ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი ცაგერში, საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ცაგერიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მას თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, მაგრამ დროისთვის, მისი მდგომარეობა სტაბილურია. – ინფორმაციას “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ავრცელებს.

ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანესთან დაკავშირებულ ცნობებს მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ეხმაურებიან.
ამბობენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
,,დღეს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ.
ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას” – ნათქვამია განცხადებაში.