1993 წლის ცხელი ივლისი

0
911

 

აფხაზთა დესანტის გადმოსხმა ტამიშში

22 წლის წინათ, 16 მარტს სეპარატისტებისა და რუსეთის ჯარების მიერ სოხუმის აღების ყველაზე დიდი მცდელობისა და განცდილი კატასტროფის შემდეგ მოწინააღმდეგემ გამოსავალის ძიება დაიწყო. დამარცხებიდან ერთი კვირის თავზე 23 მარტს არძინბამ   დახმარებისთვის მოსკოვს მიმართა.

14 მაისს რუსეთის  შუამავლობით დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც  ძალაში 20 მაისიდან  შედიოდა. მაგრამ აფხაზეთში ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შემოყვანა ახალი ძალით განახლდა.

ორი თვის განმავლობაში აფხაზეთში შედარებითი სიმშვიდე იყო და მხოლოდ პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა.

…მაგრამ ქართული მხარისათვის მოულოდნელად მტერი კვლავ გააქტიურდა. 2 ივლისს  დილის5.00 საათზე ოჩამჩირის  რაიონში, დაბა ტამიშთან  რუსეთის ხომალდიდან 600 საზღვაო დესანტი იქნა გადმოსხმული. დესანტმა  ისარგებლა იმით, რომ სოხუმის იერიშის წარმატებით მოგერიებითა და დროებითი პაუზით გულდამშვიდებული ქართული ნაწილები, რომლებიც   ტამიშის რაიონში იყვნენ ბაზირებულნი, პრაქტიკულად არ ახორციელებდნენ სანაპირო ზოლის კონტროლს,და ნაპირზე დაუბრკოლებლად გადავიდა. დესანტმა ცაგერა – ტამიშის  მონაკვეთი დაიკავა და პლაცდარმის სწრაფი გაფართოება დაიწყო.

2 ივლისს, გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის  რაიონში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ჯგერდიდან  გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელიიყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დესანტმა კონტროლი დაამყარა ოჩამჩირე – სოხუმის მაგისტრალზე.

 

საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთში (2 – 5 ივლისი)

ოჩამჩირეში  დესანტის გადასხმა რუსების მიერ დამუშავებული საერთო გეგმის მხოლოდ ნაწილი იყო. დესანტის მთავარ მიზანს სტრატეგიული სიმაღლეების, პირველ რიგში კი ანუაარხუს ხელში ჩაგდება წარმოადგენდა. თუ დესანტი თავის  ამოცანას შეასრულებდა, აფხაზები სოხუმის  შტურმს დაიწყებდნენ. 16 მარტს მიღებული გამოცდილებით, სეპარატისტები მიხვდნენ, რომ ქალაქს პირდაპირი დარტყმით ვერ აიღებდნენ. ამიტომ ოჩამჩირეში დაწყებული ოპერაციის პარალელურად გუმისთის შემოვლა დაიწყეს. მათ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ისარგებლეს და სოხუმის ჩრდილოეთით შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყეს.

აფხაზებმა შრომა–კამანის  მიმართულებით მძიმე ტექნიკა გადაისროლეს და სამი დღის განმავლობაში სოხუმ–ჰესი, გუმა  და ახალშენი აიღეს. მოწინააღმდეგე სტრატეგიულ დასახლება კამანს  მიუახლოვდა.

დესანტის განადგურება 

ჩრდილოეთით მოწინააღმდეგის გააქტიურება უმნიშვნელო ეპიზოდად ჩაითვალა. ქართულმა მხარემ მთავარ ამოცანად ტამიშსი  გადმოსხმული დესანტის ლიკვიდაცია მიიჩნია. 3 ივლისს  სადესანტო ნაწილებმა პირველად შეუტიეს სიმაღლე ანუაარხუს. ბრძოლა დაზვერვით ხასიათს ატარებდა და ნახევარ საათში დასრულდა. თუ სიმაღლეს აიღებდნენ, სეპარატისტები სრულ კონტროლს დააწესებდნენ ოჩამჩირე – სოხუმის მაგისტრალოს ამ მონაკვეთზე.  ქართულმა მხარემ დესანტის ლიკვიდაციისათვის მზადება დაიწყო. მოლაპარაკების შედეგად დესანტის ლიკვიდაციაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს  ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას  მომხრე ეროვნულმა გვარდიამ, რომელმაც გუშინდელ მოწინააღმდეგეებთან – დუშეთის ბატალიონთან,  ”მხედრიონთან”, ”ავაზასთან ”, შავნაბადის ბატალიონთან და სხვა   სამთავრობო შენაერთებთან ერთად   10-მდე უმძიმესი, სისხლისმღვრელი დღე გადაიტანა. 

 ქართველი სამხედროები გმირობის მაგალითს იძლეოდნენ და საბოლოოდ გაანადგურეს კიდეც ძირითადად რუსებით, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებითა და აფხაზი მებრძოლებით დაკომპლექტებული ძლიერი და კარგად მომზადებული დესანტი. თუმცა, ტამიშის ბრძოლასი მოპოვებული  მნიშვნელოვანი გამარჯვება ქართულმა მხარემ სათავისოდ ვეღარ გამოიყენა. სახელდება ძირითადი მიზეზიც: ქართული შენაერთებისუკან არ იდგა სახელმწიფო და სახელმწიფო პოლიტიკა – არ ხდებოდა  დანაკარგების შევსება. თითქმის ერთწლიანი ბრძოლების შემდეგ, ქვედანაყოფები სისხლისგან იცლებოდნენ  და შევსებას ვერ იღებდნენ. აქედან გამომდინარე, თავდაცვით ბრძოლებში მიღწეული წარმატება ვერ ტრანსფორმირდებოდა გარკვეულ ოპერატიულ წარმატებაში”.

შემდგომი ამბები 

5 ივლისს   გამთენიისას   აფხაზური ფორმირებები კამანში შეიჭრნენ. სოფელი დღის ბოლოს დაეცა. სოფლის აღების შემდეგ მოსახლეობა მთლიანად გაანადგურეს. სოხუმამდე აფხაზებს სულ12 კილომეტრი აშორებდათ.

კამანის აღებამდე ერთი დღით ადრე მოწინააღმდეგემ საჰაერო დესანტით სტრატეგიული სიმაღლე ახბიუქის  დაკავება სცადა. დესანტირება წარუმატებელი აღმოჩნდა; ქართულმა ნაწილებმა მი –8  ტიპის ორი ვერტმფრენი ჰაერშივე ააფეთქეს. აფხაზურმა მხარემ 50-მდე კაციდაკარგა.

 

შეტევა ანუაარხუზე და შრომაზე

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ოჩამჩირის  რაიონში დესანტმა ანუაარხუს  შტურმი დაიწყო. 9 ივლისს , დილის 6.00 საათზე მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით აფხაზები შეტევაზე გადმოვიდნენ. ისინი  ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ სიმაღლის აღებას. განუწყვეტელი ბრძოლა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრიტიკულ წუთებში, ახალ კინდღში ბაზირებულმა საარტილერიო დივიზიამ დესანტზე იერიში მიიტანა. მოწინააღმდეგემ ამოცანა ვერ შეასრულა. დაღუპულების სახით დესანტმა150-მდე მებრძოლი დაკარგა. მწყობრიდან გამოვიდა სამი ტანკი. ანუაარხუზე შეტევის პარალელურად აფხაზებმა იერიში სოხუმიდან  9 კილომეტრში მდებარე სოფელ შრომაზეცმიიტანეს.

ვითარება საგანგაშო გახდა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზების    პირველი შეტევა მოგერიებულ  იქნა, მათ მაინც შეძლეს  სოფლის ცენტრის თითქმის მთლიანად დაკავება.

შრომა  სტრატეგიულ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში მოხვედრა მხოლოდ ხეობიდან ამოსასვლელი ერთადერთი გზით შეიძლება. ამის მიუხედავად, აფხაზებმა შრომის მთელი ტერიტორიის აღება მოახერხეს. სეპარატისტთა პირველი იერიშის მოგერიების შემდეგ სოფელში პოლიციის ნაწილი დარჩა. ღამით აფხაზებმა პოლიციის მეთვალყურეები ამოხოცეს და შრომა უდანაკარგოდ დაიკავეს.

27 ივლისის შეთანხმება

14 ივლისს სეპარატისტებმა და მათმა მოკავშირეებმა   დაიკავეს ყველა სტრატეგიული სიმაღლე შრომა-კამანის მიმართულებით და .  აკონტროლებდნენ კამანს, შრომას, ახბიუქს, აფიანდას. 17 ივლისს   ქართულმა მხარემ სიმაღლეების დასაბრუნებელი ოპერაცია დაიწყო, თუმცა თავგანწირული ბრძოლების მიუხედავად ეს ვერ შეძლო. სოხუმზე შეტევისთვის აფხაზებმა ხელსაყრელი პლაცდარმი აიღეს. შრომა-კამანიდან სოხუმზე პირდაპირი გზა მიდიოდა. ახბიუქისა და აფიანდას სიმაღლეებიდან კი ქალაქის დაბომბვა პრობლემას არ წარმოადგენდა. სოხუმი  ჩრდილოეთის მხრიდან ბლოკირებული იყო. აფხაზებმა გუმისთის  ხაზს მოუარეს და ქართველთა პოზიციების ზურგში გამაგრდნენ. ასეთ ვითარებაში ქალაქის დაცვა უკიდურესად რთული საქმე ხდებოდა.

27 ივლისს სოწშიკონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, რუსეთის შუამავლობით მორიგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით აფხაზეთს ტოვებდა ყველა დაქირავებული მებრძოლი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობა. სოხუმიდან  უნდა გაეტანათ ქართული არმიის ჯავშან-ტექნიკა და არტილერია. აფხაზურ ტექნიკაზე კონტროლი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დაევალა.

27 ივლისი ფაქტობრივად კაპიტულაციას ნიშნავდა. სეპარატისტების მიერ სოხუმის აღება მხოლოდ დროის ამბავი იყო.

 

წინა სტატიატამიშის ბრძოლა – საქართველოს უახლესი ისტორიის გმირული ფურცელი
შემდეგი სტატიარუსმა მომღერალმა ზემფირამ თბილისის ფესტივალზე უკრაინის დროშა ააფრიალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური