6 ოქტომბერი გაგრის დაცემის დღეა

0
768

რა მოხდა გაგრაში? რა იყო გაგრის დაცემის მიზეზი – ღალატი თუ დაუდევრობა? მართლაც გაყიდეს თუ არა გაგრა? მიუხედავად გამოძიების ხელთ არსებული უამრავი დოკუმენტური მასალისა თუ მტკიცებულებისა, მოწმეთა და დაშავებულთა ჩვენებისა, ამ კითხვაზე პასუხი ჯერაც გაუცემელია. მასალები, რომელთაც ქვემოთ შემოგთავაზებთ და რომელიც “აფხაზეთის დაცემის” დასაწყისს – გაგრის “ჩაბარებას” ეხება, გენერალური პროკურატურის ორასტომიან საქმეში დევს.

აფხაზეთის ომის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე აფხაზეთის ერთადერთი რეალური ძალა, რომელიც გაგრაში სიტუაციის აკონტროლებდა  და აფხაზთა გარკვეულ დაჯგუფებებსა და ქართველებს შორის ხელოვნულად წარმოქმნილი კონფლიქტებს ანეიტრალებდა,  გაგრის “მხედრიონი” გახლდათ. მასში
პრიმიტიული სამხედრო აღჭურვილობით შეიარაღებული სულ 70-მდე ბიჭი იყო გაერთიანებული. გაგრაში “მხედრიონის”შექმნის აუცილებლობა  მოიტანა აფხაზ სეპარატისტთა დაჯგუფებების შექმნამ, რაც ომის წინაპირობას-ფეთქებად სიტუაციას ქმნიდა.

მხედრიონს ევალებოდა გაგრის მშვიდობიანი ცხოვრებისთვის ხელი არავის შეეშალა. შტაბ-ბინა მხედრიონმა სანატორიუმ ,,თბილისში'' დაიდო, თუმცა, სამწუხაროდ, ომის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე აფხაზებმა გაგრაში “მხედრიონის” საწინაღდეგო შეიარაღებული აქცია მოაწყვეს – გაგრის ცენტრალირ გასასვლელში პიკეტი დააყენეს, რითაც ფაქტობრივად ქალაქი ჩაკეტეს, “მხედრიონი” ალყაში მოაქციეს დაწაუყენეს ულტიმატუმი – დაეტოვებინათ ქალაქი! უარის შემთხვევაში აფხაზები სისხლის ღვრით იმუქრებოდნენ. მხედრიონელებმა განალიზეს შექმნილი სიტუაცია და უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან-გონივრული გადაწყეტილება მიიღეს დატოვეს სანატორუმი “თბილისი” და დაიშალნენ. თუმცა, ეს დაშლა ფიქტიური იყო, გაგრის “მხედრიონი” ქალაქში სიტუაცის გაკონტროლებას მალულად მაინც აგრძელებდა 1992 წლის 14 აგვისტომდე, ქართული სამხედრო შენაერთების აფხაზეთში შესვლამდე.

14 აგვისტოს გაგრაში აფხაზ სეპარატისტთა 350 კაციანი შეარაღებული ჯგუფი შევიდა.მათ გაგრიდან განთიადის შესასვლელი გზის მონაკვეთი დაიკავეს. აფხაზებმა უკვე იცოდნენ ზუსტი დრო და ადგილი, საიდან უნდა გადმომსხდარიყო შეიარაღებულ ქართველ გვარდიელთა დესანტი, ანუ ზღვიდან ლესელიძის მომართულებით, ამ დაჯგუფების შესვლისთანავე გაგრაში მოგროვდნენ “მხედრიონელებიც”და გადაკეტეს გზა კოდორის მხრიდან. პირველი შეტაკება “მხედრიონსა” და აფხაზ სეპარატისტებს შორის გაგრა-განთიადის გზაზე მოხდა. მაშინ სულ რაღაც ორმოცამდე მხედრიონელმა შეძლო ქალაქის შენარჩუნება. თბილისიდან მოსილი ბრძანების საფუძველზე მოწინაღმდეგის რაზმი უკან, გუდაუთისკენ დაუბრკოლებლად გაატარეს.

14 აგვისტოს, უფრო ზუსტად ამ შეტაკების შემდეგ გაგრაში სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებები დაბანაკდა , 14 აგვისტოდან იქ იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროს 101-ე 102-ე 103-ე ბატალიონები “ავაზა” შევარდენი” “თეთრი არწივი”, “მხედრიონი” , მოხალისეთა ადგილობრივი და სხვადასხვა ჯგუფები. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, რადგან საომარი სიტუაცია მძაფრდებოდა.   მიუხედავად ამისა, ძირითადი სამხედრო ძალა გაგრაში კარგა ხნის დაგვიანებით 4 სექტემბერს ჩავიდა, თავდაცვის სამინისტროს მე-2 ბატალიონი პოლკოვნიკ მიხეილ მარინაშვილის მეთაურობით 6 გემით სხვათა შორის ეს ის მარინაშვილი გახლავთ, რომლის სახელთანაც აკავშირებდნენ გაგრის ჩაბარებას. იგი გაგრის დაცემიდან სულ ცოტა ხანში გარდაიცვალა გულის შეტევით.მოკლედ, გაგრაში თავმოყრილი სამხედრო ძალების მეთაურობა მიხეილ მარინაშვილს დაევალა. გაგრის კომენდანტად დაინიშნა გაგრის “მხედრიონის უფროსი ბადრი ფირცხელანი. ერთი შეხედვით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გაგრა საიმედოდ იყო დაცული.

1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში დაიდო სამხრივი 12-ფუნქტიანი ხელშეკრულება, რომელიც აფხაზ სეპარეტისტებს და ქართველებს ცეცხლის შეწყვეტას ავალდებულებდა, რუსეთის სამხედრო ძალებს კი-სიმშვიდის დამყარებაში ხელის შეწყობას. საქართველოს ხელისუფლებამ 4 სექტემბრის ხელშეკრულების დაცვას ფაქტობრივად შესწირა გაგრა. ქალაქის შემოგარენში თავდაცვით პოზიციებზე ბეტონის წინაღობის აღმართვაც კი ვერ მოხერხდა,  ბზიფიდან შემოსასვლელ ერთადერთ ცენტრალურ გზას ომის დაწყებიდან გაგრის დაცემამდე მხოლოდ ერთი “ბტრ”-ი და ათამდე პრიმიტიულად შეიარაღებული მებრძოლი იცავდა. საერთოდ გაუკონტროლებელი იყო გაგრა მამზიშხის მთებიდან, საიდანაც არა მარტო ქალაქი, მის პერიმეტრიც კი ხელის გულივით მოჩანდა.

სამხრივი ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე დღეში, 19 სექტემბერს ქართველებმა მიღეს ინფორმაცია, რომ მამზიშხის მთის ტერიტორიაზე აფხაზი ბოევიკები აპირებდნენ ბზიფიდან გადმოსვლას და ხელსაყრელი პოზიციების დაკავებას. ქართველებმა სიტუაციის დასაზვერად 32 კაციანი მებრძოლთა ჯგუფი გაგზავნეს. რომლებსაც გზის გადაკეტვაც დაევალათ. დახლოებით მამზიშხის მე-6 კილომეტრზე, მოწმეთა ჩვენებით, ქართველებს თავს დასხნენ აფხაზი ბოევიკები და  ქართველი მებრძოლებით სავსე ავტობუსი დაცხრილეს, შედეგად დაიღუპა 6 და დაიჭრა 14 მეომარი.
ამ ფაქტს და, ასევე აფხაზთა სხვა თავდასხმებს, ანუ გაგრაში შექმნილ სიტუაციას, რომელსაც ყოველდღიურად ეწირებოდა გაგრის მოსახლეობა, 1992 წლის 29 სექტემბერს გაგრის სტადიონზე მოწყობილი მიტინგი მოჰყვა.
მამზიშხის მთაზე მომხდარი ტრაგედით აღშფოთებულ მოსახლეობას გაგრის დაცვის სიმტკიცეში ეჭვი შეეპარა, სტადიონზე თავმოყრილი ხალხი გაგრის სამხედრო ხელმძღვანელისგან მიხელ მარინაშვილისგან პასუხს ითხოვდა. სამწუხაროდ, მიხეილ მარინაშვილი მიტინგზე ვერ (თუ არ) მივიდა. სტადიონზე თავმოყრილი აღელვებული გაგრელები ერთ-ერთმა სამხედრო მეთაურმა დაწყნარა, გაგრელებო ნუ პანიკიორობთ, დამშვიდით, ნუ გეშინიათ, გაგრა ისე გვაქვს დაცული, ჩიტიც ვერ შემოფრინდება დაიშალეთ, გაგრის დაცვაზე ჩვენ ვაგებთ პასუხსო.  ამ დაპირებიდან მეორე დღეს, 30 სექტემბერს მოწინააღმდეგემ მთელი თავისი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაგრას მიაყენა. მათ ქართველებისთვის შეუმჩნევლად და მშვიდად შეაღწიეს გაგრის ყველა ძირითად უბანში,  დაიკავეს სტრატეგიულად ხელსაყრელი პოზიციები და ქალაქი ალყაში მოაქციეს. იმავე დღეს დაიწყო გაგრის მსუბუქი დაბომბვა  ზღვიდან , რუსების გემიდან.

გაგრის სტადიონზე მიტინგის მოწყობის დღეს ქართველებმა სიგნალი მიიღეს აფხაზეთის მილიციის ყოფილმა თანამშრომლისგან, რომელმაც  ყოფილ სამსახურში დარეკა და ქართველებს შეატყობინა, ორ -სამ დღეში გაგრაში ვიქნებითო. აფხაზ სეპარატისტთა გეგმა ასეთი იყო: გაგრის აღების შემდეგ უნდა გადასულიყვნენ მდინარე ფსოუმდე სოფელ ლესელიძის ბოლოს, რუსეთის საზღვრამდე. 1992 წლის 1 ოქტომბერს დილიდანვე დაიწყო ბრძოლა გაგრის ასაღებად. აფხაზმა სეპარატისტებმა შეტევა გუდაუთის მხრიდან გაგრაში შესასვლელი გზატკეცილით სოფელ კოლხიდაზე დაიწყეს და აიღეს კიდეც იგი. 2 ოქტომბერს გამთენიისათვის დაიწყო მასირებული შეტევა გაგრაზე. თავდასხმები აბსოლუტურად ყველა მხრიდან მიმდინარეობდა. ამ პერიოდისთვის გაგრის სამხედრო მეთაური მარინაშვილის გაგრის უშიშროების უფროსის კაბინეტიდან დაუკავშირდა თბილისს და შეატყობინა საგანგაშო სიტუაციის თაობაზე. მან მოწინაღმდეგის შეტევის მოსაგერიებლად ვერტფრენი და ავიაცია მოითხოვა, თბილისიდან გაისმა მორიგი ტრადიციული დაპირება  “როგორმე გამაგრდით, დახმარება იქნება''. ამ დროსითვის გაგრაში მოწინაღმდეგის ძირითადი დამრტყმელი ძალა ქალაქის ცენტრში გამავალი ერთადერთი გზით შევიდა. მოგვიანებით გამოძიებამ დადგინა, რომ გაგრაში შესული მოწინაღმდეგის ცოცხალი ძალა დაყოფილი იყო ჯგუფებად, რომელთაც რუსი სამხედროები მეთაურობდნენ. აფხაზი სეპარატისტები 2 ოქტომბერს გაგრაში ძალზე ადვილად შევიდნენ, მიუხედავათ დაპირებისა, დამხმარე თუ მაშველი ძალა არც თბილისიდან, არც სოხუმიდან ჩანდა. ქალაქში ბრძოლა გაჩაღდა. იმის გამო, რომ ქართველი სამხედრო შენაერთები ერთმანეთისაგან მოწყვეტილი აღმოჩდნენ, ვერ მოხერხდა მათი ძალებისა და ტექნიკის კონცეტრირება, პოზიციების დაკავება, გარდა ამისა, არ იყო საკმარისი ტყვია-წამალიც, ტექნიკის ნაწილი უკვე აღებული კოლხიდის სამხედრო შტაბში დარჩა, ნაწილი უვარგისი აღმოჩნდა.

2 ოქტომბერს გაგრაში შემოსულმა მოწინაღმდეგემ პირველი  სათისთვის გაგრის ცენტრში შეაღწია, ქართველმა მებრძოლებმა – შეიარაღებული დაჯგუფებების ნაწილმა და გაგრის პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს მათი მცირე ხნით  შეჩერება რამაც, ქალაქში დარჩენილ ქართველ მოსახლეობას საშუალება მისცა მოესწროთ სახლ -კარის დატოვება, მათ თავი განთიად -ლესელიძეს შეაფარეს.

2 ოქტომბერს მაშინ, როდესაც ფაქტიურად გაგრის აღებას აღარაფერი აკლდა, თბილისიდან ახალი ბრძანება მოვიდა, ,,დატოვეთ ქალაქი, გამაგრდით გასასვლელთან'', ამ დროსთვის გაგრა თითქმის დაცლილი იყო. მიტოვებულ ქალაქში ბრძოლით უკან დაბრუნებულმა გაგრის “მხედრიონმა” 20 კაციანმა დაჯგუფებამ მეთაურის ბადრი ფირცხელიანის ხელმზღვანელობით მოახერხა და ერთადერთი “ბმპ”-თი შევიდა გაგრის ქალაქკომის შენობაში, ისინი იქ გამაგრებას და დამხმარე ძალის მოსვლამდე ქალაქის შენარჩუნებას აპირებდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ “მხედრიონის” რამდენიმე წევრი ბრძოლისას დაიღუპა, ერთადერთი “ბმპ” აფეთქდა და ცოცხლად დარჩენილებმა ძლივს მოასწრეს თავი მთებისთვის შეეფარებინათ.

1992 წლის 2 ოქტომბერს 5 სათისთვის აფხაზმა სეპარატისტებმა ქალაქი აიღეს. გაგრა დაეცა.

იცოდნენ თუ არა ქართველებმა, რომ 2 ოქტომბერს გაგრაზე გადამწყვეტი შეტევა იგეგმებოდა? გამოძიებით ირკვევა, რომ გაგრის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ და სამხედრო მეთაურებმა ყველაფერი იღონეს, რათა გაგრის დაცვა გაძლიერებულიყო, მაგრამ არ იყო საკმარისი ორგანიზებული ძალა და რაც მთავარია სამხედრო ტექნიკა. თბილისიგან კი მარტო დაპირებები მოდიოდა

გაგრის დაცემის წინ  სამხედრო არეულ-დარეულობა უძღოდა,  გამეფებული იყო ძარცვა-გლეჯვა, მარადიორობა, ქურდობა,  მოპარვა, გაგრაში დაფიქსირდა არაერთგზის გაგზავნილი იარაღის და სამხედრო ტექნიკის მოპარვისა და  გაქრობის ფაქტი.

ქართველმა მებრძოლებმა გამოძიებას დაუდასტურეს, რომ გაგრაში გაგზავნილი საბრძოლო მასალების ყუთებში ტყვია -წამლის მაგივრად კონსერვის ყუთები აღმოაჩინეს. საერთო ჯამში, ქართველები ძირითადად მოძველებული, გაუმართავი ტექნიკით ებრძოდნენ უახლესი ტექნიკით შეიარაღებულ აფხაზ სეპარატისტებს. ერთი სიტყვით, გაგრის დაცემისთვის ყველანაირი წინა პირობა იყო შექმნილი.

გამოძიებას მოპოვება მასალები, როგორ შეჩერდა   ბზიფის მიმართულებით წარმატებით დაწყებული შეტევა, გაგრის სამხედრო მეთაურის მიხეილ მარინაშვილის ბრძანებით, მეომრებმა უკან დაიხიეს. მოგვიანებით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მარინაშვილმა თავის მართლება მაინც მოასწრო- გამოძიებას განუმარტა, თბილისიდანმივიღე ბრძანება, არავითარ შემთხვევაში არ გვეცადა შეტევა გუდაუთის მიმართულებით, უნდა შეწყდეს ყოველგვარი სამხედრო ოპერაციები 3 სექტემბრის სამხრივი ხელშეკრულება ამის უფლებას არ იძლევაო.

1992 წლის 2 ოქტომბერს დაუცველი გაგრის ჩაბარებას იქ დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი მოჰყვა. გამოძიების მოკვლეული მასალებით, გაგრაში ორ-სამ დღეში 700-მდე ქართველი დახვრიტეს. მკვლელობები უსასტიკესი საშუალებებით- წამებით, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღით, დანით, ნაჯახით, რკინის საგნებით ხდებოდა

მასიური სახე ჰქონდა ქართველთა გვამების დასახიჩრებას, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილების მოჭრა-დაზიანებას, გაგრას დაპატრონებული სეპარატისტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქართველთა ხოცვა-ჟლეტვაში, გვამთა შეურაცხყოფაში. იყო შემთხვევები, როცა ცოცხალ ქართველებს მანქანის საბურავებს აკრავდნენ და შემდეგ ცოცხლად წვავდნენ ან მარხავდნენ.

6 ოქტომბერს გაგრაში ქართველების ეთნოწმენდა დასრულდა. 

 პუბლიკაცია მომზადებულია www.afxazeti.ge – ზე გამოქვეყნებული გამოძიების მასალების მიხედვით

 
 

წინა სტატიააფეთქება გაგრის ცენტრალურ ბაზარში
შემდეგი სტატიამომავალ წელს პენსიები არ გაიზრდება, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები კი მოიმატებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური