რადიო “აფხაზეთის ხმის” მაუწყებლობა გათიშულია

0
507
რადიო „აფხაზეთის ხმის“ მაუწყებლობა გათიშულია. როგორც რადიოს მფლობელი გიორგი კორახაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, „საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო შემცირებულია სარეკლამო შემოსავლები, შესაბამისად ორგანიზაციას შეექმნა ფინანსური პრობლემები. მცირედი დავალიანების გამო ანძამ შეწყვიტა რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობა, რაც პირდაპირ დარტყმას აყენებს თავისუფალი აზრის და სიტყვის გამოხატვას!“ აფხაზეთის ხმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ აღადგინოს მაუწყებლობა და მისცენ რადიოსადგურს ვადა ანძის დავალიანების დასაფარად. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე რადიო „აფხაზეთის ხმა“ განცხადებას ავრცელებს: „დღეს, 19 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული ღირებულებების ნგრევის მიმართულებით – ანძიდან რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობა შეწყვიტა. ბოლო რამდენიმე საათია, რადიო ვერ მაუწყებლობს, შექმნილ ვითარებაში ზარალდება კომპანია და პრობლემა ექმნებათ მასში დასაქმებულ ადამიანებს. ამის გამო ჩვენ – გამგეობის წევრები იძულებული გავხდით, საქართველოს ხელისუფლებისთვის განცხადებით მიგვემართა.
ბოლო რამდენიმე წელია, რადიო “აფხაზეთის ხმა” ბაზარზე წარმატებით მაუწყებლობს. კარგად მოგეხსენებათ, თუ რა პირობებში გვიწევს მაუწყებლებს მუშაობა არასტაბილური სარეკლამო ბაზრის გამო. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო ბოლო დროს შემცირებულია სარეკლამო შემოსავლები, შესაბამისად, ორგანიზაციასაც შეექმნა ფინანსური პრობლემები. ჩვენის მხრიდან ანძის მიმართ არსებული დავალიანება შესაძლებლობების ფარგლებში, კონკრეტული ვადაგადანაწილებით შევასრულეთ, დარჩენილია მთლიანი თანხის მხოლოდ 30 %, რომელსაც გრაფიკის მიხედვით ვფარავთ. თუმცა დღეს დილით მომსწრენი გავხდით “სიურპრიზის” – მცირედი დავალიანების გამო ანძამ შეწყვიტა რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობა. 
მომხდარი პირდაპირ დარტყმას აყენებს თავისუფალი აზრის და სიტყვის გამოხატვას! მივიჩნევთ, რომ ჩვენზე ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა.
მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ აღადგინოთ მაუწყებლობა და მოგვცეთ ვადა ანძის მიმართ დავალიანების დასაფარად!
იმედი გვაქვს, ყურად იღებთ ჩვენს პრობლემას და მიიღებთ შესაბამის ზომებს“ – აღნიშნულია რადიო „აფხაზეთის ხმის“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. 
რადიოს პარალელურად პრობლემები შეექმნა „აფხაზეთის ხმის“ ვებგვერდს. როგორც რადიოში აცხადებენ, ოფიციალური განცხადების გამოქვეყნება ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ხერხდებოდა. რადიოში მიაჩნიათ, რომ პრობლემა ხელოვნურად იყო შექმნილი და აღნიშნულს სწორედ დღევანდელ ფაქტს – მაუწყებლობის შეწყვეტას უკავშირებენ.
წინა სტატიაბაკო სააკიანი: აფხაზი ხალხი იმსახურებს ძლიერ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური