ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული პატიმრების მშობლები პროტესტის ნიშნად ფეხით ქუთაისისკენ მიემართებიან (VIDEO)

0
602

ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული პატიმრის მშობლებმა დღეს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პროკურატურის წინ აქცია გამართეს. დაკავებული პატიმრების მშობლების განცხადებით არსებულ საქმეში "ძალიან ბევრი თეთრი ძაფით ნაკერი ეპიზოდებია". ისინი სამხარეო პროკურორთან გიზო უბილავასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა როგორც უწყების დაცვის თანამშრომელმა განუმარტა, ამ წუთებში არც უბილავა და არც სხვა პასუხისმგებელი პირი სამხარეო პროკურატურის შენობაში არ იმყოფება. დაკავებულის ახლობლებმა ამის შემდეგ ტრანსფარანტებით პროკურატურიდან გეზი ქუთაისისკენ აიღეს. მათი თქმით, ისინი ფეხით ქუთაისში ჩასვლას აპირებენ და პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. როგორც თავად მათ განაცხადეს, შეეცდებიან შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას და საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს. ერთ-ერთი ბრალდებულის მშობლის განცხადებით, სენაკში მათ ასევე აღნიშნულ საქმეში ბრალდებული და დაკავებული პატიმრების მშობლები შემოუერთდებიან და ერთად გააგრძელებენ ფეხით გზას ქუთაისისკენ. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები, სადაც წერია, რომ "ზუგდიდში უნდა შეწყდეს ნარკოტიკებისა და ცეცხლსასროლი იარაღების ჩადებების სერია". 

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის სექტემბერში შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ 7 პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. წალენჯიხაში, ფოთში სენაკსა და ზუგდიდში დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათ პოლიციამ ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდო.

წინა სტატიასამეგრელოში მედდების გადამზადების კურსები იწყება.
შემდეგი სტატიაალიანსის მოვაჭრეებმა საკრებულოს წინ აქცია გამართეს (VIDEO)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური