ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ცხედარი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მანამდე კი, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაღუპულთა ცხედრები იყო დასვენებული, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის, საპარლამეტნო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიუსამძიმრეს.
სამების საკათედრო ტაძრიდან დაღუპულთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე გადაასვენეს, სადაც ისინი დღესვე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული, კიდევ 12 ადამიანის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში მოხდა. 11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი კი – აჩადარაში ბრძოლების დროს.
რაც შეეხება, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულ ადამიანებს, ესენი არიან: ამირან გეგეშიძე, სოსო გურგენიძე, მალხაზ ჯიოშვილი, ალექსანდრე ჩიკვილაძე, გოგა გოგალაძე, მარინა ტაბატაძე, ზაალ ამუშეკელი, ემზარ თუთისანი, ვლადიმერ მურადოვი, გენო კვიციანი და ვენერა გაბუნია.
ერთი მათგანის ვინაობა კი, გარკვეული მიზეზების გამო არ სახელდება.