ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის რიგით მესამე მფლობელი ასოციაცია “ათინათის” გამგეობის თავმჯდომარე რუსუდან ყალიჩავა გახდა. წლევანდელ ლაურეატებს შორის გამარჯვებული ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში მიმდინარე ცერემონიაზე გამოავლინეს. ადამიანის უფლებებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის ჯილდო მას შარშანდელმა გამარჯვებულმა, ასოციაცია “თანხმობის” ხელმძღვანელმა, იულია ხარაშვილმა გადასცა.წლევანდელ პრემიაზე სულ 10 ნომინანტი იყო წარდგენილი. ორგანიზატორების თქმით, დაჯილდოება სიმბოლურად ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს დაამთხვიეს.ინფორმაციისთვის, ბერტა ფონ ზუტნერის პრემია 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა “ნდობა მშვიდობისთვის”, ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა. მისი მიზანი მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების ღვაწლის დაფასებაა. ასევე საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზება და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისება.