განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სკანდალური დასკვნა- სკოლის დირექტორებმა კონკრეტული საჯარო მოხელეები დაასახელეს (VIDEO)

0
616

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა  მარტში რეგიონებში ფილმის „სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის“ ჩვენებასთან დაკავშირებით  მოკვლევა დაასრულა. როგორც დასკვნიდან ირკვევა, ფილმის ჩვენებაზე დაუწყება სკოლის დირექტორებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაგდალინა თოდუასგან და ქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ზამირა ღადუასგან  მიიღეს. განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ საჯარო უწყების თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორებისა და უფროსკლასელი მოსწავლეების მობილიზებაში. აუდიტის დასკვნის მიხედვით და სკოლის დირექტორების ახსნა-განმარტების საფუძველზე დგინდება, რომ რამდენიმე სკოლის დირექტორმა მერიის საჯარო პირისგან მიიღო თხოვნა, რომ ფილმის ჩვენებას 80 უფროსკლასელი დასწრებოდა. დირექტორების კითხვაზე თუ რას ეხებოდა ფილმი, მათი ახსნა-განმარტებით, ზამირა ღადუასგან მიიღეს პასუხი, რომ ფილმში არაფერი იყო საგანგაშო, თუმცა როგორც სკოლის დირექტორები ამბობენ, ჩვენებაზე მისულებს სულ სხვა სურათი დახვდათ და ამიტომ მოსწავლეებს მოუწოდეს სახლში დაბრუნებულიყვნენ. – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

”აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის  #1 საჯარო სკოლის დირექტორის ნინო გოგინავას და დირექტორის მოადგილის ნინო ბულიას, ასევე მოსწავლეთა ნაწილის წერილობითი ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ 2015 წლის 12 მარტს სკოლის დირექტორს ტელეფონით დაუკავშირდა ზამირა ღადუა და სთხოვა მერიაში მისვლა, სადაც მისულ დირექტორს ზამირა ღადუამ უთხრა, რომ 14 მარტს შეხვედრა ტარდებოდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რის შემდეგაც აჩვენებდნენ დოკუმენტურ ფილმს და ამ შეხვედრას და ფილმის ჩვენებას უნდა დასწრებოდა სკოლის 80 მოსწავლე. კითხვაზე, დააზუსტა თუ არა ინფორმაცია ფილმის შინაარსის თაობაზე, ნინო გოგინავამ განმარტა, რომ ზამირა ღადუას ინფორმაციით ფილმში არაფერი იყო საგანგაშო.

ქალაქ ზუგდიდის  #4 საჯარო სკოლის დირექტორის ნანა ხუფაცარიას წერილობითი ახსნა-განმარტების ირკვევა, რომ 2015 წლის 12 მარტს მას ტელეფონით დაუკავშირდა ქ. ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ზამირა ღადუა და ის დაიბარა მერიაში. იმავე დღეს ნანა ხუფაცარია მივიდა მერიაში, სადაც შეხვდა ზამირა ღადუას მის სამუშაო ოთახში. დირექტორის განმარტებით, ზამირა ღადუამ მას აუხსნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კომბინატის კულტურის სახლში ტარდებოდა 45 წუთიანი ფილმის ჩვენება ძალადობის წინააღმდეგ და სასურველი იქნებოდა სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების (დაახლოებით 80 პირი) წაყვანა. ამასთან, დირექტორის ინფორმაციით დაზუსტებულ იქნა, რომ მოსწავლეების შემთხვევაში საქმე შეეხებოდა მხოლოდ მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებს.

ქალაქ ზუგდიდის  #5 საჯარო სკოლის დირექტორის დოდო ცქვიტაიას და კლასის დამრიგებლის ზამირა ბზიკაძის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ 2015 წლის 12 მარტს დოდო ცქვიტაიას ტელეფონით დაუკავშირდა ქალაქ ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ზამირა ღადუა და უთხრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია აწყობდა დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას და სასურველი იქნებოდა ეს ფილმი ენახათ სკოლის მასწავლებლებსა და მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის საჯარო სკოლის დირექტორის მარინე ჟორჟოლიანის განმარტებით, 2015 წლის 12 მარტს მას ტელეფონით დაუკავშირდა მაგდა თოდუა სამოქალაქო განათლების პედაგოგისათვის ჩასატარებელი ტრენინგის თაობაზე და საუბრის ბოლოს უთხრა, რომ 14 მარტს კომბინატის კულტურის სახლში დაგეგმილი იყო ფილმის ჩვენება სააკაშვილის 9 წლიან მმართველობაზე და თუ სურვილი ექნებოდა , დასწრებოდა ფილმის ჩვენებას

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ცაავა განმარტავს, რომ 2015 წლის 12 მარტს მას ტელეფონით დაუკავშირდა მაგდალინა თოდუა, რომელმაც უთხრა, რომ ის და სკოლის რამდენიმე მასწავლებელი მიწვეული იყვნენ კულტურის სახლში დაგეგმილ ფილმის ჩვენებაზე დასასწრებად. 13 მარტს სკოლის დირექტორმა ფილმის ჩვენებაზე დასწრების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა სკოლის 5 მასწავლებელს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის საჯარო სკოლის დირექტორი რობერს ბერიშვილი განმარტავს, რომ 2015 წლის 12 მარტს ტელეფონით დაუკავშირდა მაგდალინა თოდუა და უთხრა, რომ კომბინატის კულტურის სახლში აპირებდნენ ფილმის ჩვენებას, რომელიც ეხებოდა წინა ხელისუფლების 9 წლიან მმართველობის რეჟიმს და სასურველი იქნებოდა ფილმის ჩვენებას კომბინატის კულტურის სახლში დასწრებოდნენ მასწავლებლები. დირექტორის განმარტებით, მან მეორე დღესვე მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია სკოლის მასწავლებლებს და ორი მათგანი დაესწრო კიდეც ფილმის ჩვენებას

შიდა აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის #1, მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის #2, ქალაქ ზუგდიდის #3, #4, #5, #6, #9, #11 და #12 საჯარო სკოლების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე დასწრებასთან დაკავშირებით, ისე, რომ თავად სკოლის დირექტორებსა და მოადგილეებს არ ჰქონდათ დადასტურებული ინფორმაცია ფილმის შინაარსიდან და მასში გამოყენებული მასალიდან გამომდინარე, იყო თუ არა მიზანშეწონილი მისი ნახვა მოსწავლეებისათვის. გარდა ამისა, მასწავლებლების ახსნა-განმარტების საფუძველზე ირკვევა, რომ ზამირა ღადუამ მათ მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფილმის ჩვენებას აწყობდა არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა არ უთქვამს კონკრეტულად რომელი ორგანიზაციები ახორციელებდნენ ამ ღონისძიებას. ასევე, სკოლის დირექტორების განმარტებებიდან ირკვევა, რომ დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე დასწრების თაობაზე ინფორმაცია მათ იმგვარად მიეწოდათ, თითქოს მოსწავლეების დასწრება სავალდებულო იყო. შიდა აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მოსწავლეების სავალდებულოდ დასწრებას, არცერთი დირექტორის მხრიდან არ განხორციელებულა ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ან განათლების სამინისტროს ინფორმირება ან თუნდაც კონსულტაციის მიღება იმის თაობაზე , იყო თუ არა სკოლის დირექტორი ვალდებული ან უფლებამოსილი შეესრულებინა მსგავსი მითითება“.

მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზამირა ღადუამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაგდალინა თოდუამ საინფორმაციო სააგენტო Odishi News- თან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. სკოლის დირექტორები კი ცალსახად აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა მათთან ერთად ამ ადამიანებმაც უნდა გაინაწილონ. „კეთილი ინებონ და ამ ადამიანებმა ელემენტარული ბოდიში მაინც მოიხადონ“ – აცხადებს #5 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ცქვიტაია. 

წინა სტატიაკადიროვმა ობამა გაკიცხა
შემდეგი სტატიაპირველად ზუგდიდში- იმპლანტაციის ოპერაცია სმაილ-დენტში. (VIDEO)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური