ეროვნული მარეგულირებელი კომისია იწყებს შემოწმებას, რის შემდეგაც გაირკვევა, რამდენ აბონენტს დაუბრუნდება უკან კომუნალურებზე არასწორად დარიცხული თანხა – საუბარია “თელმიკოსა” და “თელასზე”, რომლებზეც მომხმარებლები პრეტენზიას სოციალურ ქსელებში გამოთქვამდნენ და ქვითრებსაც აქვეყნებდნენ.
აბონენტთა უმრავლესობა ჩიოდა, რომ გაზრდილი და წინა თვესთან შედარებით ორჯერ მეტი გადასახადი მოვიდა იმის მიუხედავად, რომ ელექტროენერგია თითქმის იმდენივე მოიხმარა, რამდენიც გასულ თვეს.
ამასთან, რეგიონებში პრეტენზია გაჩნდა “სოკარის” მიმართაც. აბონენტები წერენ, რომ გაზის გადასახადიც უფრო მეტი მოვიდა, ვიდრე ვარაუდობდნენ, თუმცა, არაა ცნობილი, სემეკი შეისწავლის თუ არა “სოკარ გაზის” მიერ დარიცხულ თანხებს.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ თუკი დადგინდა რომ მოქალაქეებმა ზედმეტი გადასახადი გადაიხადეს, ეს დაკორექტირდება და მომდევნო თვის გადასახდელების ანგარიშზე დაჯდება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიდებიან.
“იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ეს დაუკორექტირდებათ აბონენტებს და ზედმეტად გადახდილი თანხები დაუჯდებათ მომდევნო გადასახდელების ანგარიშში და გაექვითებათ და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება კომპანიებისთვის გაორმაგებული მოცულობით დაჯარიმების შესახებ, ვინაიდან, გასულ წელს, არასწორი დარიცხვების გამო, ჩვენ ორივე კომპანია დაჯარიმებული გვყავს,“ – ამბობს დავით ნარმანია.
კომპანიების შემოწმების პროცესში ერთვება ენერგოომბუდსმენი. სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ უკვე დაიწყო მიზეზების შესწავლა და ახსნა-განმარტებებიც გამოთხოვილია. თუმცა ამბობს, რომ პირველადი შეხედვით, ხარვეზი ეხება აღრიცხვიანობის პრობლემას.