ათი კითხვა სირიაზე, რომელთა დასმა სირცხვილი არ არის

0
647

რა ჭირს ასეთი ამ ქვეყანას?

სირია დღევანდელი სახით  შეიქმნა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოების  მიერ,  ერთურთის მიმართ მტრულად განწყობილი ერებისა და სხვადასხვა აღმსარებლობის მიმდევართა ხელოვნური გაერთიანებით. 

1918 წელს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დამარცხებული ოტომანთა იმპერიის  რუკაზე მოხაზეს ახალი სახელმწიფო, რომლის მოსახლეობის 60 – 75 პროცენტს ( სხვადასხვა წყაროებით) შეადგენდნენ მუსულმანი  სუნიტები, რომელნიც გაცილებით ჭარბობდნენ ამავე ტერიტორიაზე მოსახლე ალავიტებს, შიიტებს, ქურთებს, დრუზებსა და ქრისტიანებს. ამასთან ფრანგი კოლონიზატორებიცა  და შემდგომი დროის   სირიელი  დიქტატორებიც მოქმედებდნენ პრინციპით ,,გათიშე და იბატონე!“ და მათი ზეგავლენისათვის პოტენციურად საშიში სუნიტების წინააღმდეგ ამხედრებდნენ უმცირესობებს.

 რა იცავდა ასი წლის მანძილზე სირიას დაშლისაგან?

თავდაპირველად ეს ფაქტორი იყო პატრიოტული აღტყინება დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში – საფრანგეთის ჯარების გაყვანა  ამ ქვეყნიდან მხოლოდ 1946 წელს მოხერხდა. მოგვიანებით სირიის მოსახლეობა შეკრა საერთო მტერმა – ისრაელმა და პანარაბიზმმა – პოლიტიკურმა მიმდინარეობამ, რომელიც ისწრაფოდა სრულიად არაბთა გაერთიაებისკენ ერთ სახელმწიფოში, მიუხედავად ისლამის განსხვავებული ვერსიების აღმსარებლობისა. 1970 წელს მომხდარი მორიგი გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა სამხედრო მეთაური ასადი, რომელიც ალავიტი იყო. მან კურსი აიღო არმიისა და სპეცსამსახურების ძალაზე  დამყარებული საერო სახელმწიფოს შექმნაზე. 1982 წელს სამთავრობო ჯარების მიერ პარტია  ,,მუსულმანი ძმების ’’ კონტროლქვეშ მყოფ  ქალაქ ქამზე განხორციელებული  შტურმის დროს დაიღუპა ათი ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები. ამის შემდეგ   სირიის ამჟამინდელი კრიზისის დაწყებამდე ისლამისტებს რამდენადმე სერიოზული განაცხადი არ გაუკეთებიათ.

ვინ არიან ალავიტები და როგორ აღმოჩნდნენ ხელისუფლების სათავეში?

ალავიტების კუთვნილებას  ისლამისადმი ყველ მუსულმანი როდი აღიარებს. მათი სარწმუნოება თავის თავში აერთიანებს შიიზმის პრინციპებს, ქრისტიანობის ელემენტებს, ზოროასტრიულ მისტიციზმსა და მამაკაცთა რეინკარნაციის რწმენას. ალავიტები ღრმად ასაიდუმლოებენ თავიანთ ადათებს და ამიტომ ამაზე ცოტა რამ არის ცნობილი  და ისიც მათ არაკეთილმოსურნეთაგან. ამბობენ, რომ ისინი ნამაზს დღეში ორჯერ  ასრულებენ, აღნიშნავენ შობასა და აღდგომას, არ ეკრძალებათ ალკოჰოლი, უარყოფენ შარიატსა და ხაჯს, ლოცულობენ მშობლიურ ენებზე.  
ალავიტები სირიის მოსახლეობის 12 პროცენტს შეადგენენ და ოდითგანვე უღარიბეს და ჩაგრულ კასტას წარმოადგენდნენ. საფრანგეთის ადმინისტრაციის მფარველობის წყალობით ბევრი ალავიტური ოჯახი სიღარიბიდან გამოსავალს თავისი  შვილების სამხედრო სამსახურში შესვლასა და ოფიცრის კარიერის აწყობაში  ეძებდა. დროთა განმავლობაში სწორედ ალავიტები გადაიქცნენ იმ ოფიცერთა კორპუსის ხერხემლად, რომელმაც ხელისუფლების სათავეში ასადების ოჯახი მოიყვანა.

ბაშარ ასადი  დიქტატორია?

1997 წელს აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა  თავის ,,მერსედესში’’ მჯდარი ბასილ ასადი, რომელიც სირიის იმჟამინდელი მმართველის ჰაფეზის უფროსი ვაჟი იყო და მამის მიერ თავის მემკვიდრედ მზადდებოდა. ლონდონიდან სასწრაფოდ გამოიხმეს უმცროსი ბაშარი, რომელიც იქ გამოგონილი სახელით ცხოვრობდა და ოფთალმოლოგის კარიერისათვის ემზადებოდა. ასე გამოჩნდა ასპარეზზე ბაშარ ასადი, რომელიც 2000 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ  ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით ( ხმების 97,29 პროცენტით) ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

ასადი შუააღმოსავლეთის ლიდერთა შორის ყველაზე პროევროპული მმართველი აღმოჩნდა. ატარებდა  ჯინსებს, თავად მართავდა თავის ,,აუდი ა6’’ – ს, ვახშმობდა დამასკოს მოდურ რესტორნებში და ცოლად შეირთო ლონდონში გაზრდილი, ბანკ ,,ჯ.პ. მორგანის’’ თანამშრომელი  ასმე ახრასი, რომელიც მსოფლიოს ერთერთ ყველაზე ელეგანტურ პირველ ლედიდ იქცა.
ცვლილებები მხოლოდ ზედაპირული  როდი იყო. ბაშარის დროს იქნა ფორმირებული ათწლეულების მანძილზე პირველი საერო მთავრობა, ლიბერალიზებულ იქნა ინტერნეტზე წვდომა, განთავისუფლდა ბევრი პოლიტ პატიმარი, დაშვებულ იქნა კერძო ბანკების არსებობა და გამოვიდა ქვეყანაში პირველი დამოუკიდებელი გაზეთი – ილუსტრირებული იომორისტული ბუკლეტი ,,მეფარნე“…  

მაგრამ დემოკრატიის პირველივე ნიშნები სახიფათო აღმოჩნდა პრეზიდენტისთვის, დედაქალაქის ინტელიგენციის რიგი გამოსვლების შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც სირიაში ჯერ კიდევ 1983(!) წლიდან მოქმედებდა, გაჩნდნენ ახალი პოლიტპატიმრები და შეწყდა ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთის გამოცემაც. 2007 წელს სირიელებს დაუხურეს წვდომა ფეისბუქზე, იუთუბიზე, თვითერზე და ბევრ სხვა დამოუკიდებელ საიტზე. იმავე წელს ბაშარ ასადი ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად ხმების 97.6 %- ით.

რა იყო 2011 წლის აჯანყების მიზეზი?

2006 წლიდან 2011 წლამდე სირიაში რეკორდული გვალვები იდგა, რასაც  მომდევნო წლებში უმძიმესი შედეგები მოჰყვა – მოუსავლიანობამ გაანადგურა 800 000 – ზე მეტი გლეხური მეურნეობა, და თითქმის მილიონნახევარი ადამიანი იძულებული გახდა ქალაქებში გადაბარგებულიყო, რომ შემთხვევითი შემოსავლებით ერჩინა თავი. ასეთმა მიგრაციამ მკვეთრად დაამძიმა ისედაც გადატვირთული  ქალაქების მდგომარეობა. 1950 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში სირიის მოსახლეობა 3,5 მილიონიდან 25 მილიონამდე გაიზარდა. სამუშაო. წყალი. საკვები – ყველაფერი დეფიციტი გახდა. გაღრმავდა რელიგიური შუღლი, გამძაფრდა პროტესტი ძალოსანთა მიერ იატაკქვეშეთში გამწესებული რეჟიმით უკმაყოფილო ადამიანების მხრიდან.   

რა იქცა 2011 წლის აჯანყების საბაბად?

სუნიტთა უღარიბესი ფენის საპროტესტო განწყობებს ცეცხლს უნთებდა ოპოზიციის წარმატებული გამოსვლები მეზობელ ქვეყნებში. ,,არაბული გაზაფხული’’  სირიაში  მრავალრიცხოვანი პოლიტიკური გრაფიტების გამოჩენით იწყებოდა. თებერვალში სამხრეთის ქალაქ დაარაში ქუჩის წარწერებისთვის თხუთმეტამდე 10 – 15 წლის ყმაწვილი დააკავეს და  სასტიკად სცემეს პოლიციაში. ისინი გავლენიანი ოჯახების შვილები იყვნენ და ამიტომ მათი გათავისუფლების მოთხოვნით ასეულობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ძალოვანებმა ცეცხლი გახსნეს.

2011 წელს პოლიტიკური გრაფიტების რიცხვი სირიაში იმდენად გაიზარდა, რომ აეროზოლის საღებავის ბალონების გაყიდვა პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე აიკრძალა. .

ამ ადგილებში დღემდე მძლავრობს  გვაროვნული კავშირები და ადათები – შენიანი უნდა დაიცვა, სისხლი სისხლს წილ – და მიტიგზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. რაც უფო ხშირად ისროდნენ ძალოვნები, მიტინგები უფრო ხალხმრავალი,  ხოლო დემონსტრატთა წინააღმდეგობა  – მზარდი ხდებოდა. 25 მარტს პარასკევის ლოცვის შემდეგ მიტინგზე დარააში 100 000 ადამიანი გამოვიდა, ოცი მათგანი ტყვიამ იმსხვერპლა. პროტესტი მყისვე გადაედო სხვა ქალაქებს. ხელისუფლება მათ ყველგან ძალადობით პასუხობდა.

როგორ დაიწყო ომი სირიაში?

სირიის მოსახლეობის მესამედზე მეტს 15 – 24 წლის ახალგაზრდები შეადგენდნენ, უმუშევრობის მაჩვენებელი მათ შორის განსაკუთრებით მაღალი იყო. 2011 წლის გზაფხულსა და ზაფხულში ყოველი პარასკევის ლოცვის შემდეგ, რომელსაც სუნიტების იმამები პოლიტინფორმაციისა და პროპაგანდისთვის იყენებდნენ, ქვეყნის ქუჩებში ასეულობი ათასი დემონსტრანტი გამოდიოდა. მალე პოლიციამ ვეღარ შეძლო მათი შეკავება და ოპოზიციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო.  ქალაქებს ალყაში აქცევდნენ და ახორციელებდნენ წმენდას საბრძოლო ტექნიკითა და ავიაციით. რეაქცია ამაზე იყო სუნიტთა მასობრივი დეზერტირობა არმიიდან და ოპოზიციის შეიარაღებული ფრთის – თავისუფალი სირიის არმიის შექმნა. უკვე 2011 წლის ბოლოსთვის პატარა შეტაკებები დემონსტრანტებსა და ხელისფლებას შორის ქუჩის ბრძოლებში გადაიზარდა.

ვინ უჭერს მხარს კონფლიქტის მხარეებს საზღვარგარეთიდან?

რეგიონულ დონეზე სამოქალაქო ომი სირიაში სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირების მორიგი ეპიზოდია. ოპოზიციას ძირითად მხარდაჭერას უწევენ სპარსეთის ყურის სუნიტური ნავთობმონარქიები (უპირველეს ყოვლისა, საუდის არაბეთი კატართან ერთად) და თურქეთი, რომელთაინტერესებში შედის მეზობლების დასუსტება და რეგიონის წამყვანი ძალის სტატუსის დასაკუთრება. ლოკალური შიიტური ზესახელმწიფო ირანი, რომელიც ალავიტებს თავისიანებად თვლის, მიისწრაფვის შეინარჩუნოს განუყოფელი ზეგავლენის  ზონა ხმელთაშუა ზღვიდან ერაყისა და სირიის გავლით ლიბანამდე. მხოლოდ ირანიდან და ლიბანიდან საშველად მოსული რაზმების წყალობით შეინარჩუნა ძალა ასადმა ომის კრიტიკულ მომენტებში.

 რუსეთი განაგრძობს აშშ – სთან დაპირისპირებული არაბული რეჟიმების მხარდაჭერის საბჭოურ პოლიტიკას.  ლიბიაში კადაფის დაცემის შემდეგ, ასადის ხელისუფლება უკანასკნელია მათ შორის.
ბარაქ ობამას ადმინისტრაციას კატეგორიულად არ სურდა ჩართულიყო მორიგ ომში ერაყსა და ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების ფონზე, მაგრამ თავისი ქვეყნის, როგორც დემოკრატიის მთავარი დამცველის, სტატუსის მძევალი აღმოჩნდა. თუმცა ამერიკული დახმარება არასაკმარისი აღმოჩნდა სირიის ოპოზიციის გამარჯვებისთვის, ხოლო ახლა, როცა მის მთავარ დამრტყმელ ძალად ისლამური რადიკალები იქცნენ, ეს დახმარება  საერთოდ  კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

რა ხდება ახლა სირიაში?
ამ დროისათვის სირიაში დაღუპულია 250 ათასი ადამიანი, 4 მილიონზე მეტი ოტებულია თავისი სახლებიდან. სიტუაციას უკიდურესად ამძაფრებს არასატაბილური მდგომარეობა მეზობელ ერაყში, საიდანაც სირიაში შეაღწია იდეოლოგიურად აგრესიულმა და სამხედრო თვალსაზრისით მძლავრმა დაჯგუფებამ ,, ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ’’.
იმ  სიტუაციაში, როცა სამთავრობო ძალები და ზომიერი ოპოზიცია მეტისმეტად მოქანცულია გაჭიანურებული ომით, სწორედ ,,ისლამური სახელმწიფო“ აფართოებს თავის ტერიტორიებს სხვათა ხარჯზე. ჩრდილოეთში იგი ებრძვის ქურთებს თურქეთის საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტიორიებისათვის, სამხრეთით კი დამასკოს უახლოვდება. გარდა დედაქალაქის დაკარგვისა, ასადის ხელისუფლებისათვის კრიტიკული საფრთხეა საბრძოლო მოქმედებების მიახლოება ალავიტთა ოდინდელ მიწებთან ხმელთაშუა ზღვისპირეთში   და საკვანძო პორტ ლათაკიასთან. ითვლება, რომ სწორედ მისი დაცვისთვის გადაისროლა რუსეთმა თავისი სამხედრო  კონტინგენტი სირიაში.

რა იქნება შემდეგ?

მშვიდობიანი გამოსავალი არ ჩანს, ხოლო საომარი თვალსაზრისით არც ერთ მხარეს არა აქვს არსებითი უპირატესობა. იმ სიტუაციაში, როცა აშშ გაურბის სახმელეთო ოპერაციებს, ძირითად საერთო პრობლემად ,,ისლამური სახელმწიფო“ რჩება. ასადი თავისი ალავიტებით, ირანელი შიიტები, სუნიტი პარტიზანები, ქურთები თეორიულად შეიძლება მისულიყვნენ კიდეც დაზავებამდე თუნდაც ქვეყნის ერთმანეთში გაყოფის კომპრომისზე წასვლით, მაგრამ რას უზამ ძალას, რომლის ერთადერთი მიზანი  არის აბსოლუტური გამარჯვება მოწინააღმდეგეთა ანიგილაციის გზით?

 

წყარო: «BIRD IN FLIGHT»

წინა სტატიასაქართველოში ხვალ ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმა და წყალდიდობა ქობულეთში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური