აფხაზი მშობლები თვლიან, რომ მშობლიური ენა მათ შვილებს არაფერში გამოადგებათ

0
506

უკანასკნელ დღეებში სოხუმში დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი მეათე ექსპერიმენტული სკოლის გარშემო – აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების მინისტრი უარყოფს  ხმებს იმის შესახებ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ამ სკოლის დირექტორის განთავისუფლების შესახებ აფხაზური ენის გამოცდებზე მოსწავლეთა  მიერ ნაჩვენები უკიდურესად  დაბალი მაჩვენებლების გამო, ხოლო სკოლის დირექტორი ამტკიცებს, რომ მას პირდაპირ მიანიშნეს, რომ თვად უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ,,მათ უნდათ მთელი პასუხისმგებლობა მე დამაკისრონ , ნაცვლად იმისა, რომ  კრიტიკულად შეხედონ არსებულ სასწავლო პროგრამებს, ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც არ არის მიმართული აფხაზური ენის, როგორც სახელმწიფო ენის და, თუ გნებავთ, უბრალოდ მშობლიური ენის არცოდნის მიზეზების აღმოფხვრაზე. 

აფხაზური პრესა და პოლიტიკოსები გვერდს უვლიან  ღია მსჯელობას იმაზე, თუ რატომ არის გაჩაღებული მზარდი კამპანია მშობლიური ქართული ენის სწავლების წინააღმდეგ გალის რაიონის სკოლებში აფხაზური ენის გაძლიერებული სწავლების ხარჯზე მაშინ, როცა თავად აფხაზურ სკოლებში აფხაზური ენის სწავლება დაღმავალი ხაზით მიდის. თუმცა, ენათმეცნიერებისა და პედაგოგების წრეებში ძლიერდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ განათლების სამინისტრო მრავალი წელია უგულვებელყოფს მათ წინადადებებს  აფხაზური ენის სწავლის განარტივებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის თავად აფხაზებში. 

აფხაზეთის სკოლებში ერთ კლასში სწავლობენ ბავშვები, რომელნიც სრულიად სხვადასხვა დონეზე ფლობენ აფხაზურ ენას, რაც მნიშვნელოვნად ართულებს საგანმანათლებლო პროცესს – აცხადებს აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ენის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ფატიმა კვარჭელია. მისი თქმით, სახელმწიფო ენის სწავლება მიმდინარეობს ერთიანი პროგრამით, რომელშიც არ არის გათვალისწინებული იმ მოსწავლეთა შესაძლებლობები, რომელთაც არ იციან ან სუსტად ფლობენ აფხაზურ ენას, და მიიჩნევს, რომ აუცილებელია შემოღებულ იქნას განსხვავებული პროგრამები ენის ფლობის დონის მიხედვით.

,,ჩვენ მივუახლოვდით კრიტიკულ ზღვარს, რომელიც მოითხოვს გარდატეხა შევიტანოთ არსებულ ვითარებაში. უნდა შემოვიღოთ ისეთი მეთოდიკა, რომელიც ენის არმცოდნე ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს  პერმანენტულად გაიღრმაონ მშობლიური ენის ცოდნა და დაეწიონ თავიანთ თანატოლებს. ეს, რა თქმა უნდა დამატებითი ტვირთია სახელმწიფოსა და სკოლისთვის, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია- ამბობს ენათმეცნიერი. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაერთი წელია ხორციელდება  შესაბამისი პრაქტიკა, მაგრამ გაცილებით ეფექტიანი იქნება, თუ ამას დაწყებითი კლასებიდან დავიწყებთ.

,,ჩვენ არა გვაქვს უფლება დავაფრთხოთ და გავაქციოთ ბავშვები აფხაზური სკოლიდან – წარმოიდგინეთ, რა  შედეგს მივიღებთ თუ მშობლებს არ დავუტოვებთ სხვა გზას გარდა იმისა, რომ არააფხაზურ სკოლაში შეიყვანონ აფხაზურის არმცოდნე ბავშვები. ენის დაუფლებისთვის საჭიროა გარემო, სადაც იგი აქტიურად იკონტაქტებს ამ ენაზე.

ენათმეცნიერის აზრით, აფხაზური ენის ცოდნის დაბალ დონეს რესპუბლიკის სკოლებში სხვა ასპექტიც აქვს – ჩვენს სკოლებში აშკარად იგრძნობა დაუდევარი დამოკიდებულება აფხაზური ენისადმი. ბავშვები უბრალოდ არ სწავლობენ აფხაზურს, რადგან თვლიან, რომ უსწავლელადაც გავლენ ფონს, როგორც ეს აქამდე იყო და არის. მშობლები თვლიან, რომ აფხაზური მათ შვილებს არაფერში გამოადგებათ, მშობლიურ ენაზე ლაპარაკი ბევრის თვალში აღარ არის მოდაში. ამგვარი აღქმები და მიდგომები საფუძველშივე არყევს სახელმწიფოებრიობას. ეს ძალზე შემაშფოთებელი ტენდენციაა“ – ამბობს კვარჭელია.

 

წინა სტატიაSuper Cup-Tbilisi 2015 – ითამაშებს თუ არა ლეო მესი თბილისში?
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებაში” დიდი წმენდა და დაპირისპირება იწყება?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური