მცოცავი ანექსია სასაზღვრო ბანერებით

0
497

გუშინ დილით თამარაშენის   მცხოვრებლებს  სოფლის განაპირას, ქარელის რაიონის ტერიტორიაზე,   თავიანთ ყანებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის ნიშნულებად აღმართული ბანერები დახვდათ, ხოლო თავად  ყანებში – გაურკვეველ ფორმიანი შეიარაღებული ადამიანები, რომელთაც განაცხადეს, რომ პატრულირებას ეწევიან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე .  მოსავლის ასაღებად მისული გლეხები, თავიანთი უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე აღარ შევიდნენ. მათი  განცხადებით, ძველი ბანერებიდან ახალ ნიშნულამდე მანძილი დაახლოებით 800 მეტრია, შესაბამისად, ახალი ბანერის მიხედვით, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დამატებით თამარაშენლების კუთვნილი კიდევ რამდენიმე ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი მოექცა.

ამ ფაქტს და საზოგადოდ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა შინდისიდან, სადაც იგი დაღუპული გმირების პატივის მისაგებად გამართულ ღონისძიებაზე იყო ჩასული.  

"რამდენიმე კვირის წინ ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი დაახლოებით ერთი კილომეტრით გადმოწიეს სოფელ ხურვალეთისა და წითელუბნის ტერიტორიაზე. კიდევ სად გამოჩნდება ახალი ბანერი წარწერით, რომ ტერიტორია სამხრეთ ოსეთს ეკუთვნის, უცნობია.ჩვენი მოწინააღმდეგე ყოველდღიურად ცდილობს ითამაშოს ჩვენს ნერვებზე იმით, რომ გაგვაღიზიანოს და ყველაზე მძაფრი ჭრილობა, რომელიც არის ოკუპაციის ხელოვნური ხაზი, მუდმივად კიდევ უფრო გაგვიმძაფროს და გაგვიღიზიანოს. მათ არ იციან, რომ ჩვენ გვაქვს მოთმინების არაჩვეულებრივი უნარი. ჩვენ ვდგავართ ამ ადგილას სიამაყით, სადაც ჩვენ ვერ დაგვჩაგრეს. სადაც ჩვენ მოგვიგეს ბრძოლა, მაგრამ ვერ გატეხეს ქართველი კაცის სული", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამ დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი  თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ჟურნალისტები ტყუილად ტეხენ განგაშს და არავითარი საზღვარი გადმოწეული არ არის .

მმართველი გუნდი არსებულ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა ამავე დროს უარს ამბობს შეუერთდეს რუსეთის მიმართ შემოღებულ სანქციებს, რადგან, როგორც პრემიერი აცხადებს,  რუსეთთან ურთიერთობის დათბობას თავის უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად თვლის. საკითხავია,  რამდენად არის მონაპოვარი მცოცავი ანექსია ბანერების უკვე პერმანენტული მოძრაობით და როგორ ესმის რუსეთს საქართველოსთან დაახლოება.  

თამარაშენსა და სხვა საზღვრისპირა სოფლებში  მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს ხელისუფლების   რეაგირებას ოპოზიცია აფასებს როგორც პასიურს, დაგვიანებულსა და  კაპიტულანტურს. ისინი ყურადღებას ანახვილებენ იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს წაუყრუოს ოკუპანტების მორიგ თავხედობას და ერთადერთი, რასაც ამას უპირისპირებს, არის ის, რომ  მთავრობის განკარგულებით, ბანერებთან ახლოს ქართველი სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

წინა სტატიაბარსელონა თბილისშია
შემდეგი სტატიაგმირობიდან წმინდანობამდე – ხვალ ხობში ცოტნეობა გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური