სიძველისადმი გრძნობა, პატივი …ვინ იყო ნიკოლოზ ბუკია?

0
774

ზუგდიდის საზოგადოებაში აქტიურად განიხილება  მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკისთვის ნიკოლოზ ბუკიას სახელის მინიჭების საკითხი.

მეცხრამეტე საუკუნის საზოგადო მოღვაწემ ნიკოლოზ ბუკიამ დიდი წვლილი შეიტანა  ზუგდიდში კულტურის და, კერძოდ, საბიბლიოთეკო საქმის განვითარების სფეროში – აღნიშნა  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მანანაგვარამიამ დღეს გამართულ საზოგადოებრივ დისკუსიაზე, რომელიც   ბიბლიოთეკისთვის ნიკოლოზ ბუკიას სახელის მინიჭების საკითხს მიეძღვნა.

ვინ იყო ნიკოლოზ ბუკია, რომლის სახელი დღეს მხოლოდ ვიწრო წრისთვის არის ცნობილი, თუმცა კი თავის დროზე უდიდესი წვლილი შეიტანა ზუგდიდის კულტურულ ცხოვრებაში, როგორც   ილიას კულტტრეგერული თაობის ღირსეულმა წარმომადგენელმა?

ნიკოლოზ ბუკიას სახელი მჭიდროდ უკავშირდება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობას სამეგრელოში, XIX საუკუნის მეორე ნახევარში. იგი სათავეში ედგა ზუგდიდის საზოგადოების აქტიურ მოძრაობას  ზუგდიდის თეატრალური ცხოვრების გამოცოცხლებისათვის და მწიგნობრობის ტრადიციების აღორძინებისათვის, რასაც ემსახურებოდა ზუგდიდის  პირველი სახალხო ბიბლიოთეკის დაფუძნება, რასაც სიხარულით გამოეხმაურა იმჟამონდელი ქართული პრესა, კერძოდ, გაზეთები ,,ივერია” და ,,დროება.”

,,დღევანდელი ჩვენი ბიბლიოთეკა უშუალო მემკვიდრეა იმ სამკითხველოსი, რომლის გახსნისათვის ზრუნვა ზუგდიდის თეატრალურმა საზოგადოებამ ითავა 1899 წელს. – ამბობს მანანა გვარამია, –   25 მარტს სპეციალურად დაქირავებულ კ. ლუკავას სადურგლო სახელოსნოს დარბაზში წარმოდგენილ იქნა რ. ერისთავის ,,გაყრა”, რომელიც პირველი არასაოჯახო წარმოდგენა იყო ზუგდიდში და როგორც ნიკოლოზ ბუკიას მოგონებებსია ნაქვამი, ემსახურებოდა ორ მიზანს, ერთის მხრივ თეატრალური განათლების შეტანას მოსახლეობაში, მეორეს მხრივ სახალხო სამკითხველოს ასაშენებლად საჭირო თანხების შეგროვებას ბილეთების საფასურის სახით.  

ცოტა ხნით ადრე ზუგდიდელებს, ვისაც ჟურნალ-გაზეთების გამოწერის საშუალება არ ჰქონდათ, მათი წაკითხვა შეეძლოთ  მხოლოდ ტ. თოხაძის სტამბაში,ამ უკანასკნელს  გამოწერილი ჰქონდა თითქმის ყველა ქართული ჟურნალ-გაზეთი და სტამბის ერთ კუთხეში ედგა მაგიდა, რომელიც სამკითხველოს მოვალეობას ასრულებდა, თუმცა  თოხაძემ მწირი შემოსავლების გამო შეწყვიტა ჟურნალ-გაზეთების შეძენადა ქალაქი სამკითხველოს გარეშე დარჩა. ზუგდიდის ინტელიგენცია ცდილობდა როგორმე კვლავ გაეხსნა სამკითხველო. როგორც ნიკოლოზ ბუკია იგონებს -,,პირველი სპექტაკლის ხარჯების გასტუმრების შემდეგ დაგვრჩა 125 მანეთი, ამ ფულით შევიძინეთ მოზრდილი მაგიდა, ორი გრძელი სკამი, რამდენიმე ტაბურეტი, გრაფინი, ჭიქა, ხოლო დარჩენილი ფულით გამოვიწერეთ 2 ცალი ,,ივერია”, 2 ცალი ,,კვალი,” 2 ცალი ,,ცნობის ფურცელი” და რუსული ჟურნალები – ,,კავკაზი” და ,,ნივა”- (გაზ. ,,მებრძოლი,” 1960, 7 აგვისტო). ასე დაიწყო ფუნქციონირება სტამბაში 1999 წლიდან სახალხო სამკითხველომ.      

ნიკოლოზ ბუკიას მოგონებიდან ჩანს, რომ თავიდან სამკითხველოში მხოლოდ სცენისმოყვარენი დადიოდნენ, შემდეგში სხვებიც დაეჩვივნენ და გაიზარდა მკითხველთა რიცხვი, აუცილებელი გახდა ცალკე ოთახის დაქირავება.  ახალგაზრდების ჯგუფმა დახმარებისათვის მიმართა შეძლებულ ვაჭარს ტ. აბესაძეს, რომელიც ბევრს ზრუნავდა ზუგდიდის გამშვენიერებასა და კეთილმოწყობაზე. დღევანდელობისთვისაც მისაბაძი და მეტად საყურადღებო ნაბიჯი გადადგა ტ. აბესაძემ, მოიწვია ვაჭრებისა და დაწესებულებათა მოსამსახურეების კრება, სადაც დააყენა სამკითხველოს გახნის საკითხი, მისი წინადადება ყველამ მოიწონა და მის წევრად ჩაეწერა. აქვე არჩეულ იქნა გამგეობა 5 კაცის შემადგენლობით, დაწესებულ იქნა საწევრო გადასახადი 20 კაპიკის ოდენობით. შემდეგ გაიმართა კამათი იმაზე, თუ ვისი სახელი დარქმეოდა სამკითხველოს. იყო სხავადასხვა კანდიდატურა, ნიკოლოზ ბუკიამ წამოაყენა წინადადება სამკითხველოს დარქმეოდა აკაკი წერეთლის სახელი, რომელსაც საზოგადოება სიხარულით შეხვდა და გადაწყდა ბიბლიოთეკას დარქმეოდა  ,,მგოსან აკაკი წერეთლის სახელობის ზუგდიდის ბიბლიოთეკა”.

 

შემოწირულობებით, საწევრო ანარიცხებითა და წარმოდგენებით სამკითხველო ძლივს არსებობდა,  ასე მოაღწია 1908 წლამდე. ამავე წელს საქართველოში ტარდებოდა აკაკი წერეთლის მოღვაწეობის 50 წლისთავი, სამკითხველოსთან დაარსებულმა საქველმოქმედო საზოგადოებამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა აკაკის საღამო ორ განყოფილებად. ,,პირველ განყოფილებაში იყო მოხსენება აკაკის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ხოლო მეორეში დავდგით ,,პატარა კახი”. საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ საღამოდან შემოსული თანხით, რომელიც 900 მანეთს შეადგენდა, დაწყებულიყო ბიბლიოთეკისათვის საკუთარი შენობის აგება. საქველმოქმედო საზოგადოებას დაეკისრა ამ მიზნით ნებაყოფლობითი შემოწირულების შეგროვება”, – იგონებს ნიკოლოზ ბუკია. (გაზ. ,,მებრძოლი,” 1960, 7 აგვისტო).

 

მიზანი განხორციელდა და ქ. ზუგდიდში, სასტუმრო ,,ოდიშის” წინ შუა სკვერში, სადაც საბჭოთა პერიოდში იდგა ლენინის ძეგლი, ხოლო ამჟამად აღმართულია მართლმადიდებლური ქვაჯვარი, ზუგდიდის ინტელიგენციის ინიციატივით აგებულ იქნა ქვითკირის პატარა შენობა. ეს იყო 1912 წელი, იმავე წლის 19 მაისს დაინიშნა ,,წიგნსაცავი-სამკითხველოს” გახსნა. 

 

საქართველოში სახალხო ბიბლიოთეკების განვითარების საკითხი ერთიანი ქართული მოვლენა იყო და მისთვის აქტიურად იბრძოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ყოველი სახალხო ბიბლიოთეკის გახსნა ზეიმი იყო ქართული საზოგადოებისთვის და ამ ზეიმში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი, ხალხისათვის საყვარელი ადამიანები.

 

ბიბლიოთეკის გახსნაზე მოწვეულ იქნა აკაკი წერეთელი. ხალხი ფეხზე ადგა აკაკის შესახვედრად. გამოიყო კომისია, რომელიც ორგანიზაციას გაუწევდა პოეტთან შეხვედრას, ამ კომისიაში შედიოდნენ: ი. მუჯირი, ნ. ბერიძე, ნ. დავითაია. ,,19 მაისს, დილის 10 საათზე ეტლით მომავალ მგოსანს სოფელ ცაიშში უამრავი ხალხი შეეგება. ეს შეხვედრა ნამდვილ სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. ყველა მახლობელი სოფლიდან ხალხი კოლექტიურად მოდიოდა. ეტლს, რომელშიც იგი იჯდა, გვირგვინით ამკობდნენ,” – იგონებს დამსწრე. (ს. ცაიშვილი. 1965. გვ.116).

 

ნიკოლოზ ბუკიას მოგონებაში დეტალურად არის აღწერილი აკაკის სტუმრობა ზუგდიდში. ქალაქის შესასვლელთან აკაკის დახვდა ნ. ბერიძის პატარა გოგონა, რომელმაც მგოსანს ცოცხალი ყვავილებისაგან გაკეთებული ლირა მიართვა და სიტყვა უთხრა. 11 საათზე აკაკი მიიწვია მისმა ნათესავმა ნიკოლოზ დადიან-მინგრელსკიმ. შემდეგ ნიკოლოზ დადიანისა და კომისიის წევრების თანხლებით მივიდა სამკითხველოში, სადაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი.

სამკითხველოს აღმოსავლეთ კედელზე ეკიდა დაფნის გვირგვინით შემკობილი პოეტის დიდი ფერწერული პორტრეტი, რომლის ქვეშ მიწერილი იყო აკაკის ლექსი. პოეტი სამკითხველოს შუაგულ დარბაზში იდგა, დარბაზი გახსნილად გამოცხადდა, პოეტი ტაშისცემითა და ვაშას ძახილით ხელში აიყვანეს და მაღლა ატაცებული დაბის საკრებულო დარბაზის სცენისაკენ გააქანეს. სიტყვები წარმოთქვეს ზუგდიდის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, ვეფხისტყაოსნის ცნობილმა მკვლევარმა, ილიასა და სერგეი მესხის მეგობარმა დავით ჩქოტუამ, ექიმმა მუჯირმა, მასწავლებელმა ნ. ბუკიამ და სხვებმა. წაკითხულ იქნა აკაკის ლექსები, სტუმრის პატივსაცემად გაიმართა სადილი, რომელსაც დაესწრო მაზრის მოწინავე საზოგადოება. სადილის დროს თბილისიდან მიღებულ იქნა წ.კ.გ. საზოგადოებისაგან შემდეგი შინაარსის დეპეშა: ,,ქართველთა შორის წ.კ.გ. საზოგადოება გულმხურვალედ ეგებება და გილოცავთ სახალხო ბიბლიოთეკის გახსნის სასიხარულო მოვლენას, დაე იყოს იგი ცოდნის გამავრცელებელი და დაქსაქსულ ძალთა შემაკავშირებელი დუღაბი” (,,სახალხო გაზეთი”, 1912. #596). ღონისძიების დასასრულს პოეტმა მოკლე სიტყვა წარმოთქვა.  მეორე დღეს აკაკი ისევ მიიწვია ნიკო დადიანმა და მისმა მამიდამ სალომე მიურატისამ. საუზმის დროს ნიკო დადიანმა სტუმარს პაპის-დავით დადიანისეული ვერცხლის ძვირფასი თასი აჩუქა. საღამოს 5 საათზე აკაკი ზუგდიდიდან გაემგზავრა.

 

წინა სტატიაbiletebi.ge-მ სუპერთასის ბილეთების გაყიდვა განაახლა
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციამ ზურაბ ხარატიშვილი დააკავა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური