რას გრძნობს რუსი ჯარისკაცი, როცა ადგილობრივი მცხოვრებლები პირში ახლიან : ,,გაეთრიეთ აქედან, ოკუპანტებო!“

0
538

ამ დღეებში რუსეთის ოპოზიციურმა (და არამხოლოდ )პრესამ ფართოდ აიტაცა რუსეთის საჰაერო – სადესანტო ჯარების, გრუ-ს, სპეცნაზის, ფლოტისა და საზღვაო ქვეითი ჯარების  ვეტერანთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის  მიხეილ ვისტიცკის სტატუსი  საკუთარ ფეისბუქ გვერდზე,  რომელიც მკითხველთა დიდმა ნაწილმა აღიქვა, როგორც ოფიცრის ღირსებისა და სინდისის დემონსტრირება. ,, ამაზე ძლიერი სტატია მე პირადად არ წამკითხავს“ ამ სათაურით აქვეყნებს ვეტერანი ოფიცრის სტატუსს საერთაშორისო  ინტერნეტჟურნალი ,,New Rezume’’.

ჩვენს ასეულში 27 უკრაინელი მსახურობდა, და რას მიბრძანებთ, აწ უკვე მტრებად უნდა ჩავთვალო ისინი? რისთვის? იმისთვის, რომ იანუკოვიჩის ქურდებისა და ჯიბგირების ბანდის გარეშე მოისურვეს ცხოვრება?

არა! ვერ მაიძულებთ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო მტრებად ჩავთვალო ჩემი მეგობრები.

მე ახლა ხშირად მწერენ დივან – კომპიუტერს მიდუღაბებული ,,ვაჟკაცები“ მეომრები’’ და მსაყვედურობენ, რომ ვდუმვარ, მოითხოვენ დავგმო ეს ,,ფაშისტები’’ და ა.შ. მაგრამ პასუხად მინდა შევუბრუნო კითხვა:

,, რომელი ხართ მანდ???? ვინა ვართ თქვენს თვალში???,,კეთილ საქმეთათვის მებრძოლნი??? მაშ,  რატომ ვომობთ  ყოველთვის არა ჩვენს მიწაზე???  მაშ რატომ გვიწოდებენ ოკუპანტებს პოლონეთში, ფინეთში, უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში, გერმანიაში, ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, ავღანეთში, დნესტრისპირეთში, ჩეჩნეთში, საქართველოში და აწ უკვე უკრაინაშიც???  ჰა???? ცოტათი მაინც დაფიქრდით! თუ ყოფილხართ ოდესმე მებრძოლთა შორის, როცა ადგილობრივი მცხოვრებლები პირში გახლიან : ,,გაეთრიეთ აქედან, ოკუპანტებო!“???

რატომ ვომობთ ჩვენს ძმებთან??? ყველა ეს ხალხი ფაშისტია??? რატომ ჩვენ არ გვესხმის თავს არავინ და რატომ ვომობთ და ვომობთ ჩვენ გამუდმებით???  რატომ აქვთ ჩემს  თანამებრძოლ ძმებს  ჭრილობები და კონტუზიები, რა ასეთი იდეისთვის იწირებიან სხვის მიწაზე? გონს მოდით, რუსეთს არაც ერთი მოკავშირე აღარა ჰყავს გარდა პატარა ბელორუსისა და ვირტუალური ,,გონდურასისა’’.

მე მეტად აღარ მსურს მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გამოლენჩდა ცრუპატრიორტული ბუქისგან და თავისი ძმების სისხლი სწყურია, მზად არის მოკლას იდეალებისთვის, რომლებშიც თავადაც ვერ გარკვეულა.

,,ეს ალბათ მაინც არის იდეა იმპერიის გაფართოებისა, რომელიც თავად ვერაფერს ქმნის???? რომელსაც არა აქვს კარგი გზები და თავისი წარმოება, აკლია სავადმყოფოები, პოლიკლინიკები, საცხოვრებელი სახლები,  საბავშვო ბაგა-ბაღები  და მოხუცთა თავშესაფრები???

სადაც ჩამკვდარია სოფლის მეურნეობა და დამონებულია ბიზნესი?  სადაც ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარზე მეტი მოპარულია, ხოლო ქურდებს ,,გეორგიევსკის ლენტები“ ამშვენებს?

ჩვენში არც კაპიტალიზმია, არც სოციალიზმი, არის მხოლოდ  ჩინოვნიკური ფეოდალიზმი (,,შეუცნობელი მოხვეტილი ფუნა’’). ჩვენ თავად არ ვიცით, საით მივდივართ. თავად არაფერს ვაწარმოებთ, აბა მოიძიეთ სახლში რაიმე მაინც ( გარდა ჟიგულისა) სამარკო ნიშნით ,,წარმოებულია რუსეთის ფედერაციაში)? ჩვენ არაფერი გვაქვს საამაყო.  

მეფეს სურს მართოს, როგორც სტალინმა, მაგრამ იცხოვროს როგორც აბრამოვიჩმა. ასეთი ფეოდალური იმპერიის  განვრცობა გვინდა? რომ დაპყრობილ ერებს არაფერი დავუტოვოთ???

ჩემი აზრით, სწორ საგარეო პოლიტიკას  რომ აწარმოებდე, ყველა შენი მეზობელი ქვეყანა მოკავშირეებად, მეგობრებად და პარტნიორებად გექცეოდა  და მერე საზღვრებიც ისე გაიხსნებოდა , როგორც გაერთიანებულ ევროპაში და ეს იქნებოდა ,,იმპერია“, აგებული მეგობრობაზე, პარტნიორობაზე, თანხმობასა და მოკავშირეობაზე.

ჩვენ არც მოკავშირეები  გვყავს. არც მეგობრები. ხოლო პარტნიორები უახლოეს მომავალშიც არ გვეყოლება ევროპის ყველა ქვეყნის მიერ მიღებული სანქციების გამო. თუ ისინიც ფაშისტები არიან? ავსტრალიელებიც ( მათ მხარი დაუჭირეს სანქციებს), მექსიკელებიც, კანადელებიც და ამერიკოსებიც რა, ყველანი ფაშისტები არიან? ყველანი, ჩვენს გარდა? ფაშისტური სამყარო რუსეთის წინააღმდეგ – ეს სასაცილო ახირებაა. განა თავად არ გეცინებათ ამაზე?

 

დიახ, რუსეთში არასოდეს ფასობდა ადამიანის სიცოცხლე და პიროვნულობა, განსაკუთრებით არასოდეს ედო ფასი ჯარისკაცის სიცოცხლეს. იქნებ ჩვენშია მიზეზი, იქნებ რაღაც ისე ვერ არის თავად ჩვენში?

წინა სტატიამომავალ წელს პენსიები არ გაიზრდება, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები კი მოიმატებს
შემდეგი სტატიადევნილთა მინისტრის მოადგილეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური