აფხაზთა მიერ ქართველთა სახლების მისაკუთრება პრინციპით ,,დაკავებულია” სახეს იცვლის

0
526

აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო აფსნი – რუ- ს ცნობით, გუშინ გაიმართა აფხაზეთის დე – ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას სამუშაო შეხვედრა შესაბამისი სტრუქტურებისა და უწყებების წარმომადგენლებთან მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საბინაო პირობების გაუმჯობესებაზე მიმართული საქმიანობის მიმდინარეობის საკითხებზე.

ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა პრობლემის სიმწვავეს და მისი გადაჭრის დაჩქარების აუცილებლობას. ამ საკითხს წლების მანძილზე არ ექცეოდა სათანადო ყურადღება, დადგა დრო ადგილიდან დაიძრას ამ პრობლემის რეალურად გადაწყვეტის პროცესი   – აღნიშნა მან – პრინციპი ,,დაკავებულია“ , რომლის მიხედვითაც წყდებოდა ეს პრობლემა ომისშემდგომ წლებში, დღეს აღარ მუშაობს. უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც უხელმძღვანელებს საცხოვრებელი ფართების მოძიებას და მათ სამართლიანად გადანაწილებას მოწყვლად ადამიანებზე. მისი თქმით, ბრძანებულებას სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ უახლოეს ხანში მოეწერება ხელი.

შეგახსენებთ, რომ საუბარია პრინციპზე, რომლითაც ხდებოდა ეთნიკური წმენდის შემდეგ ქართველთაგან მიტოვებული სახლების მასობრივი მიტაცება და მისაკუთრება ამა ქვეყნის ძლიერთა და სხვის ქონებაზე თავხედურად დაპატრონების ძალის მქონე პირების მიერ სამხედრო ნადავლის სახით, იმხანად ზოგმა ხუთი –  ათი საცხოვრებელი სახლიც კი მიისაკუთრა, ამ ტაციობაში  სათანადო ფხა ვერ გამოიჩინა აფხაზთა მეორე ნაწილმა,რომელიც ახალ თაობასთან ერთად მაშინ გაშვებული შანსის დაბრუნებას ცდილობს. უკანასკნელ თვეებში გახშირდა მიტოვებულ სახლებში შეჭრის ფაქტები და გამოსვლები მათი გადაფორმების მოთხოვნით.  

დღეის მონაცემებით,  ყველა დიდი და მოწყობილი ბინა უკვე გადანაწილებულია, მაგრამ ეს დატაცება მაინც უფრო სოხუმის ცენტრალურ უბნებში მოხდა, ქალაქის გარეუბნებში არსებული ბინების მიმართ კი ომის შემდეგ პერიოდში ინტერესი არ იყო.

 დღეს კი აფხაზებმა გარეუბნების ათვისება და ქართველების დარჩენილი სახლების მისაკუთრებაც დაიწყეს. ასეთ გარეუბანს წარმოადგენს სოხუმის ახალი რაიონი, სადაც ბევრი კორპუსია, თითქმის ყველა ცარიელი, ავეჯისაგან გაძარცული, კარ-ფანჯარა ჩამოხსნილი და იატაკაყრილი.

რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ მას ხელთა აქვს დღეისთვის არა მარტო ქალაქ სოხუმში, არამედ სხვა რაიონებში არსებული თავისუფალი საცხოვრებელი ფართების სია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბინები იმ ადამიანებს გადაეცეთ, ვინც იმსახურებს. ესენი არიან ჩვენი ომის შშმ ვეტერანები და ახალგაზრდა ოჯახები, რომლებიც წლებია ბინის რიგში დგანან," – აღნიშნა ხაჯიმბამ.მისი თქმით, პროკურატურის წარმომადგენლებმა მხოლოდ სოხუმის სხვადასხვა რაიონში ასეულობით თავისუფალი საცხოვრებელი ბინის სია მიაწოდეს, სადაც არავინ ცხოვრობს, თუმცა ხაჯიმბა დარწმუნებულია, რომ მსგავსი ბინები აფხაზეთში გაცილებით მეტია.

აღსანიშნავია, რომ სერგეი ბაღაფშის  პრეზიდენტობისას ამოქმედდა ძველი კომუნისტური კანონი, რომლის თანახმად,  თუკი 15 წლის განმავლობაში სახლს პატრონი არ გამოუჩნდებოდა, ის მუნიციპალური საკუთრება ხდებოდა და მერე მას მუნიციპალიტეტი თავისი შეხედულებისამებრ  გაანაწილებდა. ამ "კანონით" ხდება დღეს ქართველებისაგან დატოვებული სახლების აფხაზებზე გადანაწილება.

ხდება ისიც, რომ აფხაზები მიტაცებულ ბინებს ყიდიან, მაგრამ თავად ადგლობრივი აფხაზები ბინებს არ ყიდულობენ, ისინი ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლებისაგან ცარიელი სახლების უფასოდ გადაცემას ითხოვენ. ბინებს უფრო რუსები ან სომხები ყიდულობენ. სხვადასხვა რუსულენოვან საიტებზეც დევს გასაყიდი სახლებისა თუ ნაკვეთების შესახებ განცხადებები. მაგალითად, სოხუმის ცენტრში მიწის ნაკვეთის ფასი 5-7 ათასი დოლარია, გარეუბნებში ოროთახიანი გაურემონტებელი ბინა 4 ათას დოლარადაც შეიძლება იშოვო, ცენტრალურ უბნებში კი, მაგალითად, რუსეთის საელჩოსთან გარემონტებული სამოთახიანი ბინის ფასი 75 000 დოლარამდე ადის. მნიშვნელოვანია ასევე, აქვს თუ არა სახლს საბუთი, საბუთიანი ბინა ძვირია, უსაბუთო – ძალიან იაფი. ხდება ისიც, რომ აფხაზეთიდან დევნილებს ურეკავენ და საბუთების მიყიდვას სთხოვენ 3-5 ათას დოლარად და ზოგმა საბუთები გაყიდა კიდეც.

წინა სტატიამანჰატანი… უბრალო ტყუილი თუ ხალხის ნერვებზე ახალი თამაში?
შემდეგი სტატიასოციალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვახტანგ ჟორდანია მეგობართან ერთად მცხეთასთან მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური