როგორი შეფასებები შეიძლება მიიღოს საქართველომ რიგის სამიტზე

0
569

ბოლო დროს მიმდინარეობს აზრთა ინტენსიური გაცვლა და ხშირ შემთხვევაში სპეკულირებები იმის თაობაზე,  მიიღებს თუ არა რიგის სამიტზე საქართველო სავიზო ლიბერალიზაციის პოზიტიურ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის. იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. თუმცა,  რიგის მაისის სამიტის გადაწყვეტილება,  მიუხედავად მისი სარეკომენდაციო ხასიათისა, იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა –  ნაკლებმოსალოდნელი. ევროპული საბჭოს სხდომა კი გაიმართება ივნისის ბოლოს. იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს სავიზო ლიბერალიზაცია შენგენის ზონასთან საჭიროა: ა) დადებითი ტექნიკური შეფასება ევროკომისიის მიერ და რეკომენდაცია ევროპული საბჭოსადმი და ბ) პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს მიერ, რომელშიც გადაწყვეტილებას იღებენ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და არა ევროკომისიის ჩინოვნიკები.

დადებითი ტექნიკური შეფასების გარეშე დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული,  ხოლო უარყოფითი პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება დადებითი ტექნიკური შეფასების მიუხედავად მიიღონ. ორივე მათგანს აქვს თავისი განმაპირობებელი ფაქტორები, რომლებსაც ქვემოთ მოკლედ განვიხილავ:

ა) ზოგადად, სავიზო ლიბერალიზაციის ტექნიკური მხარის შეფასება დამოკიდებულია ევროკომისიის მიერ დაწესებული კრიტერიუმების შესრულებაზე პარტნიორი ქვეყნის მხრიდან. ეს კრიტერიუმები იყოფა 4 ბლოკად და ამ მომენტისთვის მათი სავარაუდო დაკმაყოფილება შეიძლება პირობითად შეფასდეს შემდეგნაირად: 1. დოკუმენტების დაცულობა ბიომეტრული მახასიათებლების ჩათვლით – ამ ნაწილში ჩვენ ამ ეტაპზე ვფასდებით უმაღლესი 10 ქულით; 2. მიგრაციის მართვა, რეადმისიის ჩათვლით (აქ იგულისხმება საზღვრის მართვა, მიგრაციის მართვა, თავშესაფრის მართვა) – 8.3 ქულა; 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი (ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) – 7.7 ქულა; 4. ადამიანის უფლებების დაცვა (ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება, სამოქალაქო და უმცირესობათა უფლებები) – 6.8 ქულა, საერთო მაჩვენებლით 32.8 ქულა. ამ მაჩვენებლებით მცირედით ჩამოვრჩებით მოლდოვას (37.2 ქულა, მოლდოვის მიერ სავიზო ლიბერალიზაციის 2014 წლის აპრილში მიღების მომენტისთვის) და თითქმის თანაბრად ვართ უკრაინასთან 32.2 ქულა. გამომდინარე აქედან, ამ ეტაპისთვის არსებული შეფასებიდან დადებითი ტექნიკური შეფასების მიღების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ამ შეფასების მიღება მთლიანად დამოკიდებულია მთავრობის მიერ კრიტერიუმების შესრულებაზე. ანუ, თუ დადებითი ტექნიკური შეფასება არ გააკეთა ევროკომისიამ ამ ნაწილში პასუხისმგებლობა იქნება საქართველოს მთავრობის. რამდენად მიახლოებული იქნება ევროკომისიის საბოლოო შეფასება ამ ვარაუდებთან დაზუსტებით რთული სათქმელია, თუმცა დადებითი მოლოდონის საფუძველი საკმაოდ მაღალია.
ბ) პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება უმეტესად დამოკიდებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნება-სურვილზე. ასევე,  ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სახეს მიიღებს სამეზობლო პოლიტიკის რეფორმირების დოკუმენტი, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს მზად ივნისის ბოლომდე. თუ ევროკავშირი ჩამოყალიბდა ამ რეფორმირებაზე 25-26 ივნისის ევროპული საბჭოს სხდომამდე, მაშინ მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ამ დროისთვის, რაც ნაკლებ სავარაუდოა გამომდინარე მოგერინის განცხადებებიდან.  თუ არადა, პროცესი გადაიწევს წლის ბოლომდე პროცედურულად. შეფერხება შეიძლება ასევე გამოიწვიოს იმ ფაქტორმაც, რომ თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნა უკრაინის მიმართ მიღებული (და ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია იქ მიმდინარე პროცესების და მომეტებული მიგრაციული ნაკადის ზრდის გათვალისწინებით), საქართველოზე გადაწყვეტილებაც შესაძლებელია შეფერხდეს. ამ ნაწილში საქართველოს მთავრობის მონაწილეობა და ვალდებულება მდგომარეობს წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურ/ორმხრივ ინტენსიურ დიალოგში, რათა მოხდეს ამ ქვეყნების დარწმუნება, რომ სავიზო ლიბერალიზაცია იქნება ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინვესტიცია საქართველოს საზოგადოებაში, უაღრესად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების პროცესს, შეამცირებს რუსული პროპაგანდის გავლენებს და ა.შ. ტექნიკური არგუმენტი ასევე შეიძლება იყოს ისიც, რომ ვინაიდან სამეზობლო პოლიტიკაში ძლიერდება ინდივიდუალური მიდგომის ელემენტი, არ იქნებოდა სწორი,  საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღება განიხილებოდეს უკრაინასთან ერთობლიობაში.

ლევან ბოძაშვილი, ევროკავშირის საკითხთა ექსპერტი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე

წინა სტატიარამაზ საყვარელიძე – დიდად არ მჯერა, რომ 21 მარტის აქციაში სერიოზული რყევების პოტენციალი იყოს
შემდეგი სტატიაფარხად მამედოვი – რამდენადაც მეტად ჩავკიდებთ ხელს და ეფექტურად ვითანამშრომლებთ, მეტად გავაძლიერებთ ერთმანეთს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური