ჟურნალ „კარიბჭეში“ ღვთისმშობლის კვართზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა

0
465

ჟურნალ „კარიბჭეში“ დღეს გამოქვეყნებულ მასალას საზოგადოების მყისიერი რეაქცია და უკმაყოფილება მოჰყვა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 21 სექტემბერს ღვთისმშობლის კვართს ზუგდიდან ხობის მონასტერში გადააბრძანებენ. „საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ლოცვა–კურთხევითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნებართვით ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 21 სექტემბერს ხობის მონასტრის უდიდეს სიწმინდეს – ღვთისმშობლის კვართს – ერთი დღით ხობის მონასტერში გადააბრძანებენ. წირვის შემდეგ ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება ემთხვიოს სიწმინდეს. გვეწეოდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი!“ – აღნიშნულია ჟურნალ კარიბჭის მიერ გავრცელებულ მასალაში. გავრცელებულ ინფორმაციას ზუგდიდში, საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. სოციალურ ქსელში, ფეისბუქის მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია, რადგან თავად ღვთისმშობელმა ინება ზუგდიდში დასვენება და სიწმინდის უპატივცემლობაა მისი თუნდაც ერთი დღით ზუგდიდიდან წაბრძანება. „ჯერ არ გაგონილა სიწმინდეები იქით მიებრძანებინოთ მრევლისთვის, მაცხოვრის კვართი რომ მოითხოვონ, გამოდის სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარს დავანგრევთ, რათა იქით მივუბრძანოთ მომლოცველებს?!!!“ „არსებობს საშიშროება და ეს დღითიდღე აშკარა ხდება!!! იქნებ ამაზე გვეფიქრა ვის სურს ერთმანეთს დაგვაპირისპიროს და ვინ მანიპულირებს წმინდა სამოსით?! ვის სურს გახლიჩოს და გადაკიდოს ერთმანეთს ხობელები და ზუგდიდელები?! ვისაც ეს სურს, დამერწმუნეთ კვართი საერთოდ არ აინტერესებს!“ – წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქის მომხმარებელი ხატია ჯანაშია. თემას სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი გამოეხმაურა. ლაშა გვასალიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ასეთი დავის საკითხი არ უნდა გახდეს ეს სიწმინდე. მეგობრებო, ასე თავს რომ იკლავთ და უმიზეზოდ გულისობთ, თქვენი აზრით რა მოხდება ხობში ერთი დღიღ რომ გადავასვენოთ კვართი? თუ ათას სტუმარს „პატივისცემის მიშნად“ შეუძლია ნახვა და მთხვევა, ამ ღვთისნათელი აქციითაც დაშავდება რამე. ნუ დავუპირისპირებთ ხალხს ერთმანეთს და მის სურვილსაც მივაყურადოთ! არც ის დაგვავიწყდეს, სად მსვენარებდა კვართი?“ – წერს სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია. აღნიშნულს გამოეხმაურა ჟურნალისტი ლევან სულაშვილი, რომელიც  წერს, რომ „პატრიარქის სიტყვას არაფრად აგდებთ? მან ბრძანა, რომ კვართი ზუგდიდიდან არ გავა არც ერთი დღით და რომელმა უსირცხვილომ გაავრცელა, რომ მისი ლოცვა–კურთხევით უნდა გადააბრძანონ?! ეს პირდაპირ ნიშნავს ხალხის დაპირისპირებას, რისი რისი ლობირებაც სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უბრალოდ მიუღებელია. განსაკუთრებით გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსის მხრიდან“ – წერს ჟურნალისტი ლევან სულაშვილი. საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი არ კეთდება საპატრიარქოს პრეს–სამსახურში. მამა მიქაელ ბოტკოველმა ODISHINEWS –ს განუცხადა, რომ „არ არის ჟურნალში გამოქვეყნებული მასალის საქმის კურსში. ამ წუთებში კონფერენციაზე ვარ და კომენტარს ვერ გავაკეთებ“. ჟურნალ „კარიბჭის“ მთავარი რედაქტორის თამარ მამაცაშვილის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას ხობის მონასტრის წინამძღვარმა მამა ილიამ მიაწოდა. როგორც მთავარმა რედაქტორმა ODISHINEWS –ს განუცხადა, მამა ილია რედაქციაში იმყოფებოდა და რედაქციაში გამოცემას განუცხადა ის, რაც შემდეგ შემდეგ ჟურნალში დაიბეჭდა. ჩვენ დავუკავშირდით ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ზუგდიდის საკათედრო ტაძრის დეკანოზსს. მამა მალხაზ ჭანტურიას განცხადებით, პატრიარქმა აღნიშნულ თემაზე პოზიცია 2007 წელსაც და რამოდენიმე დღის წინათაც დააფიქსირა. უწმინდესობის განცხადებით და გადაწყვეტილებით, ღვთისმშობლის კვართი რჩება ზუგდიდში.

წინა სტატიათავდაცვის სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სოფელ კაბალში მომხდარი ფაქტის გამო
შემდეგი სტატიატელეიმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სხდომა გადაიდო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური