სააკაშვილის ასი დღე ოდესაში

0
461

ოდესის ოლქის ახალი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი თვითმხილველის თვალით

ოდესელი ჟურნალისტი დიმიტრი ფლორინი  დოიჩე ველეს დაკვეთით აღწერს ოდესის გუბერნატორის მიერ დანერგილ ნიშანდობლივ სიახლეებს დანიშვნიდან პირველი ასი დღის მანძილზე.

ჩინოვნიკების გაბერილი შტატებისათვის გამოცხადებული ომი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაისის ბოლოს ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა. მის  მიერ ახალ პოსტზე გაკეთებული ერთერთი  პირველი განცხადება  საოლქო ადმინისტრაციის აპარატის შემცირების აუცილებლობას ეხებოდა. იმ დროისათვის ადმინისტრაციაში 800 ადამიანი მუშაობდა( 27 ქვეგანყოფილებაში). პირველივე ორი კვირის განმავლობაში მან შტატი 300 კაცით შეამცირა. ამის შემდეგ კი ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად 13 ქვეგანაყოფში შტატების რაოდენობა 401- მდე უნდა დაყვანილიყო. ჯერჯერობით ის ამაზე გაჩერდა.  

მარია გაიდარი – ახალი სახე სააკაშვილის ადმინისტრაციაში

მიხეილ სააკაშვილის ერთერთი სკანდალური გადაწყვეტილება იყო რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მარია გაიდარის დანიშვნა ოდესის ვიცე-გუბერნატორად.

17 ივლისს ჟურნალისტებისათვის გაიდარის წარდგენის შემდეგ ოდესის გუბერნიის ადმინისტრაციული შენობასთან  შეიკრიბა თხუთმეტამდე ადამიანი, რომელთაც გამოაცხადეს უვადო აქცია გაიდარის დანიშვნისადმი პროტესტის ნიშნად. ისინი აცხადებდნენ, რომ ამ პოსტისათვის უფრო შესაფერისი და უკეთესი კანდიდატის მოძებნა   მათ რიგებშიც არ იყო რთული. აქციის მონაწილეთა ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობდა, რომ გაიდარი რუსეთიდანაა და  არ იცნობს ოლქის პრობლემებს. რამდენიმე საათში აქციის მონაწილეებთან ჟურნალისტების გარეშე სასაუბროდ გამოვიდა კიევიდან იმ წუთებში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი და განუმარტა მათ, რომ მარია გაიდარს გაუფორმდება ახალი სტატუსი ,,მრჩეველი სამთვიანი გამოსაცდელი ვადით’’ და შეკრებილებს შეუთანხმდა, რომ ყოველ ორ კვირაში ერთხელ სასაუბროდ შეხვდებოდა მოხალისეებს სოციალურ საკითხების განსახილველად. უვადო აქცია იმავე წუთს ნებაყოფლობით შეწყდა. 4 აგვისტოს მარია გაიდარმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

ჩემი მილიცია მე მიცავს

16 ივლისს შსს საოლქო სამმართველოს უფროსად ყოფილი  საქართველოს შს მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა, ხოლო უკრაინის შსს უშიშროების სამსახურის  ოდესის შიდა უსაფრთხოების სამმართველოს უფროსად  მიხეილ მჭედლიშვილი, რომელიც ადრე საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელი იყო უკრაინაში, ხოლო შემდეგ კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს მრჩეველი. იმის შესახებ, რომ ოდესაში აგვისტოდან საქართველოს თარგზე მოჭრილი ახალი საპატრულო პოლიცია ამუშავდება ( ეს უკვე მომხდარი იყო კიევსა და ლვოვში) სააკაშვილმა ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა. პატრულის წვრთნისათვის ოდესაში ჩამოვიდნენ სპეციალისტები  კალიფორნიიდან. 25 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ  მიიღო ფიცი ახალი პოლიციისგან, რომელიც დაუყოვნებლივ შეუდგა მუშაობას. 27 აგვისტოს კი ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ქალაქ ოდესის მილიციის უფროსის პოსტზე ლორთქიფანიძის მიერ ივლისის დასაწყისში დანიშნული ოლეგ მაკუხა.

ბრძოლა კორუფციასთან ილიჩევსკის პორტში

თავისი მმართველობის ასი დღის მანძილზე სააკაშვილი სხვადასხვა შეხვედრებზე ემოციურად აკრიტიკებდა ოდესის თანამგზავრი ქალაქის ილიჩევსკის პორტში არსებულ სიტუაციას. იგი ამხელდა იქ გაფურჩქნულ კონტრაბანდას და ოფშორული სქემების გამოყენებას.
23 ივლისს სააკაშვილმა კიევიდან ილიჩევსკში პირადად ჩამოიტანა  ბრძანება პორტის უფროსის გადაყენების  შესახებ, პორტის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა მისი ყოფილი მოადგილე იმ ვადით, სანამ არ გადაწყდებოდა ამ პოსტზე შესაფერისი კანდიდატურის შერჩევის საკითხი.  

რეგიონები:  გადატვირთვა

ივლისის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა კონკურსი ოდესის ოლქის ყველა 26 რაიონის მეთაურის თანამდებობაზე. განაცხადი შემოიტანა 6452 ადამიანმა. რამდენიმე კანდიდატი ოლქის მეთაურმა თავად წარადგინა შესაბამის რაიონებში, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო  დამტკიცებული პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ. ოფიციალურად კონკურსზე განცხადებების მიღება დასრულებულია.

მინის  ადმინისტრაციული სახლები

მოსახლეობაში დიდი რეზონანსი გამოიწვია სააკაშვილის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ოდესაში უახლოეს ხანებში ამოქმედდება ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრი საქართველოში პოპულარული იუსტიციის სახლების მაგალითზე.  ცენტრში მოსახლეობაზე გაიცემა ყველა ტიპის ცნობა და გაფორმდება დოკუმენტები – დაწყებული დაბადების მოწმობით, პასპორტებით, დამთავრებული ცნობით გარდაცვალების შესახებ. ადმინისტრაციული სამსახურის გამტარუნარიანობაა 8000 ადამიანი დღეში, დოკუმენტის გაფორმება მოხდება 10 – 15 წუთში. ცენტრის ყველა კედელი გამჭვირვალე, მინისა იქნება.

მემორანდუმს ცენტრის შექმნის შესახებ ხელი 29 ივნისს მოეწერა, თუმცა ამ იდეის რეალიზაცია დღემდე ჰაერშია გამოკიდებული. მიხეილ სააკაშვილი იძლევა პირობას, რომ ცენტრი მუშაობას ოქტომბერში შეუდგება. ამჟამად მიმდინარეობს ცენტრში დასაქმების მსურველთა ანკეტების მიღება

გასასვლელი ზღვაზე

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქალაქ ოდესაში გაიზარდა იმ პლაჟების რაოდენობა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისუფლად შევიდეს. აღებულია ჭიშკარი და ზღუდე უკრაინის უშიშროების სამსახურის, აგრეთვე, სასაზღვრო სამსახურის კუთვნილი პლაჟებიდან, სადაც შესვლის  ნებართვა მხოლოდ ამ სამსახურების მუშაკებს ჰქონდათ, დანგრეულია ღობეები, რომლითაც შემოსაზღვრული იყო კერძო ვილების, მათ შორის ყოფილი ეკოლოგიის მინისტრის ნიკოლაი ზლოჩევსკის,  მილიარდერ ვასილ ხმელნიცკის ვილების   მიმდებარე პლაჟები, განთავისუფლდა გზა ზღვისაკენ,  რომელიც სახალხო დეპუტატის სერგეი კივალოვის ვილასთან გადის და რომელზედაც გავლა გარეშეებს ეკრძალებოდათ.  თუმცა სააკაშვილის ხმაურიანი მივარდნებიდან მოკლე დროში ადრე არსებული კაპიტალური გალავნების ადგილზე გაჩნდა ,,დროებითი ღობეები“, რომელთა აღმართვა ვილების დაცვის სამსახურის ,,დამსახურებაა“

სასცენო ემბარგო ტიმათისა და სტას პიეხასათვის

26 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა მიმართვა უკრაინის სასაზღვრო სამსახურისადმი თხოვნით აუკრძალონ ქვეყანაში შესვლა რუს რეპერს ტიმათის, რომლის კონცერტი 21 აგვისტოს უნდა გამართულიყო ოდესაში. ამ განცხადების გამოჩენიდან ორიოდ საათში კლუბ ,,იბისას“ ხელმძღვანელობამ მოახსენა გუბერნატორს, რომ კონცერტი აღარ შედგებოდა. თავის კრიტიკულ გამოსვლებში ოდესის გუბერნატორმა ტიმათი ანტიუკრაინული გამონათქვამების გამო ორგზის მოიხსენია, როგორც ,, მორალურად მახინჯი“

სტას პიეხას კონცერტი 9 აგვისტოს უნდა გამართულიყო ოდესის კლუბ ,,ითაკაში’’. ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ვებგვერდზე ამ დღეს გამოჩნდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ოდესის საოლქო გუბერნია ურჩევს უკრაინის სასაზღვრო სამასხურს აუკრძალოს ამ მომღერალს უკრაინაში შესვლა, რამდენადაც იგი ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭუერვილი პირია. პიეხა უკრაინაში არ შემოუშვეს.

ჯამი

მიხეილ სააკაშვილმა გუბერნატორის პოსტზე მუშაობის ასი დღის მანძილზე მრავალი პროექტი დააანონსა და ბევრი პირობა გასცა.  მისი საქმიანობის შეფასების საფუძველიც სწორედ ამ პროექტებისა და დაპირებების განხორციელება იქნება.

 სურათზე: ოდესელებს უყვართ მიხეილ სააკაშვილი

წინა სტატიაია ანთაძის წიგნის “პირველად იყო ლაქა” პრეზენტაცია ზუგდიდში [Video]
შემდეგი სტატიაგუშინ სოხუმში მძარცველები ინკასატორს დაესხნენ თავს. წაღებულია 4 მილიონ ნახევარი რუბლი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური