TI – დევნილთა საცხოვრებელი პირობები სამეგრელოს კომპაქტური განსახლების ობიექტებში [Video]

0
455
რა პირობებში უწევთ იძულებით გადაადგილებულ პირებს კომპაქტური გადასახლების ობოექტებში ცხოვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – ამთემაზე დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა კვლევა წარმოადგინა, რომლის თანახმად ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტებში მდებარე კომპაქტური განსახლების ობიექტების იმ ნაწილში, რომელშიც რეაბილიტაცია დღემდე არ ჩატარებულა დევნილთა საცხოვრებელი პირობები უმძიმესია. კერძოდ, ზუგდიდში, ე.წ „ფაიფურის დასახლებაში“ ძირითადი პრობლემებია: ავარიული შენობა, ამორტიზებული კედლები, იატაკი და სახურავი, დაზიანებული წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემა,ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფიზიკური გარემო,სახელმწიფო სერვისებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი. საერთაშორისო  გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის მიხედვით, დასახლებაში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ე.წ. კარავის კოლექტიურ ცენტრშია, რომელიც ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის შენობაშია განთავსებული. ცენტრში ამჟამად 14 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან 7 იძულებით გადაადგილებულია. შენობას რაიმე სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებია, მაცხოვრებელთა უმრავლესობა კი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და მათი ძირითადი შემოსავლის წყარო დევნილთა ან სოციალური დახმარებაა. შენობის ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა-ამორტიზებულია სახურავი, წვიმასას წყალი ოთახებში ჩადის. ოთახები თხელი ფიცრით არის გადატიხრული, დაზიანებულია ფანჯრები და იატაკი, არ ფუნქციონირებს კანალიზაცია. ყველა ოჯახი საერთო საპირფარეშოსა და აბაზანას იყენებს. ცენტრს წყალი გრაფიკით, მხოლოდ დილის საათებში მიეწოდება. წყალი ხშირ შემთხვევაში მღვრიეა და სასმელად უვარგისი. შენობის პირველ სართულზე წვიმის დროს რამდენიმე ოთახი იტბორება. სართულებს შორის გადახურვისათვის გამოყენებული კედელბლოკი პერიოდულად იშლება. რიგ ადგილებში გარე კედლებიც ხისგან არის გაკეთებული. დანესტიანებული ოთახების გათბობას ზამთარში ფაქტობრივად ვერ ხერხდება. დასახლების  მცხოვრებთა განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს  საჯარო უწყებებს ალტერნატიული ფართის გამოყოფის მოთხოვნით, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით დღემდე არ გადადგმულა. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ასევე უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობებია ზუგდიდში, ე.წ „ვექტორის დასახლებაში“. დაზიანებულია სახურავი, ამორტიზებულია კედლები და იატაკი. წყალი მხოლოდ რამდენიმე ათეულ ოჯახს მიეწოდება, რადგან  წყლით  ხუთსართულიანი შენობის მხოლოდ პირველი სამი სართული მარაგდება. დასახლებაში მოუწესრიგებელია კანალიზაციის სისტემა. ფართის სიმცირის გამო ოჯახების ნაწილს სამზარეულო და საპირფარეშო დერეფნებში აქვს მოწყობილი. დასახლების მიმდებარე 4 ჰექტარზე მდებარეობს ღია ტიპის შენობა, სადაც მომრავლებულია მღრღნელები და ქვეწარმავლები, რაც საფრთხეს უქმნის კოლექტიური ცენტრის მაცხოვრებლებს. „საერთაშორისო  გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, დევნილთათვის მძიმე საცხოვრებელი პირობებია წალენჯიხაში, ფოცხო-ეწერში, ასევე ე.წ „ზღვაიას დასახლებაში“, სენაკში, მენჯში, სანატორიუმ კოლხიდაში, ხობში, ე.წ კოლხიდის დასახლებაში. ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილთა 444 ჩასახლებაა რეგისტრირებული, სადაც 8 730 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნული რაოდენობიდან საცხოვრებელი ფართი 1 906 ოჯახს აქვს დაკანონებული. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პარალელურად აქტიურად უნდა იზრუნოს იმ აქტივობების განხორციელებაზე, რაც გათვალისწინებულია  “იძულებით გადაადგილე¬ბულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიაში“. სტრატეგიის უმთავრესი მიზანი დევნილების საკვებით, ჯანდაცვით და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარებით უზრუნველყოფაა. დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციასთან ერთად ასევე უნდა შეიქმნას პირობები, რათა მათ ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა აუცილებელ საარსებო წყაროებზე. აუცილებელია პროქტების განხორციელება მიზნობრივი და სხვადასხვა საჭიროების მქონე მცირე სამიზნე ჯგუფებისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ კოლექტიური განსახლების ყველა ობიექტში დევნილები უზრუნველყოს აუცილებელი საარსებო წყაროებით, საჭირო სოციალური თუ სამედიცინო ინფრასტრუქტურით (სკოლა, დასაქმება, სამედიცინო დახმარება, ტრანსპორტი), რომლის ხელმისაწვდომობა ამჟამად არაერთ კოლექტიური განსახლების ობიექტში არის შეზღუდული. მძიმე საცხოვრებელ პირობებზე უშუალოდ ისაუბრეს დევნილებმა, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ. მათ იმედი აქვთ, რომ ხელისუფლები იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ უფრო აქტიური იქნება. 
წინა სტატიააბრეშუმის გზის ფორუმი თბილისში
შემდეგი სტატიაჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოშია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური