ფანტომასი აბობოქრდა, გამოასახლებენ თუ არა პრეზიდენტს რეზიდენციიდან?

0
447

საქართველოს არაფორმალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს  რუსთავი 2 – ის წინააღმდეგ მიმართული ბლიცკრიგის ჩაშლის შემდეგ იერიში პრეზიდენტის სასახლეზე მიაქვს, თუმცა ერთდროულად  სხვა სამიზნეებსაც უტევს. როგორც ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, იგი და მის კვალდაკვალ მისი მორჩილი სახელისუფლებო  გუნდი ,,უპირისპირდება ყველას და ყველაფერს, თავისუფალ მედიას, ლანძღავს და ერჩის მესამე სექტორს,  ებრძვის ოპოზიციას, ებრძვის პრეზიდენტს, ებრძვის ეროვნულ ბანკს, საკონსტიტუციო სასამართლოს, ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს. აღარ  დარჩა რამე ინსტიტუტი, რომელსაც იგი   არ ებრძვის და დღეს ქვეყანა  დაპირისპირების პოლარიზაციის გზით მიჰყავს.  დავით ბაქრაძის თქმით, დღეს ერთადერთი, ვისაც  ხელისუფლება არ ებრძვის, რუსეთია.

ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში პრეზიდენტის ავლაბრის სასახლიდან გასვლაზე ორჯერ ისაუბრა. მისი თქმით, სასახლის დატოვება და ათონელზე გადასვლა ქვეყნის პირველ პირს სახელწიფო უწყებებისა და სტრუქტურების ჩარევით მოუწევს.  ამ განცხადებების შემდეგ ახალი ძალით აგორდა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული სახელისუფლებო კამპანია –  თითქმის ყოველდღიურად ისმის გიორგი მარგველაშვილის მწვავე კრიტიკა და სასახლიდან გამოსვლის მოწოდებები აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან .

თუმცა კი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ივანიშვილი ავლაბრის რეზიდენციით თუ  პრეზიდენტის დამაცირებელი გამოსახლებით  პირადად არის დაინტერესებული, მმართველი კოალიცია მატერიალურ მიზეზებზე საუბრობს და ასევე პრეზიდენტს მიუთითებს, რომ მას ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობის მორალური უფლება არ აქვს.

ბიძინა ივანიშვილის პოზიციის გამხმოვანებელი თუ ,,გამპავებელი" და პირადი მეგობარი,  პარლამენტის საფინანსო –საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადასვლა ათონელის ,,რეზიდენციაში"   კანონმდებლობით შესაძლებელია, თუმცა ვერ აკონკრეტებს . სახელდობრ  რომელ კანონზეა საუბარი , რადგან  არ არსებობს კანონი, რომელიც პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციიდან გასვლას აიძულებს.

იურისტების განმარტებით, გიორგი მარგველაშვილს ავლაბრის სასახლე მხოლოდ  მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანით შეიძლება დაატოვებინონ და არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან სავსებით მოსალოდნელია. ამას არც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ   მმართველმა კოალიციამ შესაძლოა მიიღოს  კანონი, რომლითაც შექმნის საფუძველს პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსვლის საფუძველს. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტის შესაძლო გამოსახლებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ თემაზე სპეკულაციები უნდა შეწყდეს. "ვერ წარმომიდგენია ვინმემ  მსოფლიოში სერიოზულად აღიქვას ქვეყანა, რომლის პრეზიდენტსაც გამოასახლებენ ერთი ადგილიდან და მეორეში შეასახლებენ. იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს პრეტენზია, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს პასუხისმგებლობით შეიძლება ეკიდებოდეს ამ თემაზე სპეკულაციები ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტონ. თუ ქართველ ხალხს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ცხოვრობს ავლაბრის რეზიდენციაში, ამას დააფიქსირებს შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებზე,"-აცხადება ანა ნაცვლიშვილი. 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ბიძინა ივანიშვილთან არსებულ პირად უთანხმოებას უკავშირებს და ამბობს, რომ ეს დაპირისპირება სწორედ მათი პირადი ურთიერთობიდან მოდის. „ყველამ ვიცით, ეს დამალული არ არის, ბიძინა ივანიშვილი არ მალავს ამას, ეს პრობლემა მოდის მათი პირადი ურთიერთობიდან, როდესაც რაღაც აღარ დალაგდა იმის გამო, რომ მარგველაშვილი საკმაოზე მეტად დამოუკიდებელი პერსონა აღმოჩნდა. მათ სურდათ, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო მორჩილი და ყურმოჭრილი მონა, რომელიც მიიღებდა იმ გადაწყვეტილებებს, რასაც გადაწყვეტდა მმართველი კოალიცია. ის უნდა ყოფილიყო უბრალოდ აღმსრულებელი მათი გადაწყვეტილებებისა, მაგრამ მარგველაშვილი პირდაპირი არჩეული პრეზიდენტია და მან თავისი მოღვაწეობით და დამოუკიდებლობით  შეიძინა სახალხო ლეგიტიმაცია. როგორც ჩანს ესეც არის ერთგვარი გაღიზიანების ამბავიც. ძალიან ცუდი იქნება და პრობლემური გახდება, თუ  მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის კვალდაკვალ მთელი სამთავრობო სტრუქტურა და მმართველი კოალიცია დაიწყებს უკვე სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას. ეს იქნებოდა დამტკიცება იმისა, რომ საქართველოში მართლაც დამკვიდრებულია არაფორმალური მმართველობა", – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე და დასძენს, რომ თავად პრეზიდენტი ცდილობს არ ჩაერთოს მისი  სასახლიდან გამოსახლების შესახებ მიმდინარე პოლემიკაში ".

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია  პრეზიდენტის მიმართ დაწყებულ კამპანიასთან დაკავშირებით ამბობს, რომ  ასეთი შეტევები პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ქვეყნის იმიჯს სერიოზულად აზიანებს. "მეუხერხულება, მრცხვენია და გული მტკივა, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი ევროპაში ილახება პრეზიდენტზე ასეთი შეტევების გამო. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს პირად დამოკიდებულებებზე სახელმწიფო პოლიტიკის და მთავრობის პოლიტიკის აგება. ხალხს მობეზრდა  ჩვენი მთავრობის ასეთი არასერიოზულობა", – აცხადებს იგი. 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს წარსულს უხსენებს და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის სასახლის მშენებლობაში მას დიდი თანხა აქვს ჩადებული. იგი ამბობს, რომ თავის დროზე  ეწინააღმდეგებოდა  ამ სასახლის აშენებას, თუმცა დღეს თვლის, რომ  უკვე აშენებული სასახლიდან პრეზიდენტის გამოსახლება დაუშვებელია და   ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე დასაცინს გახდის.  "დღევანდელი ხელისუფლება დიდ სულიერი დეპრესიის და კრიზისის პირობებშია, ამიტომ მიედ-მოედებიან ყველაფერს", – ასე აფასებს  ხელისუფლების მხრიდან მედიის, მესამე სექტორისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.- ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ დღეს ხელისუფლება ხალხის პრობლემების მოგვარებაზე არ ფიქრობს. ,, დღევანდელ მართველ კოალიციას ხელისუფლებაში ყოფნის რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი. მათ არჩევნებზე სახლში გავუშვებთ.“ – აცხადებს იგი.  

წინა სტატიასაფრანგეთში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა
შემდეგი სტატია13 ნოემბრის ტერაქტს, გარდა ფრანგებისა, 12 სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ემსხვერპლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური