აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ -მინისტრი და ახლანდელი ე. წ. პარლამენტის წევრი სერგეი შამბა აფხაზ ინტელიგენტებს, რომელთაც არ მოსწონT რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთში, ურჩევს საზღვრების დასაცავად თავიანთი შვილები გაგზავნონ, თავად სოფლებში გადასახლდნენ, უარი თქვან რუსულ პენსიებზე, შემწეობებზე, ხელფასებზე, ,,ჭამონ იქ ღომი და იყონ''.
სერგეი შამბას ინტერვიუ, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ, ინტერნეტგამოცემა sukhum-moscow.ru კორესპონდენტმა სვეტლანა ადლეიბამ ჩაიწერა
– ჩვენი საზოგადოება თითქოს ორ ნაწილად არის გაყოფილი – უძრავი ქონების გაყიდვის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. თქვენ ალბათ იცნობთ აფხაზეთის სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის განცხადებას იმის შესახებ, რომ უძრავი ქონების გასხვისება არ შეიძლება წაადგეს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. უფრო პირიქით – ამან შეიძლება დემოგრაფიული სიტუაციის არასახარბიელო შეცვლასთანაც მიგვიყვანოს. რას ფიქრობთ ამაზე?
– უძრავი ქონების საკითხის გადაწყვეტა ვერ გადაჭრის ყველა ჩვენს პრობლემას სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ რაკი სოციალისტურ სისტემაზე უარი ვთქვით და კაპიტალიზმზე შევაჩერეთ არჩევანი, არის რაღაც კანონზომიერებები, რომელთა იგნორირება არ გვმართებს. არსებობს ასეთი პოზიცია: უარი ვთქვათ ნებისმიერ შესაძლებლობაზე, რომელიც წინ უბიძგებდა ქვეყანას. ამ პოზიციის მქონენი ამბობენ, რომ ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება და ეს მაშინ, როცა ბევრი ქვეყანა იოცნებებდა ამაზე. ამბობენ, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონები არ გვჭირდება, არადა სწორედ ამან მოიტანა არნახული განვითარება ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, ჩინეთში.
უძრავი ქონებაც მოძრავია, უფრო ზუსტად კაპიტალის მამოძრავებელი, ადამიანებისთვის ფულის შოვნისა და ბიზბესში ჩადების შესაძლებლობის მიმცემი, სახელმწიფოს ეკონომიკის ერთერთი უმნიშვნელოვანესი დასაყრდენი. ჩვენ კარგი ცხოვრება გვინდა, მაგრამ ამავე დროს უარს ვამბობთ ყველაფერზე, რასაც ამ ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია. და კიდევ, არსებობს შიშის განცდა, რომ, თუ აქ რუსები ბინებს იყიდიან, აფხაზეთი უცხო ხალხით გაივსება. ეს ასე არ არის, უბრალოდ უნდა დარეგულირდეს მოქალაქეობის საკითხი. უძრავი ქონების შეძენა თავისთავად არ იძლევა მოქალაქეობის მიღების უფლებას, ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს იმისა, რომ ქონების გაყიდვა უცხოელებზე რაიმე სახით შეცვლის პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში.
-არის ბევრი იდეა და მოსაზრება იმაზე, თუ როგორ მოიძებნოს ოქროს შუალედი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესთა შორის. ასე მაგალითად, ზოგი გვთავაზობს უძრავი ქონების გაყიდვა უცხოელებზე დავუშვათ მხოლოდ აფხაზეთის ცალკრულ რეგიონებში.
-ჩვენში უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდა ჩრდილოვანი ბაზარი. უცხოელებზე ყიდიან ბინებს და, წარმოიდგინეთ, მიწებსაც კი, რაც კონსტიტუციით აკრძალულია. სხვათაშორის, მიწის გაყიდვას მეც კატეგორიული ვეწინააღმდეგები. დიახ, ჩვენ თავად წარმოვშვით ჩრდილოვანი ბაზარი და, როგორც შედეგი, გამუდმებით ვიმკით კრიმინალურ მოვლენებს, ხალხს ატყუებენ, ,,აგდებენ“. მაგრამ მეორე მხრივ, ის ვისაც აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენა სურს, ყოველთვის იპოვის საშუალებას, რომ კანონის ავლითაც მიაღწიოს მიზანს. ჩემი აზრით, უძრავი ქონების გაყიდვა კი არ უნდა ავკრძალოთ, პირიქით, წავახალისოთ.
-როგორ ფიქრობთ, უნდა განისაზღვროს თუ არა რაღაც პირობები და დათქმები პოტენციური უცხოელი მყიდველებისთვის?
– თუკი კანონი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ბოლოსდაბოლოს მიღებულ იქნა, მასში , რასაკვირველია, უნდა ჩაიდოს ჩვენი ინტერესების დაცვის მექანიზმები. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს გულდასმით, უშუალოდ კანონზე მუშაობის პროცესში. უკანასკნელ ხანებში ხშირად ვამჩნევ , რომ როგორც კი იწყება საუბარი ამა თუ იმ კანონის თუ შეთანხმების საჭიროებაზე, მყისვე იწყება წინააღმდეგობები და აზრთა სხვადასხვაობა მის არსსა და დეტალებზეც კი. ამიტომ, მოდით სანამ კანონზე მუშაობას შევუდგებოდეთ, მივიდეთ საერთო აზრამდე ,როგორ მივიყვანოთ იგი ისეთ მდგომარეობამდე, რომ ჩვენს სუვერენიტეტს არაფერი დაემუქროს.
– უძრავი ქონების ბაზრის გახსნის იდეის მოწინააღმდეგეები, მათ შორის , ხსენებული განცხადების ხელმომწერი მეცნიერები და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, თვლიან, რომ რუსეთს არაფერში სჭირდება ახალი ტერიტორიების ათვისება და აფხაზეთის მთელი უძრავი ქონების შესყიდვა, მას თავისი მიწებიც ყოფნის, აი, რუსეთის მილიონნახევრიან ქართულ დიასპორას კი ამის დიდი სურვილი აქვს, ამიტომ უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვის დაკანონებით განაჩენს ხომ არ გამოვუტანთ საკუთარ თავს ?
– იცით, ნებისმიერი კანონი შეეიცავს თავის თავში რაღაც საფრთხეებს, ამიტომ უნდა ვეცადოთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა რისკი. ამის გაკეთება სავსებით რეალურია. ის, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ – ანუ განსაკუთრებულ ინტერესი, შესაძლოა ჰქონდეთ ქართველებს, მაგრამ ყველაფრის გაკონტროლება შეიძლება. გარწმუნებთ, რომ თუ კანონი პარლამენტში განსახილველად შემოვიდა, ეს გაკეთდება ძალზე გულდასმით და მასში სათანადო დაცვის მექანიზმებიც ჩაიდება.
– სხვათა შორის, ამ კონტექსტში მეცნიერები საუბრობენ საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდზე, რომელიც თითქოს აფხაზეთში უძრავი ქონების მასობრივი შესყიდვისთვის შეიქმნა . თქვენი აზრით ეს რეალურია?
– ვერ გამოვრიცხავ, რომ სადღაც, ვიღაც, ოდესმე მოინდომებს ასეთი აქციის ორგანიზებას აფხაზეთის ქონების ხელში ჩასაგდებად, მაგრამ არ მესმის, როგორ და რისთვის შეიძენს ქონებას აფხაზეთში რომელიმე ქართველი. რას უზამს იგი ამ ქონებას, დასასვენებლად ჩამოვა აქ თუ საცხოვრებლად? ეს არალეალური პროგრამაა, თუკი მსგავსი რამ მართლა არსებობს. ქართველებმა აქ იარაღით ვერ დაიმაგრეს თავი და როგორ ჩამოვლენ საცხოვრებლად განიარაღებულები?
– ჩვენს ქვეყანაში კანონი მხოლოდ პირობითად მუშაობს, ამიტომ არის ეჭვები და შიშები, რომ ნორმატიული აქტებით ჩვენს სიტუაციაში რაღაც – რაღაცეებს ვერ შეზღუდავ. ეს ეხება უძრავი ქონების გაყიდვის აკრძალვასაც. თუმცა საზოგადოება ფიქრობს, რომ სათანადო ნების არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციული რეგულირების ზომები შეიძლება ამუშავდეს კიდეც.
– დიახ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს ეს პრობლემა, ბევრი ჩვენი კანონი არ მუშაობს, მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობაში არსებული ხარვეზების ბრალია, რადგან სწორედ მათი მოვალეობაა თვალ-ყური ადევნონ კანონაღსრულებას. მაგრამ თუკი ავიჩემებთ, რომ კანონები არ მუშაობს, საერთოდ რაღაზეა საუბარი. ამასთან იმას, რაც დღესა გვაქვს, როცა უძრავი ქონების ყიდვა -გაყიდვის პროცესი საერთოდ არ კონტროლდება, ჯობია რაღაც დონის კონტროლი მაინც დაწესდეს. ისე, ამ კანონზე ჯერჯერობით მხოლოდ საუბრებია და კონკრეტულად არავის არაფერი შემოუთავაზებია. თქვენ ჩვენი მეცნიერების განცხადება ახსენეთ, მართალი გითხრათ, მათმა არგუმენტებმა გამაკვირვა, რადგან არ შეიძლება ყველაფრის წინააღმდეგი იყო და არ გსურდეს ნორმალური განვითარება.
– ჯერჯერობით ალბათ ძნელია ვილაპარაკოთ იმაზე, რა ეკონომიკურ დივიდენდებს მოიტანს უძრავი ქონების ბაზრის ლიბერალიზაცია, მაგრამ თუ ბოლოს მაინც აკრძალვა შენარჩუნდება, რა ალტერნატიული გზები არსებობს ამ ბაზრის ჩრდილიდან გამოყვანისთვის?
– ბინების გაყიდვა თვითმიზანი არ არის, ეს განიხილება როგორც ახალი ელემენტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, მაგრამ თუ ეს კანონი მაინც არ მივიღეთ, ბინების გაყიდვა ისევ ისე გაგრძელდება, როგორც დღეს. ჩვენი დიდი პრობლემაა საცხოვრებელი ფართების მწვავე უკმარისობაც, უამრავი მსურველი ელოდება თავის რიგს საქალაქო ადმინისტრაციებში, ჩვენ კი კონტროლი ვერ დაგვიწესებია ჩვენი უძრავი ქონების პოტენციალზე. კარგია, რომ ძალზე ბევრი ადამიანი, ვინც ბინები დაიტაცა, ვერ ახერხებს მათ გადაფორმებას, მაგრამ რაც შეეხება მათ, ვინც უკვე შეძლო ეს, არა მგონია, რომ ბინა უნდა წავართვათ, რადგან ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ პროცესს კანონიერი ხასიათი უნდა მიეცეს, რაც ერთნაირად კარგია საზოგადოებისთვისაც და სახლმწიფოსთვისაც.
– აფხაზეთში მრავლად არიან უცხოელებისათვის ჩვენი უძრავი ქონების მიყიდვით შეშფოთებული მოქალაქეები, მაგრამ ცოტას თუ აწუხებს იმ უცხოეთის მოქალაეების ბედი, რომელნიც ადგილობრივი მკვიდრთა თაღლითობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ახლა არაკეთილსინდისიერი ადამიანები იყენებენ სხვადასხვა თაღლითურ სქემებს ბინების გასხვისებისთვის. მათგან დაზარალებულთა საჩივრები მრავლად აწყვია სასამართლოებში, მაგრამ, როგორც წესი, უშედეგოდ. როგორ ვებრძოლოთ ამას?
– ისევ უნდა გავიმეორო: უნდა დავაკანონოთ ეს პროცესი და გავაკონტროლოთ კანონის აღსრულება. კანონის მიღება არ გამორიცხავს იმას, რომ მოიძებნებიან ადამიანები, ვინც მოინდომებენ გვერდი აუარონ მას, მაგრამ კანონის მიღება მაინც მეტ წესრიგს მოგვიტანს ამ სფეროში.
– ამ მასალაზე მუშაობისას ჩვენ დავუკავშირდით ექსერტებს რუსეთში, მათ შორის დიპლომატიურ წრეებთან დააახლოებულ პირებს. გვინდოდა გაგვერკვია, რატომ არის რუსული მხარე დაინტერესებული ასე ძალიან მოიხსნას შეზღუდვები უძრავი ქონების უცხოელებისთვის მიყიდვაზე. გაირკვა, რომ, როგორც საელჩოში, ისე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში შესულია რუსეთის ფედერაციის ასობით მოქალაქის მიმართვა საჩივარი, რომელნიც საცხოვრებლის ყიდვა -გაყიდვის თაღლითურ სქემებს ემსხვერპლნენ აფხაზეთში.
– ჩრდილოვანი ბაზარი კრიმინალიზებულია და რეპუტაციას უფუჭებს ქვეყანას. არ ვისურვებდი, რომ რუსეთში აფხაზეთი კრიმინალურ ბრბოდ ჰქონდეთ წარმოდგენილი. ჩვენ გვინდა, რუსეთის მოქალაქეები ჩამოდიოდნენ, ისვენებდნენ , ფულს ხარჯავდნენ აქ (განა ეს მომგებიანი არ არის ქვეყნისთვის?) მე მომხრე ვარ, რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდეს , ისინი ხომ ხმის მისაცემად და ჩვენს ნაცვლად ჩვენი პრეზიდენტის ასარჩევად კი არა, დასასვენებლად ჩამოდიან . და თუ თავიანთი სახლები ექნათ, უფრო ხშირადაც ჩამოვლენ.
მათ კი, ვინც საერთოდ ყველაფერის წინააღმდეგია, მაშინ კეთილ ინებონ და უარი თქვან რუსულ პენსიებზე, რუსულ დახმარებებზე, ბარემ ისიც მოითხოვონ, რუსი სამხედროები წავიდნენ აქედან და განაცხადონ, რომ საზღვრებს მათი შვილები დაიცავენ. მაგრამ ისინი ხომ ასე არ იქცევიან, არა? დიახ, გადავიდნენ საცხოვრებლად სოფლებში, ჭამონ ღომი და არ აიღონ რუსული ხელფასები. ჩვენ დღეს მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება, ხომ გესმით? და, მოდით, მადლობა ვუთხრათ რუსეთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის.