მერაბ კოსტავას დაღუპვიდან 26 წელი გავიდა

0
416

საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ტრაგიკული დაღუპვიდან 26 წელი გავიდა. იგი 1989 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. 1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). მან ამ სკოლაში საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გაიცნო. მეგობრებისა და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისთვის მინიჭებული აქვს ორი პრემია: დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის. მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს მომხდარი ავტოკატასტროფის დროს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 2013 წელს 26 სექტემბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

წინა სტატიაბარქ ობამა : ჩვენ არ ვუმიზნებთ გუბერნატორობას რეგიონში, სირიის პრობლემის გადაჭრის ძირითადი გზა პოლიტიკური მოქმედებაა
შემდეგი სტატიადღეს სვეტიცხოვლობაა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური