ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტს ხვდება. სასულიერო პირს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
რამდენიმე დღის წინ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ხელისუფლებას შესთავაზა მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შინაპატიმრობაში გადაიყვანონ. მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ პრობლემის ამგვარი მოგვარება ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.
შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტმა ორი დღის წინ გავრცელებულ მიმართვაშიგანაცხადა:
,,ძალიან დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს თავის ეპარქიაში ჩემს შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიცირებისთვის. მე არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი. მართლაც ჯადოსნური, სიყვარულით და ინტელექტუალური და სულიერი ენერგიით სავსე ადგილია. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მე არანაირ პატიმრობას არ ვიღებ, მათ შორის შინაპატიმრობას, დაფუძნებულ უსამართლო “განაჩენებზე”.
ჩემი ამოცანაა, მქონდეს საშუალება, ვიყო თავისუფალი და გადავაადგილდებოდე საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს გისოსებიდან და სასამართლოს შუშის მეორე მხრიდან კი არ ვუყურებდე, არამედ ხელს ვართმევდე, მხარზე ხელს გადავხვევდე, თვალებში ვუყურებდე, პირადად ვუსმენდე და ძალღონე არ დავიშურო მათი ამ უბედური მდგომარეობის გადასალახად.”