინარე ფსოუ რუსეთის მიერვეა აღიარებული 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი საფუძველი და საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. ამდენად საბჭოთა პროპაგანდის გავრცელებული მითი რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში სტალინმა "ჩართო" უბრალოდ ტყუილია – მათ შორის იმიტომ რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოცემული ყველა აქტი და "კონსტიტუცია" – რომლებზეც ოკუპანტები და მათი მარიონეტები ახდენდნენ აპელირებას – საერთაშორისო სამართლისთვის უკანონოა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დემოუკიდებლობის აღდგენიდან 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის მომენტამდეც საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთში ვრცელდებოდა", – აღნიშნა მან.
გიორგი კანდელაკის შეფასებით, ზაქარეიშვილის აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მთავრობის საქმიანობის შედეგად საქართველოს ინტერესები უკლებლივ ყველა სფეროში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების და სუვერენიტეტის მხრივ, ზიანდება.
"სწორედ ამიტომ, მთავრობა უნდა გადადგეს", – დასძინა კანდელაკმა პრესკონფერენციაზე.