ტერორისტები პარიზის შემდეგ ნიუ იორკს ემუქრებიან

0
437

ცოტა ხნის წინ დაჯგუფება ისლამურმა სახლემწიფომ მორიგი ვიდეო გაავრცელა, სადაც შემდეგ სამიზნედ ნიუ-იორკია დასახელებული. 6 წუთიან ვიდეო რგოლში მებრძოლები მთავარ სამიზნედ ტაიმს სკვერს ასახელებენ. 

პარიზის თავდასხმების შემდეგ შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში უსაფრთხოება გააძლიერეს, თუმცა სამართალდამცველი უწყებების ცნობით, ამ ეტაპზე კონკრეტული საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ხელისუფლებამ 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოც დააწესა ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ მუჰამედ ალ შიმალის შესახებ ინფორმაციისთვის.

ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები ახალ ვიდეოში საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებზეც საუბრობენ.

პარიზის ტერაქტების მთავარ ორგანიზატორს აბდელ ჰამიდ აბაუდის კი ისევ ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით გუშინდელი სპეცოპერაციის დროს იგი არ დაუკავებიათ.

რამდენიმე გავლენიანი გამოცემა, მათ შორის Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აბაუდი გარდაცვლილთა შორისაა. სენ-დენის ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ სპეცოპერაციამდე იგი ადგილობრივ მეჩეთში ნახეს. გამოძიებაც დარწმუნებულია, რომ გუშინ დილის 5-ის ნახევრამდე აბაუდი სენ-დენიში ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულზე იმყოფებოდა.

გრძელდება ტერაქტის კიდევ ერთი მონაწილის სალაჰ აბდესლამის ძებნაც, რომელიც თავდასხმებში ძმასთან ერთად მონაწილეობდა.

ასევე კვლავ მიმდინარეობს შტურმის დროს გარდაცვლილი ორი ტერორისტის იდენტიფიცირება. მათგან ერთ-ერთი ქალია, რომელმაც თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 8 ეჭვმიტანილიც დააკავეს.

პარალელურად თურქეთის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ წლის დასაწყისში მათ ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი სირიის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს და მისი დეპორტაცია ბელგიაში განახორციელეს, ბელგიელმა სამართალდამცველებმა კი დაკითხეს და გაათავისუფლეს. 

წინა სტატიაბარაქ ობამა: ,,ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების საბოლოო განადგურება ვერ მოხდება, სანამ სირიის ხელისუფლების სათავეში ბაშარ ასადი რჩება”
შემდეგი სტატიანარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქალაქ ზუგდიდის მერის ახლო ნათესავი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური